სამართლიანობა, მოსმენის უნარი, ლოგიკური აზროვნება და პასუხისმგებლობა – ეს მიაჩნია მასწავლებლის უმთავრეს თვისებებად პედაგოგ ნინო ვარდუკაძეს. ის მეორე სასწავლო წელია, ბორითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. 22 წლის იყო, ამ სკოლაში კონკურსით რომ მიიღეს და პირველი კლასის მასწავლებლობა მიანდეს.

კლასში 19 მოსწავლე დახვდა. ნინო მასწავლებელი ამბობს, რომ პატარებმა ის გულთბილად მიიღეს და მალევე დაუმეგობრდნენ.

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთიდან ბორითში ყოველდღე დავდივარ, – ამბობს ნინო ვარდუკაძე, – რამდენჯერმე გაკვეთილზე შესვლა ხუთი წუთით დამაგვიანდა. ჩემი მოსწავლეები გარეთ მელოდნენ; როგორც კი დამინახეს, შემომეხვიენ და მთხოვეს, – მასწავლებელო, აღარ დააგვიანოო“.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის დამთავრებისთანავე, ნინო მასწავლებელმა სამსახურის ძიება დაიწყო. ქალაქის სკოლებში გამოცდილებას სთხოვდნენ. ბორითის სკოლის ადმინისტრაციის მადლობელია, რომ ენდნენ და ყველანაირად ცდილობს, მათი ნდობა გაამართლოს.

„პირველკლასელებთან მუშაობა ურთულესია, – ამბობს ნინო მასწავლებელი, – დიდწილად პირველ მასწავლებელზეა დამოკიდებული, ბავშვი როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება, როგორ ისწავლის პრობლემებთან გამკლავებას.

მოსწავლეს დავალება თუ სისტემატურად არ აქვს და არც გაკვეთილს სწავლობს, პირველ რიგში მის ქცევას ვაკვირდები. ერთი მოსწავლე, რომელმაც გაკვეთილი ხშირად არ იცოდა, თანაკლასელები რომ მოყვებოდნენ, მათი მოსმენის შემდეგ ხელს იწევდა და რაც მოისმინა, იმას ჰყვებოდა. დავფიქრდი, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა სახლში და მშობელს დავუკავშირდი. ორივემ ვიმუშავეთ ბავშვთან და პრობლემაც მოვაგვარეთ.

მშობლებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, უმცროსკლასელებიც უკვე გაჯეტებზე დამოკიდებულები არიან. მშობლებს ვთხოვ, რომ აკონტროლონ ბავშვები, რისთვის იყენებენ ინტერნეტს.

მასწავლებელი, პირველ რიგში, სამართლიანი უნდა იყოს. მოსწავლეს შეცდომაზე ისე უნდა მიუთითო, რომ გონებაში ცუდად არ დარჩეს და სწავლის მოტივაცია არ დაკარგოს. გაკვეთილზე დავალებას კარგად რომ შეასრულებენ, ყველას ერთნაირად ვაქებ.

ყოფილა შემთხვევა, ერთმა მოსწავლემ მეორეს დასცინა. ბავშვი ატირებული მოვიდა და შემომჩივლა. ვუთხარი, ვინც გული გატკინა, მას უნდა აუხსნა, რომ არასწორად მოიქცა; მეგობრები ერთმანეთს კი არ დასცინიან, თუ რამე არ მოსწონთ, ეხმარებიან-მეთქი. ვცდილობ, მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ პატივისცემით მოპყრობას მივაჩვიო.

მოსწავლეს რომ ყოველ გაკვეთილზე მოუხაროდეს, სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მივმართავ. მათემატიკის გაკვეთილზე კამათელის გამოყენებით ვსწავლობთ. დიორამებსაც ვიყენებთ – ტექსტის მიხედვით მოსწავლეები სამგანზომილებიან სცენებს ქმნიან.

მშობლები მეუბნებიან, ბავშვები ხალისით ძერწავენ, ხატავენ და ბუნებრივი მასალისგან სხვადასხვა ნივთებს აკეთებენო. ეს ძალიან მახარებს. თამაშით სწავლება უფრო ეფექტურია – მოსწავლეები ახალ მასალას ადვილად ითვისებენ.

მთავარი მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის მოსმენა და სიყვარულია.

ბორითის სკოლაში გვერდში მდგომი კოლეგები მყავს. ვთვლი, რომ ამ კუთხით ძალიან გამიმართლა.

ბედნიერი ვიქნები, ჩემი მოსწავლეები წარმატებული ახალგაზრდები რომ იქნებიან. მცირე წვლილი ხომ მეც მექნება მათი მიზნების მიღწევაში.

ნინო კაპანაძე