
დიდთოვლობის შემდგომ, თოვლის დნობის შედეგად, შესაძლოა, მეწყერები განვითარდეს. ამის შესახებ გარემოს დამცველი სპეციალისტები საუბრობენ.
რა უნდა გაკეთდეს მოსალოდნელ მეწყერულ პროცესებთან გასამკლავებლად, – ამ თემაზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.
„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ესაა მომხდარის სრულყოფილი ანალიზი, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – ქვეყანა სტიქიიდან სტიქიამდე ცხოვრობს. დათბა და უმრავლესობა ფიქრობს, რომ უხვი ნალექი შეიძლება აღარ მოვიდეს.
ამ დროს პირიქითაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ნალექის რაოდენობა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ძალიან უცნაურად გადანაწილდა. იმდენად დიდი იყო ნალექი წვიმის სახით, რომ მიძინებული მეწყერები გამოაღვიძა.
პროგნოზირება იმისა, რომ 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში დიდი ნალექი მოვიდოდა, შეიძლებოდა. საქართველოში სანამ მოთოვდა, სამი-ოთხი დღით ადრე მეზობელ თურქეთში დიდი ნალექი მოვიდა. ეს ნალექი რომ საქართველოზე გავრცელდებოდა, ამის პროგნოზირება შეგვეძლო.
რა გავაკეთეთ? – არაფერი!
მუნიციპალიტეტებში სტიქიის წინაშე აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოვჩნდით. კატასტროფებზე რეაგირების ოპერატიული გეგმები არ გვაქვს. მუნიციპალიტეტში აღწერილი უნდა იყოს, რა რაოდენობის ტექნიკაა და როგორია ის.
ყველაზე მოწყვლადი ადგილების შესახებ ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენში ასეთი ადგილები აღწერილია. რეაგირების სისტემა ვერ ავაწყვეთ და ამიტომ აღმოჩნდა გურია განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, რადგან იქ უხვი ნალექი ამ დრომდე იშვიათობა იყო. ხარაგაულში, ასე თუ ისე, ახსოვთ დიდთოვლიანი ზამთრები.
მოსახლეობა შედარებით მზად აღმოჩნდა თოვლთან გასამკლავებლად ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, რადგან იქ ყოველ წელს უხვი ნალექი მოდის. იქ შესაბამისი ტექნიკაც აქვთ.
მუნიციპალიტეტებში ადგილზე სპეციალისტიც არ ჰყავთ და რადგან არ არსებობს მონიტორიგის სისტემა, ვერ ხვდებიან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება. ბოლოს და ბოლოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ბიულეტენი არ წაუკითხავთ. ფაქტია, არანაირი ოპერატიული ქმედებების ჩამონათვალი – რის შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, არ არსებობდა.
ახლა მეწყერები დაიწყება, რადგან ძალიან სწრაფად დნება თოვლი, წყალი ნიადაგში ჩადის და თუ ამას წვიმები დაემატა, ბევრ ადგილზე მეწყერები გარდაუვალია.
– როგორ უნდა ვიმოქმედოთ? – მუნიციპალიტეტში უნდა იყოს ჯგუფი, რომელიც დაივლის ყველა სოფელს, შეამოწმებს ყველა მეწყერის მდგომარეობას, მეტ-ნაკლებად შეაფასებს კიდეც და ცენტრიდან გეოლოგებს არ დაელოდება. წყალი რაღაცნაირად უნდა ავარიდოთ ამ მეწყერებს, რომ არ ჩამოწვეს. ასეთი, ზოგჯერ ძალიან მარტივი რაღაცები, დიდ კატასტროფებს აგვაცილებს. იმედია, ამ უხვი თოვლის შემდეგ მიღებული გაკვეთილიდან დასკვნებს გამოვიტანთ და უკეთ მოვემზადებით“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ 10 მარტის სამუშაო თათბირზე მერის წარმომადგენლებთან მოსალოდნელი მეწყერების შესახებ ისაუბრეს. მისი თქმით, ლეღვანში, კიცხსა და მოლითში რამდენიმე ადგილზე დრენაჟის მოწყობისა და ნაპირსამაგრის აშენების აუცილებლობაა. „რწმუნებულებისგან მიღებულ ინფორმაციას დავამუშავებთ და გამაგრებითი სამუშაოებისთვის დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან მოვითხოვთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ნინო კაპანაძე
დიდთოვლობის შემდგომ, თოვლის დნობის შედეგად, შესაძლოა, მეწყერები განვითარდეს. ამის შესახებ გარემოს დამცველი სპეციალისტები საუბრობენ. რა უნდა გაკეთდეს მოსალოდნელ მეწყერულ პროცესებთან […]
ხარაგაულის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ერთი თვის
2025-28 წლების სამთავრობო პროგრამის
დინამო თბილისის რეგიონული ნაკრები (2012-2013 წელს დაბადებულები),
„ყველა საქმე კეთდება, რასაც ქალი ხელს მოჰკიდებს,