
შემოდგომის სეზონის დადგომასთან ერთად ვირუსული ინფექციების რისკი იზრდება. ვირუსებისგან თავდაცვის ერთ-ერთი გზა სეზონურ გრიპზე იმუნიზაციაა. იმუნიზაციის პროგრამას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.
როდის დაიწყება სეზონურ გრიპზე აცრები, რა მდგომარეობაა ხარაგაულში რუტინული აცრების კუთხით, – ამ და ხარაგაულის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს ვესაუბრეთ.
„ხარაგაულში რუტინული აცრების კუთხით კარგი მდგომარეობაა, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – თუმცა ქალაქებში გეგმიური იმუნიზაციის მაჩვენებელი დაბალია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დავავალეთ, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მშობლებთან ინტენსიური შეხვედრები გამართონ.
მშობლებს კვალიფიციური, მეცნიერულ კვლევებზე დასაბუთებული ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ აცრების მნიშვნელობაზე. სოციალური ქსელით გავრცელებული ანტივაქსერული განცხადებები იმუნიზაციის პროცესს ძალიან აზიანებს. პირველ რიგში კი, აუცრელი ბავშვების ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული საინფორმაციო კამპანიაში. ოჯახის ექიმებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სექტემბერ-ოქტომბერში მოსახლეობას ადგილებზე შევხვდებით, ვაქცინების უსაფრთხოებისა და მათი ეფექტურობის შესახებ სასაუბროდ.
სეზონური გრიპი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ჯანდაცვის სამინისტროდან, ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია სეზონური გრიპის ვაქცინაციის შესახებ არ გვაქვს. თუმცა, გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვაქცინები ოქტომბერში გვექნება და აცრებიც დაიწყება.
პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები (ექიმები, მასწავლებლები, დიაბეტით დაავადებულები, დიალიზზე მყოფი პირები და სხვ.) აიცრებიან. ამჟამად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუნიციპალიტეტში ასაცრელთა რაოდენობას ადგენს.
გასულ, 2024 წელს სეზონურ გრიპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 300 პირი აიცრა. სეზონურ გრიპზე აცრის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და სოფლის ამბულატორიებს. სეზონურ გრიპზე მოსახლეობისთვის აცრა უფასოა“.
ხარაგაულში, ისევე როგორც მის მსგავს სხვა მუნიციპალიტეტებში, სოფლის საექიმო ამბულატორიები, სადაც პაციენტს ექიმთან პირველი შეხება აქვს, ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ხარაგაულის საავადმყოფოში, უმეტესად, მოწვეული ექიმები მუშაობენ. ამიტომ პრობლემაა სპეციალისტების მუდმივად ადგილზე ყოფნა.
„სოფლის საექიმო ამბულატორიები „სამედიცინო ჰოლდინგის“ დაქვემდებარებაშია და ოჯახის ექიმების პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებს, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ექიმებს სიახლეებს მუდმივად აცნობენ. ამბულატორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მაღალმთიან სოფლებში დაიწყო და ეს პროცესი ყველგან გაგრძელდება.
რეგიონებში დიდი პრობლემაა ექიმების დეფიციტი. ამიტომ სოფლის ამბულატორიის ექიმები, პარალელურად, სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც მუშაობენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ოჯახის ექიმად მუშაობის სურვილი არ აქვთ. ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტებში აბარებენ, სპეციალობად ნევროლოგიას, ნეიროქირურგიას, რეანიმაციას, ანესთეზიოლოგიას ირჩევენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება და ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა დაუფინანსოს რეზიდენტურაში სწავლა იმ ხარაგაულელ სტუდენტებს, რომლებიც ოჯახის ექიმობას აირჩევენ და შემდგომ აქ ადგილებზე იმუშავებენ.
ჯანდაცვის სფეროში ყველაზე დიდი გამოწვევა დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა. გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის დასაძლევად ვიწრო სპეციალისტები სოფლებში პერიოდულად უფასო სამედიცინო აქციებს ატარებენ.
„ხარაგაულის საავადმყოფოს მენეჯერი დიმიტრი კოჩაძე ამ მიმართლებით ძალიან აქტიურად მუშაობს, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – სამედიცინო აქციები ხარაგაულში, ფაქტობრივად, ერთადერთი გზაა სპეციალისტების დეფიციტის დასაბალანსებლად.
მიმაჩნია, რომ ადგილზე, ხარაგაულის საავადმყოფოში, ყველა სპეციალისტის მუდმივად ყოფნა აუცილებელი არ არის. შესაძლოა, დღეები გავიდეს და იმ ექიმს პაციენტმა საერთოდ არ მიაკითხოს. ეს მის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს. საავადმყოფოს მართვაში ვერ ჩავერევი, თუმცა, ყველაზე კარგია, მოსახლეობამ იცოდეს, კონკრეტულად რომელ დღეს, რომელ საათზე მოვა ესა თუ ის სპეციალისტი ხარაგაულის საავადმყოფოში“.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში ამჟამად მსჯელობენ ბორითის საავადმყოფოს პალიატიურ მომსახურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. ისინი საავადმყოფოს ინფრასტრუქტურას შეისწავლიან. ჯანდაცვის სისტემაში შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება ინერგება – საავადმყოფო გარკვეული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში მიიღებს დაფინანსებას. ამის მიხედვით, შესაძლოა, ზოგი საავადმყოფოს დაფინანსება შემცირდეს, ზოგის – გაიზარდოს.
გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. მოქალაქეები დროულად უნდა ჩაერთონ უფასო სკრინინგ და მკურნალობის პროგრამებში.
„დაავადებების დროულად აღმოსაჩენად, საქართველოს რეგიონებში სკრინინგ აქციები იმართება, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადების მართვა ადვილია და დანახარჯებიც მცირეა.
სოფლებში სკრინინგ აქციები იმერეთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ. სექტემბერში ბორითის კლინიკაში საშვილოსნოს ყელის კიბოს, ძუძუს კიბოს, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ჩატარდა. კლინიკაში მოსულ პაციენტებს შარდმჟავისა და გლუკოზის ანალიზი ჩაუტარდათ, ასევე C ჰეპატიტსა და შიდსზე ტესტირება“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულში რუტინული აცრებისა და სეზონური გრიპის ვაქცინაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში ავსტრიის, ბელგიის,
ხარაგაულში ახალგაზრდული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდული
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო
შემოდგომის სეზონის დადგომასთან ერთად ვირუსული ინფექციების რისკი იზრდება. ვირუსებისგან თავდაცვის ერთ-ერთი გზა სეზონურ გრიპზე იმუნიზაციაა. იმუნიზაციის პროგრამას დაავადებათა კონტროლისა და […]
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების