
„საბავშვო ბაღი სოხუმში დავამთავრე, რუსულად ვსაუბრობდი, ქართულად მხოლოდ ერთი-ორი სიტყვა ვიცოდი. ევა გაბუნია იყო სკოლაში ჩვენი პირველი მასწავლებელი. მე ქართული არ ვიცოდი, მან – რუსული. ვერაფერი გამაგებინა, გამაბრაზა და რუსულად შევაგინე. მიხვდა, რომ შევაგინე და დედაჩემს უთხრა, – ასე დამამახსოვრდა ჩემი პირველი გაკვეთილი, – ღიმილითა და სითბოთი გაიხსენა ალექსანდრე (საშა) მეტრეველმა მოსწავლეობის პირველი დღე სკოლის დამთავრებიდან 55 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ა/კ რკინიგზის ხარაგაულის #10 (ახლანდელი ხარაგაულის #3) სკოლა 1970 წელს 46-მა მოსწავლემ დაამთავრა. 55 წლის შემდეგ, 14 მათგანი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
„სკოლის დამთავრებიდან 45 წლისთავზეც შევიკრიბეთ, – ამბობს ლუიზა კიკნაძე, – მაშინ ჩვენი კლასელები ნათელა დეკანოსიძე და ზურაბ ბაბლიძე ცოცხლები იყვნენ, ყოველ დილით სამსახურთან ჩამომივლიდნენ და თანაკლასელებს ერთად ვპატიჟებდით. ახლა შეკრების ორგანიზატორი მხოლოდ მე დავრჩი და ძალიან განვიცდი.
ჩვენი კლასი „ა“ და „ბ“ კლასებად იყო გაყოფილი. მე „ბ“ კლასში ვსწავლობდი, ჩვენი დამრიგებელი ფიზიკის მასწავლებელი ავთანდილ ბანცაძე იყო, „ა“ კლასის – ფრანგული ენის პედაგოგი ჰერა ლომსაძე.
არაჩვეულებრივი მასწავლებლები გვყავდა. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის. ჩვენი სკოლის დირექტორი მიშა გაბუნია იყო, სასწავლო ნაწილის გამგე – ზაქარია შარიქაძე. მათემატიკას დოვრეთი ნიკოლეიშვილი გვასწავლიდა, ქართულს – ია ოყროშიძე და მერი გიორგიძე, ისტორიას – გუგული ინარიძე, ქიმიას – ნათელა იოსელიანი, რუსულს – ნინა ნავროზაშვილი, შრომას – ტრიფონ ჭუმბურიძე, მეფუტკრეობას – მამია კვაშილავა.
მე და ზიზილო გაბუნია მეორე კლასიდან ერთ მერხზე ვისხედით. ჩვენს უკან ვლადიმერ გელაშვილი იჯდა. ზიზილო მათემატიკას შესანიშნავად სწავლობდა. ერთხელ მასწავლებელმა დაფასთან გამოიძახა. წამოდგა ზიზილო და მიდის; მივყვები მეც, – ვლადიმერ გელაშვილს ნაწნავებით გადავუბივართ ერთმანეთზე.
ძალიან ცელქი იყო საშიკო ვეფხვაძე, – გარდაცვლილია სამწუხაროდ, – ერთხელ სკოლის კიბეები ამოატარა და კლასში ვირით შემოვიდა.
ძალიან მეგობრულები ვიყავით და, სხვათაშორის, ძალიან წარმატებული კლასიც. არაჩვეულებრივი მოსწავლეები იყვნენ ნოდარ ჭანკოტაძე, სოსო მელქაძე, ზურაბ ბაბლიძე, ვლადიმერ გელაშვილი, საშა მეტრეველი, მზია მაჭავარიანი, ეთერი ქველაძე, მერაბი ჭუბაბრია, იორამ შველიძე და სხვები, თითქმის ყველა კარგად ვსწავლობდით.
მეცხრე კლასში ვსწავლობდი, პირველად ოთარ აბაშიძემ ხარაგაულში სცენაზე რომ გამიყვანა, „მე და ღამე“ წავიკითხე, გულზე დიდი მთვარე მქონდა დამაგრებული.
თეატრალურზე ხომ გავაგრძელე სწავლა, იქაც საუკეთესო მეგობრები მყავდა, მაგრამ სკოლის პერიოდი განსაკუთრებულია, – ყველაზე თბილი და ტკბილად მოსაგონებელი. ოლეგი მდინარაძე, საშა მეტრეველი, ვლადიმერ გელაშვილი, მარინა გიორგაძე და მე ვართ კლასელებიდან ხარაგაულში დარჩენილები. ახლაც რომ ვხვდებით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ 72 წლისანი ვართ, იცით როგორი ემოციით ვხვდებით?! – თითქოს ისევ 16-17 წლის გოგო-ბიჭები ვიყოთ. ერთმანეთის მიმართ ისევ ბავშვობისდროინდელი სიყვარული გვაქვს“.
„მე და საშკა ათი წლის განმავლობაში ერთ მერხზე ვისხედით, – იხსენებს დალი თაბაგარი, – ისევე, როგორც პირველ კლასში დაგვსვეს. მრგვალი შოკოლადები მოჰქონდა ხოლმე და მიმასპინძლდებოდა. ახლაც მახსოვს, სახლიდან დედა ატანდა ხოლმე“.
„ოცი წელი ემიგრაციაში გავატარე. ოთხი წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი და ძალიან მინდოდა, ჩემი სკოლა მენახა, – ამბობს ზიზილო გაბუნია, – ჩემს კლასელებთან ერთად ისევ ის პატარა ზიზილო ვარ, ცელქი და მოუსვენარი.
მეათე კლასში ვიყავით, ორივე პარალელურ კლასს ოთხშაბათობით მეხუთე და მეექვსე გაკვეთილი შრომა გვქონდა. არაჩვეულებრივი პიროვნება ტრიფონ ჭუმბურიძე გვასწავლიდა. ერთხელ რომელიღაცამ თქვა, – მოდი, შრომის გაკვეთილზე „შატალოზე“ წავიდეთო. უარს ვერ ვიტყოდით; არადა, წასვლაც არ მინდოდა. სახლში ვერ წავიდოდი, გაკვეთილების შემდეგ ფიზიკაში ვემზადებოდი შოთა მესხთან და იქ უნდა მივსულიყავი. „შატალოზე“ არ წავედით, მაგრამ კლასშიც არ გავჩერდით. რამდენიმე კლასელი სკოლაში ჩვენი კლასის მოპირდაპირე ცარიელ კლასში დავიმალეთ. მოვიდა ცხონებული ტრიფონ მასწავლებელი, შევიდა კლასში და ბავშვები არ არიან. ვუყურებ, როგორ გამობრუნდა მასწავლებელი კლასიდან ჟურნალით ხელში და დაეყრდნო კიბის სახელურს, დაიწყო ფიქრი. ისეთი სევდიანი სახე ჰქონდა, მისი ფიქრების წაკითხვაც კი შემეძლო. ძალიან დაწყდა გული, ეს რომ გავაკეთეთ. ტრიფონი მასწავლებელი ყველას ძალიან გვიყვარდა და ეს „შატალო“ მისდამი უპატივცემულობის გამოხატვა კი არა, ჩვენი სიცელქე იყო; ბავშვური ამბიცია, რომ გაკვეთილებიდან „შატალოზე“ წასვლა შეგვეძლო. არასდროს დამავიწყდება ტრიფონი მასწავლებლის ის სახე. გული ჩამწყდა, მაგრამ სამალავიდან ვერ გავიდოდი, არ შეიძლებოდა, კლასელებს ვერ „ვუღალატებდი“, – იხსენებს ქალბატონი ზიზილო.
თანაკლასელებიდან 19 გარდაცვლილია. შეხვედრის დღეს რამდენიმე მათგანის საფლავი მოინახულეს და მათი ხსოვნის პატივმისაგებად სანთლები აანთეს.
„ჩვენი კლასელი ნუგზარ ჭყოიძე, მეოთხე კლასი რომ დავამთავრეთ, 1964 წელს დაგვეღუპა, ადიდებულ ჩხერიმელაში დეიდაშვილთან ერთად თევზაობდა, მიწა ჩაუწყდა და წყალმა წაიღო, – იხსენებს ოლეგი მდინარაძე, – მახსოვს, არდადეგები კი იყო, მაგრამ გაგვაგებიეს კლასელებს, ერთად შეგვკრიბეს და დაკრძალვაზე მივედით.
ერთ-ერთი პირველი, ვინც სკოლის დამთავრების შემდეგ გარდაიცვალა, მამია ტაბატაძე იყო, ის და აწ გარდაცვლილი ზურიკო ბაბლიძე პირველი კლასიდან ერთად ისხდნენ მერხზე. მამია რომ დაიღუპა, ზურიკო მის საფლავზე ხშირად მარტო დადიოდა.
მადლობა ლუიზას, რომ შეგვკრიბა, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბავშვობა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი კლასელი დალი თაბაგარი დღეს პირველად ვნახე. ძალიან მიხარია, მათ რომ ვხედავ“.
თამთა გოგოლაძე
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,