30 წლის წინ კავკასიაში პირველი – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დაარსდა. 1995 წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით დაიწყო ამ პარკის ისტორია. მის დასაფუძნებლად, პირველ ეტაპზე, გერმანიის მთავრობამ 5 მილიონი მარკა გამოყო გრანტის (საჩუქრის) სახით.

ეს თანხა პარკის მიმდებარე ექვს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, დამხმარე ზონის შექმნას, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებდა. ეროვნული პარკის მართვა კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაევალა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ექვსი მუნიციპალიტეტის – ბორჯომის, ხარაგაულის, ბაღდათის, ხაშურის, ახალციხის, ადიგენის ტყეებს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი107 083 ჰექტარია. ყველაზე დიდი ტერიტორიით – 78 ათასი ჰა – ამ პარკში ხარაგაულის მუნიციპალიტეტია წარმოდგენილი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები ბორჯომსა და ხარაგაულშია განთავსებული.

ეროვნული პარკის დაარსების ისტორიისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საუბარი ვთხოვეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მისი შექმნის სათავეებთან იდგნენ.

 

ეროვნული პარკის შექმნა – ერთადერთი შანსი უნიკალური ბუნების გადასარჩენად

ნინო ჩხობაძე იმ პერიოდში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი იყო. ის იხსენებს, რომ საქართველოში ეროვნული პარკების, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის იდეა 1992 წელს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობაში“ დაიბადა. ეს იდეა იმ დროს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, გერმანიის ვიცე-კანცლერს, ჰანს-დიტრიხ გენშერს გააცნეს.

1995 წელს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით საქართველოში პირველი ეროვნული პარკი დაფუძნდა. 1996 წელს გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გერმანიისგან 5 მილიონი მარკის გამოყოფის თაობაზე. ეს თანხა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW) გამოყო. საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით პროექტებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი ახორციელებდა.

1999 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ოფიციალურად ამოქმედდა, ხოლო 2003 წლის 8 ივნისს პირველი ტურისტული სეზონი გაიხსნა.

„მახსოვს, ბევრს ვკამათობდით პარკის სახელზე, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – ხარაგაულის მაშინდელ გამგებელს, ნოდარ ებანოიძეს, სურდა, რომ „ხარაგაული-ბორჯომის ეროვნული პარკი“ დაგვერქმია. თუმცა, საბოლოოდ, რადგან ბორჯომში ნაკრძალი არსებობდა და დაცული ტერიტორიის მართვის გამოცდილება ჰქონდათ, პარკს „ბორჯომ-ხარაგაულის“ ეწოდა.

ეს პარკი უშუალოდ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს მთავრობა მაშინ ამას ვერ შეძლებდა. კავკასიის შუაგულში მდებარე ამ ეროვნული პარკის შექმნა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს ადგილი გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებით. იმ პერიოდში, ფაქტობრივად, უკონტროლოდ იჭრებოდა ტყეები, გადაშენების პირას იყო ირემი. ეროვნული პარკის შექმნა იყო ერთადერთი შანსი ამ უნიკალური ბუნების გადასარჩენად და დასაცავად. ეროვნული პარკის შექმნას ტურიზმის განვითარების კუთხითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

პარკის დაარსების პირველ წლებში ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდ წინააღმდეგობას ვხვდებოდით. ამიტომ ხშირად ჩამოვდიოდით ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში და მოსახლეობას დაცული ტერიტორიის შექმნის სამომავლო სიკეთეებსა და სარგებელზე ვესაუბრებოდით.

მოსახლეობას ეროვნული პარკის ტერიტორიიდან საშეშე მერქნის კანონიერად მოპოვების უფლება არასდროს შეზღუდვია. აიკრძალა ტყის უკანონო ჭრა და ნადირობა. ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობას შეეძლო ფიჩხის შეგროვება, ტყის ხილისა და სოკოს მოპოვება, საქონლის ძოვება, სათიბების გამოყენება და სხვ.“

 

გერმანიის მთავრობამ საუკეთესო ქართულ ეროვნულ იდეას დაუჭირა მხარი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოსაზღვრე სოფლებში მოსახლეობაში დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ტერიტორია გერმანელებმა იყიდეს და ტყეში აღარავის შეუშვებდნენ.

მოსახლეობის სწორად ინფორმირების მიზნით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით, ეროვნული პარკის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდა; მათ შორის ხარაგაულში – „III პლანეტა“. ამ ორგანიზაციას სათავეში გიორგი გელაშვილი ჩაუდგა.

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო, – ამბობს გიორგი გელაშვილი, – „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან თანამშრომლობით ვამზადებდით ყოველთვიურ სპეციალურ საგაზეთო ჩანართს, სადაც პარკის შესახებ, სამომავლო გეგმებსა და იმ სიკეთეებზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია, რაც პარკის მიმდებარე სოფლებში ხორციელდებოდა და იგეგმებოდა.

ვატარებდით კონფერენციებსა და კონკურსებს მოსწავლეებისთვის, ტრენინგებს მასწავლებლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

დიდი ეროვნული საქმე გააკეთა გერმანიის მთავრობამ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსებაზე ხელშეწყობით. პირველ რიგში, ტყე და ცხოველთა სამყარო გაჩანაგებას გადაურჩა. ველური ბუნების დაცვა და მართვა დაიწყო იმ ხერხებითა და მეთოდებით, როგორც ეს ცივილიზებულ, ევროპულ სახელმწიფოებშია“.

 

ადამიანებს გაუჩნდათ იმედი, რომ განვითარების გზას დავადგებოდით

ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გერმანიის მთავრობისგან გამოყოფილი გრანტით დაიწყო. ეს თანხა სკოლებისა და სოფლების ცენტრების რემონტებზე, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მაშინ, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით,  განხორციელდა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები:

– გარემონტდა ხარაგაულის #2, ლეღვნისა და მარელისის დაწყებითი, მოლითის, კიცხის, ზვარის, საღანძილის სკოლების შენობები; ხიდრის, ვახანის, მარელისის ადმინისტრაციული ცენტრები; ფარცხნალის კულტურის სახლი;

– მოასფალტდა ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზა, რომლის გახსნაზეც საქართველოში გერმანიის ელჩი უვე შრამი იმყოფებოდა;

– აშენდა ლეღვან-ხარაგაულის ცენტრალური წყალსადენის სისტემა.

საგრანტო დაფინანსება საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდისგან ნაწილდებოდა. ამ ფონდის აღმოსავლეთ საქართველოს ზონის მაშინდელი მენეჯერი ნონა ჭიჭინაძე ამბობს, რომ გერმანიის მთავრობისგან დაფინანსების გამოყოფამ ადამიანებს გაუჩინა იმედი, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყებოდა და განვითარების გზას დავადგებოდით.

დამხმარე ზონის პროექტებიდან ერთ-ერთი ეროვნული პარკის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება იყო. ხარაგაულის წყალკანალის მაშინდელი დირექტორი სოსო დავაძე ამბობს, რომ ლეღვნიდან ხარაგაულის ჩათვლით წყალსადენის ახალი ცენტრალური სისტემა აშენდა. ამით მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა. წყალი ისეთ უბნებში შეიყვანეს, სადაც იმ დრომდე არასდროს ყოფილა. წყალსადენის ქსელში საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობა ჩაერთო. ნალექიან პერიოდში წყალი მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდებოდა.

„გარდა ამისა, სისტემატურად გვიტარდებოდა ტრენინგები, – ამბობს სოსო დავაძე, – გერმანელი ექსპერტები ზრუნავდნენ, რომ მაქსიმალური ცოდნა მიგვეღო, თუ როგორ უნდა მიგვეწოდებინა სუფთა წყალი მოსახლეობისთვის ისე, როგორც ამას ევროპული სტანდარტი ითვალისწინებს“.

 

ეროვნული პარკის შექმნის მიზანი მიღწეულია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შეიქმნა ადმინისტრაცია, დამხმარე ზონის, დაცვის, ეკოგანათლების, კვლევა-მონიტორინგისა და ვიზიტორთა სამსახურები.

ამ პარკის პირველი დირექტორი ზვიად გოცირიძე იყო, მისი მოადგილე ტარიელ ხიჯაკაძე. სხვადასხვა წლებში ეროვნულ პარკს ხელმძღვანელობდნენ თომა დეკანოიძე, ლევან თაბუნიძე. ამჟამად მისი დირექტორია ლევან საბანიძე.

ეროვნული პარკის მენეჯმენტი და მართვის სისტემა წლების განმავლობაში იცვლებოდა. 2007 წლიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის ველური ბუნების დაცვის ორგანიზაცია PAN-Park-ის წევრი გახდა. 30 წლის განმავლობაში ეს ეროვნული პარკი ველური ბუნების მოყვარულმა ათი ათასობით ტურისტმა დალაშქრა საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

იუზა ვეფხვაძემ მუშაობა ეროვნულ პარკში 1999 წელს დამხმარე ზონის სამსახურის უფროსად დაიწყო. ამ სამსახურის მიზანი მოსახლეობისგან საჭიროებების მოსმენა და მათგან წამოსული პროექტების დამხმარე ზონაში დაგეგმვა და მენეჯმენტის გეგმის გაცნობა იყო.

იუზა ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ გერმანიის მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ვერ დაარსდებოდა.

„ამ პარკის დაფუძნებას, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, სათავეში ჩაუდგნენ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი, მისი დირექტორი გიორგი სანადირაძე და ამ ფონდის წარმომადგენლები. იმ წლებში ხალხი ტყეს იყო შესეული და თავის ნებაზე ჭრიდა. ცხოველები, უკანონო ნადირობის გამო, გადაშენების პირას მივიდნენ.

ეროვნული პარკის დაარსების მთავარი მიზანი – ეკოსისტემის შენარჩუნება და ტურისტების მოზიდვა, – ვფიქრობ, მიღწეულია“.

 

ტურისტების შემოსვლა ხარაგაულში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს უკავშირდება

ეროვნული პარკის ვიზიტორთა სამსახურს წლების განმავლობაში ხათუნა მანჯავიძე ხელმძღვანელობდა.

„ტურისტების შემოსვლა ხარაგაულში ეროვნული პარკის ჩამოყალიბებას უკავშირდება, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – როგორ მიგვეღო ტურისტები, რა უნდა შეგვეთავაზებინა მათთვის და როგორ, ამ საკითხებზე გერმანელი კონსულტანტები ხშირად გვსტუმრობდნენ და ტრენინგებს გვიტარებდნენ.

მეც ვიმყოფებოდი გერმანიაში ბერხტესგადენის ეროვნულ პარკში გამოცდილების გასაზიარებლად. იქედან ჩამოსულმა არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელე. კარინ შტაინმეტცერი იყო ჩვენი კონსულტანტი, რომლის დახმარებითაც გამოვეცით ბუკლეტი და სხვადასხვა ღონისძიებები დავგეგმეთ.

მაშინ ხშირად ისმოდა შეკითხვა – რატომ არის გერმანია დაინტერესებული საქართველოში ეროვნული პარკის შექმნით, რა ესაქმებათ მათ ხარაგაულსა და ბორჯომში?! პასუხი მარტივია, გერმანელები, ისევე როგორც ევროპული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ფიქრობს, რომ დედამიწა ერთია და მის ეკოსისტემას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. ბუნებრივი კატაკლიზმები საერთო და გლობალური პრობლემაა. სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან მუშაობით ადამიანები მეტ-ნაკლებად დავარწმუნეთ, რა სარგებელის მოტანა შეეძლო ეროვნულ პარკს“.

 

სასტუმრო „მარელისმა“ ასობით უცხოელ ტურისტს უმასპინძლა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გერმანიის მთავრობის გრანტით ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა დაფინანსდა. მარელისში შეიქმნა საოჯახო სასტუმრო „მარელისი“. ამ სასტუმროს 2004 წლიდან მარელისელი გიორგი მაღრაძე ჩაუდგა სათავეში და 2004-2008 წლებში ასობით ტურისტი მიიღო საქართველოს სხვადასხცა კუთხიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან.

2008 წლის აგვისტოს ომმა, შემდეგ კორონავირუსის პანდემიამ სასტუმროს ფუნქციონირება შეაფერხა. გიორგი მაღრაძე ამბობს, რომ ახლა სასტუმრო განახლებას საჭიროებს. მას კი ამის ფინანსები არ აქვს.

„სასტუმროს შთაბეჭდილების წიგნი სავსეა კმაყოფილი ტურისტების ჩანაწერებით, – ამბობს გიორგი მაღრაძე, – ყოველ ტურისტზე იმ წლებში ათ ლარს ეროვნული პარკის ანგარიშზე ვრიცხავდი. შემოსავალი მეც კარგად მქონდა.

სასტუმრო ეროვნული პარკის ბალანსზეა და რამდენიმე წელია, პარკის ადმინისტრაცია მპირდება, რომ აუქციონს გამოაცხადებს მის იჯარით გაცემაზე. თუმცა, ჯერჯერობით, სიახლე არ ჩანს. იჯარით აღების შემდეგ სასტუმროს მართვას და ტურისტების მიღებას გავაგრძელებ, მის კეთილმოწყობასა და რეკლამირებაზეც ვიზრუნებ“.

 

სკოლებში სარემონტო სამუშაოები კი არა, ხელფასი ვერ რიგდებოდა

საღანძილის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა დავით კიკნაძე, პირველად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ რომ შეიტყო. ყველაზე მნიშვნელოვნად ის ამ ეროვნულ პარკში ველური ბუნების შენარჩუნებას მიიჩნევს.

„1936 წელს აშენებული საღანძილის სკოლა 66 წლის შემდეგ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა, – ამბობს დავით კიკნაძე, – ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, – ეს იყო ძალიან დიდი საქმე, რადგან მაშინ სკოლებში სარემონტო სამუშაოები კი არა, ხელფასი ვერ რიგდებოდა. გერმანიის მთავრობის დაფინანსებით დიდი საქმე გაკეთდა.

საღანძილის საკრებულოს მდივანი ვიყავი და ტრენინგები გვიტარდებოდა, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონოდა პარკის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ეს ტრენინგები მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ეროვნული პარკის მიზნების შესახებ სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ადამიანებისთვის.

ხარაგაულში ტურიზმის განვითარებას ჩაეყარა საფუძველი და ეროვნული პარკის შექმნა ამითაც არის მნიშვნელოვანი. უცხოელი ტურისტების დიდ ნაწილს ველურ ბუნებაში ლაშქრობები ხიბლავს. მათ ეროვნულ პარკზე მოსაზღვრე სოფლებში მაცხოვრებლები მასპინძლობენ და ეს მათთვის შემოსავლებისა და ეკონომიკური სარგებელის მომტანია“.

 

რას გვთავაზობს ეროვნული პარკი ტურისტებს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ამჟამად 12 მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია. მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. ამ პარკში ლაშქრობის მსურველები დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 599 747 919.

ნინო კაპანაძე