
2025-28 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, განათლების სისტემაში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, ამ დოკუმენტის თანახმად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ქულებზე აღარ იქნება დამოკიდებული.
„პირველად საგანმანათლებლო სივრცეში, უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები“, – აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.
რამდენად მზადაა საქართველოს განათლების სისტემა ამ ცვლილებისთვის, ამ საკითხზე კომენტარი მასწავლებლებს, მოსწავლესა და განათლების ექსპერტს ვთხოვეთ.
ყველა რესპონდენტი აღნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა მხოლოდ ეროვნული გამოცდებით არ უნდა ხდებოდეს. მოსალოდნელ სიახლესთან დაკავშირებით კი ფიქრობენ, რომ სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება მოსწავლეებს კარგად სწავლის მოტივაციას გაუძლიერებს. თუმცა, მათივე თქმით, სკოლის ნიშნები ზოგჯერ შეიძლება მასწავლებლის სუბიექტურ დამოკიდებულებასაც ასახავდეს.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კვინიკაძე ამბობს, რომ ამ რეფორმის შემდეგ „სკოლას ფასი დაედება“. ქალბატონი ნანას თქმით, ახლა მოსწავლეების უმრავლესობა მხოლოდ იმ სამ-ოთხ საგანს სწავლობს, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში აბარებენ და დანარჩენს საგნებს „არასაჭიროდ“ მიიჩნევენ.
Cat-ის გამოცდები რომ ტარდებოდა, მოსწავლეები მეტად მოწადინებულები იყვნენ და ცოდნასაც იძენდნენ, – ამბობს ნანა კვინიკაძე, – სკოლაში გამოცდების დაბრუნებას და ამ შედეგების მიხედვით უმაღლესში ჩაბარებას მივესალმები“.
პედაგოგი ციური სულამანიძე მიიჩნევს, რომ მოსწავლეთა შეფასება უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური. მისი თქმით, მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ კონკრეტული შეფასება ცოდნიდან გამომდინარე დაიწერა და არა ანგარებით ან სუბიექტური მიდგომებით. წინააღმდეგ შემთხვევაში რეფორმა აზრს დაკარგავს.
პედაგოგი ქეთევან ჩაჩანიძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან ბევრი დეტალია საყურადღებო.
„უმაღლეს სასწავლებელში მისაღებად უნდა გაითვალისწინონ მიმდინარე სემესტრული და წლიური შეფასებები, ასევე დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე გამოცდების შედეგები, – ამბობს ქეთევან ჩაჩანიძე, – შესაძლოა, მოსწავლე გაკვეთილზე, ცოცხალი ურთიერთობისას, უკეთ ამჟღავნებდეს ცოდნასა და შესაძლებლობებს, ვიდრე გამოცდაზე.
ამიტომ ვფიქრობ, რომ თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალური პორტფოლიო უნდა შეიქმნას, სადაც მისი ცოდნის დონე, პროექტებში ჩართულობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, ასევე სხვა უნარ-ჩვევები შეფასდება“.
მეთერთმეტე კლასელი საბა კაკულია ამბობს, რომ მოსწავლეები სწავლას ზერელედ აღარ მიუდგებიან და ზოგად განათლებას ყველა საგანში მიიღებენ.
„ეროვნული გამოცდების დაკანონების დღიდან ვსაუბრობთ, რომ მხოლოდ გამოცდები არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი კრიტერიუმი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, – ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, – ეს ერთი კრიტერიუმი მაღალი რისკის მატარებელია და სკოლა თითქოს აღარ არის მნიშვნელოვანი. ბოლო კლასებში მოსწავლეებს საერთოდ არ აინტერესებთ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა.
ახლა უნდა დავფიქრდეთ, უმჯობესი ხომ არ იქნება შერეული სისტემა, სადაც სკოლის გამოცდების შედეგებსაც გაითვალისწინებენ, მოსწავლის კლუბურ მუშაობასაც და სხვა აქტივობებსაც.
არის თუ არა ამისთვის მზად სისტემა? არ არის, რადგან არ ვიცით, ვინ შეაფასებს მოსწავლის შედეგს, – უმაღლესი სასწავლებელი, განათლების სამინისტრო თუ სხვა დამოუკიდებელი კომისია. გარდა ამისა, სკოლაში კორუფციის რისკია.
პირველ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს რეფორმა საპილოტედ, რაღაც რაოდენობის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გამოვცადოთ.
საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვანაირია. ამერიკაში პორტფოლიოს სისტემაა და მოსწავლე სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდება. გერმანიაში ზოგი სკოლა ბოლო საფეხურზე მოსწავლეებს მხოლოდ უმაღლესი განათლების მისაღებად ამზადებს. კორუფციის რისკები ამერიკაშიც არსებობს და ევროპაშიც. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, – ერთი უსამართლობის აღმოფხვრით მეორე უსამართლობას ხომ არ გავაჩენთ“.
ნინო კაპანაძე
დიდთოვლობის შემდგომ, თოვლის დნობის
ხარაგაულის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ერთი თვის
2025-28 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, განათლების სისტემაში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, ამ დოკუმენტის თანახმად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე […]
დინამო თბილისის რეგიონული ნაკრები (2012-2013 წელს დაბადებულები),
„ყველა საქმე კეთდება, რასაც ქალი ხელს მოჰკიდებს,