დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას. რეგისტრაციის ამ ეტაპზე  მშობლებმა პირველკლასელები საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად უნდა დაარეგისტრირონ.

რეგისტრაციის ტერიტორიული პრინციპი წელს საპილოტედ 12 ქალაქში ამოქმედდა: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, თელავსა და ფოთში.

რეგისტრაციის III ეტაპი 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია იხილეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია – 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპზე (2026 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით) შესაძლებელია დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში ამ მომენტისთვის 136 პირველკლასელია რეგისტრირებული. მათგან ყველაზე მეტი, 14 პირველკლასელი ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში დარეგისტრირდა, 13 პირველკლასელია რეგისტრირებული კიცხის საჯარო სკოლაში, 12 – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში. თითო-თითო პირველკლასელი ეყოლებათ მომავალ სასწავლო წელს ლეღვნის, წიფისა და მოლითის საჯარო სკოლებს.

გასულ, 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 134-მა პირველკლასელმა დაიწყო, 2024-2025 სასწავლო წელს – 155-მა პირველკლასელმა, 2023-2024 სასწავლო წელს კი სწავლას 157 პირველკლასელი შეუდგა.