

ირინე ჩხეიძემ ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და 8 აპრილიდან ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორად, ასევე – მოსწავლეთა სახლში საბავშვო თეატრალური წრის ხელმძღვანელად დაინიშნა.
როგორ იქმნება ხარაგაულში საბავშვო თეატრი და რამდენად შეიცვლება ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება, – ამის შესახებ თავად ქალბატონი ირინე გვესაუბრება:
– საბავშვო თეატრი ხარაგაულში პირველ ნაბიჯებს დგამს. ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შეიქმნა თეატრალური წრე, რომელშიც 15-მდე მოსწავლე ჩაერთო და მათთან აქტიურად ვმუშაობ. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ხარაგაულში და მათი ნიჭი უნდა განვავითაროთ. ჯერჯერობით, ეტიუდებს ვაკეთებთ. ეს მათთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
– როგორ შეარჩევთ მსახიობებს საბავშვო თეატრისთვის?
– ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული – 2026“ ფარგლებში ჩატარდა კონკურსი „მომავალი მსახიობი“. თეატრალურ წრეზე ამ კონკურსის რამდენიმე მონაწილე მოვიწვიე, თეატრით დაინტერესებული რამდენიმე მოსწავლე თვითონ მოვიდა. მათთან სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავებ – ეს იქნება ეტიუდების მომზადება; მეტყველების, სასცენო მოძრაობების დახვეწა; თეატრის ისტორიის შესახებ თეორიულ მასალას გავივლით. შემოდგომიდან უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და პირველ საეტაპო სპექტაკლს დავდგამთ.
საბავშვო თეატრის სპექტაკლებში, ძირითადად, თეატრალური წრის მოსწავლეები ჩაერთვებიან. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სპექტაკლში ასევე სხვა ბავშვები და ჩვენი თეატრის მსახიობები მოვიწვიოთ. ძალიან მეხმარებიან მოსწავლეთა სახლის სხვადასხვა წრის მასწავლებლები და ეს მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– რა გზის გავლაა საჭირო იმისათვის, რომ მსურველმა და სამსახიობო მონაცემების მქონე მოზარდმა კონკრეტული როლის მორგება და სცენაზე გამოსვლა შეძლოს?
– თეატრში მეტყველება უმნიშვნელოვანესია, ასევე – სასცენო მოქმედებები. მსახიობი უნდა იყოს თავისუფალი. ძალიან კარგია, თუ მოსწავლე ცეკვავს ან მღერის. აუცილებელი არ არის, მოცეკვავე ან მომღერალი იყოს. თუმცა, მსახიობს სმენა და პლასტიკა სჭირდება. თუ სპექტაკლში აუცილებელია გამოვიყენო მუსიკალური ნომრები და ვფიქრობ, ეს აუცილებლად დაგვჭირდება, ძალიან მეხმარება მუსიკის პედაგოგი დარეჯან გვაძაბია. მასთან მუშაობის გამოცილება უკვე მაქვს. 14 წლის წინ ერთად ვიმუშავეთ სპექტაკლზე „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ და შესაძლებელია, ეს სპექტაკლი აღვადგინო.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის შექმნაზე ვოცნებობდი, ერთ დიდ ჩანთაში ვაგროვებდი ხელზე ჩამოსაცმელ თოჯინებს. წინა მეცადინეობაზე ბავშვებთან წავიღე. ნეტავ იცოდეთ, როგორ გაიხარეს. ამ თოჯინების მიხედვით პატარა მინიატურების მომზადება დავავალე და ახლა მოუთმენლად ველოდები შემდეგ გაკვეთილს.
– თქვენთვის რას ნიშნავს საბავშვო თეატრის შექმნა და მოზარდებთან მუშაობა?
– ვფიქრობ, ეს იქნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაბიჯი. 22 წელია, სცენიდან არ ჩამოვსულვარ, ყველა კულტურულ ღონისძიებაში უშუალოდ ვიყავი ჩართული. ახლა კი მინდა, რომ მთელი ჩემი ენერგია მომავალ თაობას მივუძღვნა. მინდა, რომ ხარაგაულში იყოს საბავშვო თეატრი, რომელიც ფესტივალებში ჩაერთვება და თავის სიტყვას იტყვის. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, 2015 წელს საბავშვო სპექტაკლით „სათაგური“ პირველი ადგილი ავიღეთ საბავშვო თეტრალურ ფესტივალში. აუცილებლად გავაცოცხლებ ამ სპექტაკლსაც.
ძალიან საინტერესო და სახალისოა ბავშვებთან მუშაობა. ისინი ყველაფერს სწრაფად ითვისებენ. „სათაგურში“ თვითონ ავარჩიე მონაწილეები. ბევრი ვიმუშავეთ მეტყველებაზე, ქორეოგრაფ ზაზა ლურსმანაშვილთან ერთად ვმუშაობდით. თითოეული ფრაზის გამოთქმაზე, თითოეულ მიმიკასა და მოძრაობაზე დიდი შრომა გვიწევდა.
– როგორც ვიცით, პირველკლასელმა ირინე ჩხეიძემ „წითელქუდა“ დადგა და მთავარი როლიც შეასრულა, ასევე მე-7 კლასში დეკლამატორთა რესპუბლიკურ ფესტივალში I ხარისხის დიპლომი დაიმსახურეთ – თქვენი მომავალი ამ მოვლენებმა განაპირობა?
– დიახ, 7-8 წლის ასაკში დავდგი პირველი სპექტაკლი და ეს იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღებშიც ჩავატარეთ. 8 წლიდან ვდგავარ სცენაზე, ვიყავი დეკლამატორი; კონცერტები, აღლუმები მიმყავდა, საჯაროდ გამოვდიოდი. შემდეგ ვმუშაობდი ხარაგაულის კულტურის ცენტრში თამაზ კიკნაძესთან და მაშინ შევასრულე ჩემი პირველი როლი – კაროჟნა „დარისპანის გასაჭირში“. შემდეგ თბილისში გადავედი სამუშაოდ. 2004 წელს დავბრუნდი ხარაგაულში. იმერეთის თეატრალური ფესტივალი იწყებოდა და რეჟისორი არ გვყავდა. რეჟისორის დაქირავება ძალიან ძვირი იყო. რაღაცნაირად, გამოუვალ სიტუაციაში ჩავვარდი და დავდგი „ნატვრის ხე“, მანამდე დადგმული მქონდა საბავშვო სპექტაკლი „ლექსო, არ დაიკარგები“. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. ხარაგაულის თეატრს იცნობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და ამით ძალიან ვამაყობ. ვინც გვიცნობს, ყველამ იცის, რომ ხარაგაულის თეატრი მაღალი დონის თეატრია.
– ზოგადად, რას მისცემს მოზარდებს საბავშვო თეატრი?
– თეატრი არის სინთეზური კულტურა და მოიცავს ქორეოგრაფიას, მუსიკას, პლასტიკას, ლიტერატურულ ნაწილს. თეატრში დაკავებული ახალგაზრდები მოწყდებიან სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ მოწყობილობებს, იმუშავებენ საკუთარ თავზე, გაიზრდებიან კეთილშობილი ადამიანები. ხელოვნება ადამიანს თვითჩაღრმავებისა და ფიქრისკენ მოუწოდებს და ეს ადამიანს სულიერად ზრდის.
– რა სიახლეებია იმერეთის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით, რომელი სპექტაკლით უნდა წარსდგეს ხარაგაულის თეატრი?
– ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, იტალიელი დრამატურგის დარიო ფოს პიესის „ძარცვა იტალიურად“ მიხედვით. ბოლო წლებში წარმოვადგინეთ სპექტაკლები, კონკრეტული სათქმელით. ამჯერად, თავს უფლება მივეცით, დავდგათ კომედია ფარსი, – ცოტა განვიტვირთოთ და მაყურებელსაც დასვენების შესაძლებლობა მივცეთ. ბევრჯერ ვითამაშეთ ტრაგიკომედია, დრამა, მაგრამ კომედია ფარსი არასოდეს დაგვიდგამს. ასეთ სპექტაკლში სიტყვა კი არ იწვევს ადამიანის სიცილს, არამედ ქმედება, მოქმედება უნდა იყოს ძალიან კარგი. ვნახოთ, ხარაგაულის თეატრალური დასი და თქვენი მონა მორჩილი რეჟისორი როგორ დავძლევთ ამას.
ივნისში იმერეთის თეატრალური ფესტივალი შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, – მუნიციპალური თეატრები ერთმანეთის სცენებზე ითამაშებენ სპექტაკლებს. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო თეატრი ჩამოვა, ჩვენი სპექტაკლი კი ქუთაისში გაიმართება. ჩვენი სპექტაკლის პრემიერა შედგება ხარაგაულშიც.
სექტემბერში მეორედ მივიღებთ მონაწილეობას ხულოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. ეს არის ალპური ზონების ფესტივალი, მასში მონაწილეობენ მაღალმთიანი რეგიონების თეატრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
– ხარაგაულელი მაყურებლისთვის რა და როგორ შეიცვლება ხარაგაულში საბავშვო თეატრის შექმნითა და მუდმივმოქმედ რეჟისორად თქვენი დანიშვნის შემდეგ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ოქტომბერში ახალ სპექტაკლზე დავიწყებთ მუშაობას. წელიწადში ორი ახალი სპექტაკლი მინდა რომ დავდგათ. გვინდა, სპექტაკლი კვირაში სამჯერ მაინც გავმართოთ, მაყურებელი მოვიზიდოთ მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც. თოჯინების თეატრიც განახლებას მოითხოვს. ჩვენ თვითონაც უნდა გავიდეთ სოფლებში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა. თეატრალურ ფესტივალებში უნდა ჩავერთოთ – როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება უფრო სისხლსავსე უნდა გავხადოთ. ამაში, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა გვჭირდება და მგონია, რომ მხარდაჭერა გვექნება.
თამთა გოგოლაძე
25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების
პირველ ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი 2026“ 24 ივნისიდან
ირინე ჩხეიძემ ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და 8 აპრილიდან ხარაგაულის […]
გასულ კვირას ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარე სკვერში მიწა ჩაიშალა და სკვერში