ხარაგაულის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ერთი თვის წინ მეწყერი გააქტიურდა.

19 იანვარს, დილის ათი საათისთვის, კიკნაძის ქუჩა #21-ში მცხოვრები მაღრაძეებისა და დევდარიანების ოჯახების წევრთა ყურადღება ძლიერმა ხმაურმა და ძაღლების ყეფამ მიიქცია. რამდენიმე წამში ამ სახლების უკან მდებარე მთის მასა ჩამოიშალა – ეზო უზარმაზარი ლოდებით, ქვებით, მოთხრილი ხეებითა და შლამით გაივსო.

„ჩემი საძინებლის მხარეს ქვის უზარმაზარმა ლოდმა რკინის ღობე გაგლიჯა, სამზარეულოს თავზე მოთხრილი ხეები დაეცა, ძალიან შემეშინდა, – ამბობს დალი მაღრაძე, – სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ. ოპერატიულად მოვიდნენ და სასტუმროში გადაგვიყვანეს.

პირველ წუთებში ვერ ვაცნობიერებდი, რა მოხდა. მერე თანდათან გავაანალიზე და უფრო შემეშინდა. ღმერთმა დაგვიფარა. ის ლოდი რომელიმე სახლს რომ დასცემოდა, ვერ გადავრჩებოდით.

…მთელი ცხოვრება ამ სახლში გავატარე. სახლისკენ მიმავალი კიბის ყველა საფეხური მიყვარს. აწი აქ ვეღარ ვიცხოვრებთ. მეწყერის გააქტიურება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. ჩვენი სახლის უკან, მთის ჩამოშლილ ფერდობს რომ აცდები, მინდორი შუაზეა გადამსკდარი“.

სასტუმროში დალი მაღრაძემ და მისმა ძმამ 11 დღე გაატარეს. შემდეგ დასაქირავებელი ფართი იშოვეს და ქირის საფასურიდან 300 ლარს ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უხდის.

დალი მაღრაძე იხსენებს, რომ მთიდან მათი სახლის უკან ქანები ხუთი წლის წინაც ჩამოიშალა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. თუმცა, ვინაიდან ის ტერიტორია მიუდგომელია და იქამდე მისასვლელი გზა არ არსებობს, ნაპირსამაგრი სამუშაოები ვერ ჩაატარეს.

„იმ დროს ხარაგაულის მერი ნიკო თოფურიძე იყო, – ამბობს დალი მაღრაძე, – გვითხრეს, ვერაფერს გავაკეთებთო. მერე ჩემმა ძმამ კერძო პირები დაიქირავა და სამზარეულოს უკანა მხარე მცირედით გავამაგრეთ“.

დალი და მევლუდი მაღრაძეები ეკომიგრანტის სტატუსის მოლოდინში არიან. ამ სტატუსის მიღების შემდეგ მათ ბინის საყიდლად თანხას, 30 ათას ლარს გამოუყოფენ. თუმცა, ეს თანხა ხარაგაულში ბინის/სახლის შესაძენად არასაკმარისია.

„ძლიერი წვიმის შემდეგ მთიდან ქანები წამოვიდა და ეზო მთლიანად შლამით დაიფარა, – ამბობს ინგა ზუმბაძე, – ეს ამბავი როგორც კი შეიტყვეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერი, მისი მოადგილეები, ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაშინვე მოვიდნენ, მადლობა მათ ამისთვის.

გეოლოგებმა მეწყერის შესწავლა 21 იანვარს დაიწყეს. არ ვაპირებდი სახლის დატოვებას, მაგრამ ტერიტორიის პირველადი დათვალიერებისთანავე მითხრეს, რომ იქ ყოფნა არ შეიძლებოდა. ეკომიგრანტის სტატუსი მივიღე. მე და დედაჩემი ახლა ნაქირავებ ბინაში ვართ. თანხას ველოდებით ეკომიგრანტთა სააგენტოდან, რომ მერე საკუთარი საცხოვრებლის შეძენაზე ვიზრუნოთ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ყოველდღე გვეხმიანებიან და ჩვენს ამბავს კითხულობენ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სახლის უკან ფერდობი შარშანაც ჩამოიშალა, საუბრობდნენ საყრდენი კედლის მოწყობაზე, მაგრამ იმდენად მიუდგომელი ადგილია, ტექნიკა ვერ შეიყვანეს“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კიკნაძის ქუჩაზე მეწყერის განვითარების შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს მიმართა. დასკვნაში, რომელსაც ხელს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ქურციკიძე, გეოლოგები გოდერძი ბასიშვილი და თომა კალანდაძე აწერენ, ნათქვამია, რომ კიკნაძის ქუჩაზე მრავალბინიან სახლში, ასევე დევდარიანის, ზუმბაძისა და ღონღაძის სახლებში ცხოვრება სახიფათოა და ყველა ოჯახი განსახლებას ექვემდებარება.

„მეწყერსაშიში ზონიდან მოქალაქეების გამოყვანის შემდეგ სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოვყავით, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – დაზარალებულ ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება გავეცით. მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაცია მოამზადა და ეკომიგრანტების სააგენტოს მიმართა.“

ადგილობრივ თვითმმართველობას კლიმატის ცვლილების ადაპტაციის, საგანგებო მართვისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმების შემუშავება მთავრობამ 2017 წლის ოქტომბერში შესაბამისი დადგენილებებით (#452, #453) დაავალა. თუმცა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ეს გეგმები ამ დრომდე არ შეუმუშავებია.

ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ გეოლოგიის დეპარტამენტს კონკრეტული ადგილის შესწავლის მოთხოვნით მოქალაქის, ან სოფლის რწმუნებულის შეტყობინების შემდეგ მიმართავენ.

„მეწყერსაშიშ ადგილებში ნაპირსამაგრ სამუშაოებს ვახორციელებთ – ვაშენებთ საყრდენ კედლებს, გაბიონებს, სანიაღვრე არხებსა და სადრენაჟე სისტემებს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – დაახლოებით ვიცით, სადაც არის მეწყერსაშიში ადგილები და პირველ რიგში, იმ ადგილების გამაგრებას ვცდილობთ“.

ნინო ჩხობაძე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე, განმარტავს, რომ „ადგილობრივ თვითმმართველობას აღრიცხული უნდა ჰქონდეს მეწყერსაშიში ყველა სავარაუდო ტერიტორიაც კი. აუცილებელია კატასტროფების თავიდან აცილების გეგმა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქმედება დაიწყონ არა მომხდარის შემდეგ, არამედ მანამდე.

ეს დიდ საბიუჯეტო ხარჯს მოითხოვს, მაგრამ მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი სპეციალისტი მაინც უნდა ჰყავდეთ, რომელიც მეწყერსაშიშ ადგილებს აღრიცხავს და დოკუმენტაციას მოაწესრიგებს. შესაძლოა, ზოგ ადგილზე მთის ხელოვნური ჩამოშლაა საჭირო, ზოგან წყალანირების სისტემის მოწყობა. ასეთი მცირე პრევენციული ღონისძიებები დიდ კატასტროფებს თავიდან აგვაცილებს.

კლიმატის ცვლილებამ მეწყერი და სტიქიური მოვლენები ისეთ ადგილებში გაააქტიურა, სადაც ამას არ ველოდით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს მისი საცხოვრებელი ადგილი რამდენად უსაფრთხო ადგილზეა. მშენებლობის ნებართვა სიღრმისეული გეოლოგიური შესწავლის შემდეგ უნდა გაიცეს.

მოსავლის მოსაყვანად მიწა ისე უნდა დამუშავდეს, რომ ეროზიები არ განვითარდეს. სამწუხაროდ, ასეთი ცოდნა დღეს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს და მათთვის ამ ინფორმაციის მიწოდებაზე არავინ ზრუნავს. ამიტომაა, კლიმატის ცვლილებას და სტიქიურ მოვლენებს ღვთის ანაბარა დარჩენილები რომ ვხვდებით“.

ნინო კაპანაძე