დღეს, 4 მაისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის XI საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია, რომელსაც 71 დელეგატი ესწრებოდა, ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის უხუცესმა წევრმა ალექსანდრა ჭიპაშვილმა გახსნა.

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლალი სებისკვერაძემ დელეგატებს გაწეული საქმიანობისა და 2022-2026 წლების ფინანსური ანგარიში წარუდგინა.

კონფერენციაზე დელეგატებმა ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ ლალი სებისკვერაძე აირჩიეს. ასევე აირჩიეს პროფკავშირული ორგანიზაციის საბჭოს წევრებისა და სპმთპ-ის XIII საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.

ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, საბჭოს წევრებად ირჩევა სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ვინაიდან ხარაგაულში 47 პირველადი ორგანიზაციაა, საბჭოც ამდენივე წევრისგან შედგება.

სპმთპ-ის XIII ყრილობას ხარაგაულიდან 5 დელეგატი დაესწრება. დელეგატებად აირჩიეს: ლალი სებისკვერაძე (ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე), სოფო ლომიძე, მაყვალა ხიჯაკაძე, მარინე ვეფხვაძე და ლოლა გელაშვილი (ვერტყვიჭალის , ვარძიის, ხარაგაულის #2 და ხუნევის სკოლების პედაგოგები).

კონფერენციაზე ლალი სებისჯვერაძემ სპმთპ-ის საქმიანობაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა ხევის სკოლის პედაგოგი ლიზა ხაჩიძე, რომელიც, 50 წელია, ხევის საჯარო სკოლაში მუშაობს და ამდენივე წელი იყო პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე სკოლაში. ასევე  სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ბორითის, წყალაფორეთის, ზვარისა და ღორეშის სკოლებში პირველადი ორგანიზაციების ყოფილ თავმჯდომარეებს სულიკო დონაძეს, მაყვალა მესხს, ნიკოლოზ მჭედლიშვილსა და მადონა მანჯავიძეს.

სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის სახელით მადლობის სიგელითა და პრიზით დაჯილდოვდა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე.