საერთაშორისო ასოციაციამ „კივიტას გეორგიკა“ 2024 წელს ჩაატარა კვლევა „შრომითი მიგრანტების სამშობლოში დარჩენილი ბავშვების საჭიროებები“.

კვლევამ აჩვენა, რომ მიგრანტი მშობლებისთვის და სამშობლოში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის „ცხოვრება იძულებით მონატრებაში“ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ოჯახის წევრები ერთმანეთს ვირტუალურად უკავშირდებიან, ემიგრანტების მცირეწლოვანი შვილები მძიმე სტრესს განიცდიან. ეს საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, 2025 წელს „კივიტას გეორგიკა“ პროექტს – „მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერა საბავშვო ბაღში“ ახორციელებს. ამ პროექტში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება (დირექტორი თამარ ლაცაბიძე) ჩაერთო. გაერთიანების სასწავლო-პროგრამების კოორდინატორი, ფსიქოლოგი თამარ ავალიშვილი „კივიტას გეორგიკას“ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას აღმზრდელებს უზიარებს.

რა გამოწვევების, რა პრობლემების წინაშე დგანან ემიგრანტი მშობლების ბავშვები, მათი მეურვეები, ყველაზე მეტად რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ და როგორ ეხმარებიან მათ საბავშვო ბაღის აღმზრდელები, – ამ საკითხებზე თამარ ავალიშვილი გვესაუბრება.

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ამჟამად ხუთი აღსაზრდელია, რომელთა მშობლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – ზოგის დედაა წასული, ზოგის – მამა. პირველად ამ პრობლემის წინაშე შვიდი წლის წინ აღმოვჩნდით. მაშინ ამდენი გამოცდილება არ გვქონდა.

დავაკვირდით და ეს ბავშვები სულ ამანათებს ხატავენ. ზოგიც დედის პორტრეტს გულის გამოსახულებაში ხატავს და მშობლის მიმართ გამძაფრებულ მონატრებას ასე გადმოსცემს.

ემიგრანტი მშობლების შვილების ემოციური მდგომარეობა ძალიან ცვალებადია, – ლაღი მდგომაროებიდან უცბად მოიწყენენ. ეს განსაკუთრებით იმ დროს ხდება, როდესაც ბაღში მშობლებთან ერთად აქტივობებს ვახორციელებთ.

 

ემიგრაციაში მყოფი მშობლებისთვის ინტერნეტსივრცეში დახურული ჯგუფები გვაქვს. აღმზრდელები მათ თავიანთი შვილების ყოველდღიურ აქტივობებს აცნობენ. აქტივობებში ვრთავთ ბავშვების მეურვეებსაც.

აღმზრდელი მშობლის ემიგრაციის ყველა ეტაპზე ჩართული უნდა იყოს. მშობლის გამგზავრებამდე ბავშვი მოსალოდნელი ცვლილებებისთვის უნდა მოამზადოს. მას ასაკის შესაბამისად უნდა ავუხსნათ, რა ხდება და რატომ.

აღმზრდელი ყოველდღიურად უნდა დააკვირდეს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, უნდა განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მშობელსა და ბავშვს შორის კომუნიკაციას, რომ მათ შორის ემოციური კავშირი არ დაიკარგოს.

საბავშვო ბაღში უნდა იყოს სივრცე, სადაც ბავშვი თავის ემოციებს გამოთქვამს და მხარდაჭერას მიიღებს. აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს ემიგრანტი მშობლისთვის წერილების მიწერა, ვიდეოზარის ორგანიზება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს დავეხმაროთ მშობლის დაბრუნებისას გამოწვეული შერეული ემოციების დაძლევაში.

მხარდაჭერა სჭირდებათ ემიგრანტ მშობლებს იმიტომ, რომ ემიგრაციაში დალხენილი ცხოვრების გამო არ მიდიან. უკიდურესად აუცილებელი რომ არ იყოს წასვლა, სკოლამდელი ასაკის შვილს არავინ დატოვებს და საზღვარგარეთ სამუშაოდ არ წავა.

 

ისინი კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, გვერდით უნდა დავუდგეთ, უნდა დავეხმაროთ შვილებთან ხშირ პოზიტიურ კომუნიკაციაში.

მინდა ემიგრანტ მშობლებს ვუთხრა, რომ ჩვენ, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს მათი შვილები ძალიან გვიყვარს და მათი მხარდაჭერისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

ბავშვი მთელ დღეს საბავშვო ბაღში ატარებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მის უსაფრთხოებასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

ვისარგებლებ შემთხვებით და „კივიტას გეორგიკას“ პრეზიდენტს, მაია ნასრაშვილს, ორგანიზაციის დამფუძნებელსა და გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მესხიძეს მადლობას გადავუხდი ამ პროექტისთვის. მათგან გაზიარებული პრაქტიკული რჩევები ძალიან გამოგვადგა ემიგრანტი მშობლების შვილებთან და ბავშვების მეურვეებთან ურთიერთობებში“.

ნინო კაპანაძე