დღეს, 23 თებერვალს, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ეროვნული გმირის, სახალხო პოეტის, მიხეილ (მიხა) ხელაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მიხა ხელაშვილი 1920-იან წლებში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი იყო.

ღონისძიება ხარაგაულის კულტურის ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელმა ნიკო წიკლაურმა ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის, ხარაგაულის #2, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან თანამშრომლობით მოამზადა.

მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს დაიბადა. მიხა ფშავიდან იყო, სოფელ ახადიდან. რამდენიმე წელი მცხეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, მერე ბარისახოში მსახურობდა მედავითნედ და დიაკვნად.

1921 წელს მიხამ დიაკვნის კაბა გაიხადა, იარაღი გადაიკიდა და მაღაროსკარის ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა. ამის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლება მიხა ხელაშვილს და მის ოჯახს მუდმივად დევნიდა. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში, ფშავსა და ხევსურეთში.

მიხა ხელაშვილს მუდმივად დევნიდნენ. მთაში მიმავალი დედამისი წამებით მოკლეს. დედის გასვენებაში რომ მივიდა, ტანზე ასაფეთქებლები ჰქონდა ასხმული და სროლა ვერავინ გაბედა.

მიხას ჰყავდა მეუღლე დედუნა ბაჩიაშვილი და ქალიშვილი – თამარი.

მიხა ხელაშვილი წერდა ლექსებს – ძირითადად, პატრიოტულს, არაერთი ლექსი მიუძღვნა უფალს და სიყვარულს. თუმცა, საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ავტორის მითითების გარეშე.

მიხა ხელაშვილი საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, ვერაგულად მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა. სხვა ვერსიით, დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.

იმ დღეს, მას შემდეგ, რაც ვახტანგ რაზიკაშვილის ბიძაშვილის სახლში იქეიფეს, მიხა ხელაშვილი საბძელში შევიდა, თივაზე დაწვა და დაიძინა. მალე თავზე ლუკა მარცვალაშვილი და ლევან გარსევანიშვილი დაადგნენ. ამბობენ, რომ ლუკას ხელი აუკანკალდა, მაგრამ ლევანმა თოფი გამოართვა და მიხას თავად დაახალა ტყვია.

მიხას ცხედარი მარხილით დუშეთის მილიციის წინ მიიტანეს. ორი კვირა ასე ეგდო დაუმარხავი, იარაღიც ზედ ჰქონდა ასხმული. მერე ერთი კაცი მიხას დას დაეხმარა, რომ ცხედარი მოეპარათ და ჩარგალის სასაფლაოზე დაუმარხავთ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოიცა მიხა ხელაშვილის ლექსების კრებულები. მისი ყველაზე ცნობილი ლექსია „ლექსო ამოგთქომ“.

2022 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ხარაგაულის ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძებაზე მოსწავლეებმა – თაზო ხაჩიძემ, დათო თაბაგარმა, მარიამ დეკანოსიძემ, ლიზი კურტანიძემ, გაბრიელ გურგენიძემ, ნინო ჩიკვაიძემ, ელენე კიკნაძემ, მაგდა მიქაბერიძემ, საბა ლიპარტიამ, ბესო მაჭავარიანმა  წაიკითხეს მიხა ხელაშვილის ლექსები.

კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებმა – ნიკო მაჭავარიანმა, სპარტაკ ლაცაბიძემ, ლუიზა კიკნაძემ, მაია ბერაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, პედაგოგმა თეა ტალახაძემ ღონისძიების მონაწილეებს მიხა ხელაშვილის ცხოვრების შესახებ შემორჩენილი მოგონებები წარუდგინეს.

ღონისძების ავტორმა ნიკო წიკლაურმა მიხა ხელაშვილისადმი მიძღვნილი საკუთარი, ხოლო ლუიზა კიკნაძემ სახალხო მთქმელის, ვიტალი ფცქიალაძის ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები – „ბინდისფერია სოფელი“ და „მრავალჟამიერი“ ანსამბლმა „ხარაგაულის ხმები“ შეასრულა, თამარ ჩიმაკაძემ და თინათინ შავიძემ კი ვიოლინოს აკომპანიმენტით გაამრავალფეროვნეს ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი საღამო.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საბჭოთა ოკუპაციის დღეებში აღინიშნება საბჭოთა იდეოლოგიასთან შეურიგებელი პიროვნების, მიხა ხელაშვილის ხსოვნის საღამო, – აღნიშნა ღონისძებაზე ნიკო მაჭავარიანმა, – მიხა ხელაშვილმა თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და საქართველოს იტორიაც ამის უტყუარი დასტურია“.