

ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ ხარაგაულის ორი მაღალმთიანი თემის შვიდი სოფლის მოსახლეობას მათთვის ყველაზე მოსახერხებელ და ხელსაყრელ ტრანსპორტზე წვდობა შეუზღუდა.
ახალი რკინიგზა ხაშურიდან, ქვიშხეთის გავლით, პირდაპირ მოლითს უკავშირდება და სოფლები – წიფა, ფონა, გუდათუბანი, გოლათუბანი, ზვარე, ჩრდილი და ნუნისი სარკინიგზო მაგისტრალის მიღმა დარჩა.
ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებს მუნიციპალიტეტების – ხარაგაულისა და ხაშურის ცენტრებთან საავტომობილო გზა აკავშირებს, რომელიც, მესამე წელია, შენდება. ამ გზის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება 2026 წლის სექტემბრამდე მოითხოვა. მაღალმთიან ფონაში, უხვთოვლიან ზამთარში, გზის გაწმენდის შემთხვევაშიც კი, მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება რთულია.

მოქალაქეები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას ცდილობენ.
წიფის სკოლის თანამშრომელი ლია გაჩეჩილაძე ქვიშხეთში, წიფის გვირაბის მიმდებარედ ცხოვრობს. ის ამავე სკოლის მოსწავლე შვილთან ერთად, თერთმეტი წელია, – სკოლამდე მისასვლელად – წიფაში ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით მგზავრობდა. ლია ახლა დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, წიფამდე როგორ იმგზავროს.
„ხაშური-ზესტაფონის მატარებელი ხაშურიდან დილით 07:45 საათზე გამოდის. ასე დილაუთენია, ტაქსით თუ ჩავალ ხაშურში. შემდეგ მატარებელს მოლითში უნდა ჩავყვე. მოლითიდან წიფაში, ალბათ, ისევ ტაქსით მგზავრობა მომიწევს. დღის ბოლოს კი ამავე გზით სახლში უნდა დავბრუნდე. მარტო ამის წარმოდგენით თავბრუ მეხვევა. ხელფასი, 500-მდე ლარი, ფაქტობრივად, მგზავრობაშიც არ მეყოფა.
21-ე საუკუნეში ცხოვრება წინ მიდისო, რომ გვეუბნებიან, პირიქით, უკან ვბრუნდებით, მოვწყდით გარესამყაროს და ჩიხში მოვექეცით.
ერთადერთი გამოსავალია, რომ ხაშური-ზესტაფონის მატარებელი ისევ ძველ გზაზე დააბრუნონ. მილიონობით მოგება აქვს „საქართველოს რკინიგზასო“, რომ აცხადებენ, ერთი საგარეუბნო მატარებლის შენახვა რა გახდა?! ხალხზე თუ ზრუნავს ვინმე, ასე უნდა მოიქცნენ, თუ მოსახლეობის ბედი არ აღელვებთ, ეგეც გვითხრან.
წიფა მაღალმთიანი სოფელია და აქ მცხოვრებ ოჯახებს ხელშეწყობა სჭირდებათ. აქაურების დიდი ნაწილი რკინიგზაშია დასაქმებული. წიფის სადგური თუ გაუქმდა, რკინიგზელებიც უმუშევრად დარჩებიან, ან სოფელს დატოვებენ. ისედაც დაცლილია აქაურობა“…
წიფის საჯარო სკოლაში ხაშურში მცხოვრები 14 მასწავლებელი ასწავლის. ამ სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე ამბობს, რომ ახალი რკინიგზის ამოქმედებამ მგზავრობის პრობლემა ყველას შეუქმნა.
„მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის დიდი ნაწილი უკვე რეაბილიტირებულია და იქნებ ხაშურიდან წიფამდე მიკროავტობუსი დაინიშნოს, – ამბობს გოჩა კვინიკაძე, – რამდენიმე პედაგოგი ხაშურიდან ტაქსით მგზავრობს, ზოგს საკუთარი მანქანა ჰყავს. თუმცა, ფონაში რომ ორ მეტრამდე თოვლს ჩამოყრის, არ ვიცი, მანქანა და მიკროავტობუსი როგორ ივლიან“.
გოლათუბანში მცხოვრები ნათია ფოცხვერაშვილი ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში რეგისტრატორად მუშაობს. სამსახურში ყოველ მეოთხე დღეს უწევს ჩასვლა. „გოლათუბნიდან დილის ექვსის ნახევარზე გამოვედი და მოლითამდე რვა კილომეტრი ფეხით ვიარე, რომ მატარებელს ხაშურში წავყოლოდი, – ამბობს ნათია, – თან მეშინოდა, ზამთარია და სადმე ნადირი არ შემხვდეს-მეთქი. ხაშურიდან უკან დაბრუნებულმა საღამოს იგივე გზა ისევ ფეხით გავიარე. არ ვიცი, როდემდე შევძლებ, თუმცა, სამსახურის დაკარგვა ძნელია“.
ახალი რკინიგზის მიღმა დარჩა სოფელ ჩრდილის ბაქანი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ჩრდილელმა ემზარ ჩაჩანიძემ საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით ააშენა. ემზარ ჩაჩანიძის ქალიშვილი რუსუდან ჩაჩანიძე ამბობს, რომ ჩრდილი-ზვარის ტერიტორიაზე ახალი ბაქანის მშენებლობის მოთხოვნით „საქართველოს რკინიგზას“ 2021 წელს წერილობით მიმართა. ამ წერილს ხელს ზვარის თემის სოფლებში მცხოვრები 450 მოქალაქე აწერს.
„რკინიგზის წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ მდგომარეობას და გვითხრეს, რომ ახალი რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადაწყვეტენ, ახალი ბაქანი ააშენონ თუ არა.
ახალ რკინიგზაზე გადასვლამ იზოლაციაში მოგვაქცია. ყოველდღიური საჭიროებისთვის – საჭმელისა და წამლების შესაძენად ხაშურსა და ხარაგაულში წასვლა გაგვიძნელდა. მოსახლეობა აღშფოთებულია, მაგრამ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას ერიდებიან. მეტი რაღა უნდა მოხდეს, არ ვიცი.
ზვარეს თემის სოფლები მოლითიდან შვიდი-ათი კილომეტრითაა დაშორებული და ზამთარში ამხელა გზის გავლა ფეხით ძნელია. ტაქსის დაქირავება 30 ლარზე ნაკლები არ ღირს“.

რას ჰპირდება წიფის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება
წიფის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ტალახაძე ამბობს: „ცუდია, რომ მოსახლეობა მატარებლის გარეშე დარჩა, მაგრამ რას ვიზამთ, ახალი გვირაბი გაკეთდა და ქვეყანა ვითარდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი შეგვპირდა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება ფონა-წიფა-მოლითისა და ფონა-ხარაგაულის მიმართულებით. ვახანიდან ხაშურში კერძო მიკროავტობუსი დადის. მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნამდე მოსახლეობა იმით ისარგებლებს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ წიფას მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მიზნით ბაზრის კვლევა მიმდინარეობს. ის ზუსტ დროს, როდის დაინიშნება წიფის მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი, ვერ ასახელებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ზურაბ იჩქიტიძის ინფორმაციით, ორი კვირა მარტო ტენდერის ჩასატარებლად არის საჭირო. სავარაუდოდ, ეს საკითხი იანვრის ბოლომდე ვერ გადაწყდება.
ამჟამად მუნიციპალური ტრანსპორტი ნუნისი–ჩრდილი–ზვარე–მოლითის მიმართულებით – კვირაში 3 დღე (ორშაბათი-პარასკევი-კვირა) დადის.
ხარაგაული–ზვარე–ხარაგაულის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს კვირაში 5 დღე, ივლისისა და აგვისტოს გარდა.
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების ძველ ხაზზე დაბრუნებას, ამ ეტაპზე, არ განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბში, ინფორმატიკის ეროვნული ჩემპიონატების
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი