„ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული სწავლება ყველაზე მნიშნელოვანია.

გაცვლით პროგრამებში ჩართული ახალგაზრდები ცოდნასა და გამოცდილებას ვიღებთ იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენი შესაძლებლობები საკუთარ ქვეყანას მოვახმაროთ“, – ამბობს ანა თაბუკაშვილი, პრაღის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი.

ანას უცხოეთში სწავლებისა და ცხოვრების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ საუბარი ვთხოვეთ.

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ანა თაბუკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მან მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება გაცვლითი პროგრამით გადაწყვიტა.

ძიების პროცესში ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ მეგობრისგან შეიტყო. შესარჩევი ეტაპები წარმატებით დაძლია და პრაღაში სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება მოიპოვა.

„გასაუბრება ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებთან გავიარე, – გვიამბობს ანა, – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შენი რეალური მოტივაცია დაინახონ, თუ რატომ გსურს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. საელჩოსგან გაგზავნილ კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უნივერსიტეტი იღებს. ჩეხეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა, ამ პროგრამით, ყოველწლიურად 25 ქართველ სტუდენტს ეძლევა.

სწავლა 2024 წლის სექტემბერში დავიწყე და 2026 წლის ზაფხულზე დავასრულებ.

ბაკალავრის სტუდენტი ვიყავი, როცა მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში ჩავერთე – „ერასმუსისა“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროგრამებით ორი-ორი თვით პოლონეთში, ხორვატიასა და ბელგიაში ვიმყოფებოდი.

პოლონეთში ქველმოქმედებას ვეწეოდით. მოხუცთა თავშესაფარს, საბავშვო ბაღებს, სპეციალური საჭიროების ბავშვთა სახლებს ვსტუმრობდით და წარმოდგენებს ვდგამდით. ხორვატიის ერთ პატარა სოფელში ტურისტებს დაცულ ტერიტორიაზე ქცევის წესებს ვასწავლიდით. ბელგიაში ლტოლვილთა თავშესაფარში ვმუშაობდით და ბავშვებისთვის სპეციალურ აქტივობებს ვატარებდით, რომ უცხო ქვეყანაში მათი ადაპტაცია ნაკლებად სტრესული ყოფილიყო.

ახლა პრაღაში ვარ და ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების კუთხით პრაქტიკულ ცოდნას ვიღრმავებ. ჯგუფში სულ უცხო ქვეყნების ახალგაზრდები ვართ. ჩემთან ერთად სწავლობენ ამერიკელი, გერმანელი, უკრაინელი, შრილანკელი, ინდოელი სტუდენტები. თავიდანვე ადაპტაციაში ერთმანეთს ხელი შევუწყვეთ. უნივერსიტეტში არის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაში ჩართვა შეგვიძლია დამატებითი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. მე მაგალითად, ახალგაზრდული ორგანიზაცია „აისეკის“ წევრი ვარ. ეს ორგანიზაცია ლიდერული თვისებების გაძლიერებაში გვეხმარება.

ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ბევრს ვსაუბრობთ საქართველოზე, – ქვეყანაზე, რომელიც მუდმივად თვითგადარჩენის რეჟიმშია.

ვუყვებით მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ისტორიაზე, მდიდარ კულტურაზე, დამწერლობაზე, ბუნებასა და კულინარიაზე. „აისეკის“ მხარდაჭერით პრაღის რამდენიმე სკოლაში უფროსკლასელებთან საქართველოს შესახებ პრეზენტაციები მოვაწყვე.

ინგლისურ ენაზე ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სწავლა ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა, უკვე აღარ მიჭირს. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობენ. მათთან დასაქმებისთვის კი უცხო ენის ცოდნა აუცილებელია.

პრაღაში დამოუკიდებლად ცხოვრებით მეტად თავდაჯერებული გავხდი. დაუძლეველი არაფერია. თუმცა, ბევრი შრომაა საჭირო. პრაღაში სწავლის პარალელურად, საქართველოში დისტანციურად ვმუშაობ და სხვადასხვა კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას ვუწევ.

მთავარია, მიზანი დაისახო და შემდეგ იმ მიზნისკენ სწორი ნაბიჯები გადადგა. ერთი ან ორი შეცდომა არ ნიშნავს, რომ დამარცხდი და ყველაფერი დამთავრდა.

ერთადერთი, რასაც პრაღაში ვერ შევეგუე, მათი კერძებია – ძალიან მსუყე, ხორციანი საჭმელები აქვთ. მე, როგორც კულინარიის მოყვარული, ქართულ კერძებს ვამზადებ და უცხოელ მეგობრებს ხშირად ვუმასპინძლდები. ხაჭაპური, ბაჟე, მჭადი, ყველი ძალიან მოეწონათ. გაოცდნენ, როცა შეიტყვეს, რომ სიმინდისგან ფქვილი მიიღება და მჭადს, როგორც პურს, ქართველები ისე მივირთმევთ.

ევროკავშირზე ჩვენთან სხვადასხვაგვარი წარმოდგენები აქვთ. რა სიკეთეც დავინახე, იმას გეტყვით – ევროპის ქვეყნებში საგანმანთლებლო სისტემა ბევრად უფრო მდგრადია და სტუდენტებს განვითარებისთვის მრავალფეროვან რესურსს გვთავაზობს.

გამართულია ჯანდაცვის სისტემა. თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობ. თუმცა, არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. საქართველოს ბევრი რესურსი აქვს განვითარებისთვის და უსამართლობა იქნება, რომ ეს დაიკარგოს. ამიტომ ავიღოთ ის დადებითი, რაც ევროკავშირს აქვს და აქ დავნერგოთ, ევროკავშირის სიკეთეები ქართულ რეალობას უნდა მოვარგოთ“.

ნინო კაპანაძე