
8 თებერვალს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიას დაარსებიდან 150 წელი შეუსრულდა.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გიმნაზიაში 3-7 თებერვალს კვირეული ჩატარდა – მოეწყო ხატვის კონკურსი, დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა. 8 თებერვალს კი დასკვნითი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დამსწრეთ სკოლა-გიმნაზიის დაარსების ისტორია გააცნეს და ყურადღება დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე გაამახვილეს, რადგან 8 თებერვალი ამ დიდი მეფის ხსენების დღეა.
წლების განმავლობაში ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ – ერთკლასიანი-სამინისტრო სკოლა, ორკლასიანი-სამინისტრო სკოლა, შვიდწლედი, რვაწლედი, დაბის #1 საშუალო სკოლა. წელს, 19 აგვისტოს, 25 წელი სრულდება, რაც ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების, მათ შორის ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ისტორია აწ გარდაცვლილმა გრიგოლ (გიგუცა) მაღრაძემ შეისწავლა. მან ინფორმაციები გაზეთ „დროებაზე“ დაყრდნობით შეაგროვა.
გაზეთ „დროების“ 1874 წლის 12 ივლისის კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ ხარაგაულის ერთკლასიანი სახალხო სამინისტრო სკოლის გახსნა ხარაგაულისა და ლეღვნის საზოგადოების ყრილობაზე გადაწყვეტილა. სამი ყრილობა მოუწვევიათ და ბოლოს შეთანხმებულან. უთანხმოების მიზეზი ფულადი გადასახადი იყო, რადგან სახელმწიფო სკოლის ფართის დასაქირავებლად და მასწავლებლის ხელფასისთვის თანხის გამოყოფას ვერ ახერხებდა. ეს თანხა მოსახლეობას უნდა გაეღო. კრებაზე გადაუწყვეტიათ, რომ ხარაგაულისა და ლეღვნის საზოგადოება 271 მანეთს გაიღებდა. აქედან 230 მანეთი მასწავლებლის ხელფასი იქნებოდა, ხოლო დანარჩენი ფული სკოლის კეთილმოწყობას მოხმარდებოდა. 1875 წლის 8 თებერვალს სკოლა აკურთხეს.
„როგორც იქნა, დიდის დავიდარაბით ვეღირსეთ ხარაგოულში შკოლის გახსნას. ამ ჟამით შკოლაში 84 ყმაწვილია და თუმცა კიდევ ბევრნი არიან მსურველები, როგორც გლეხისა, ეგრეთვე აზნაურის შვილები, მაგრამ შკოლაში ადგილი აღარ არის, რომ დაეტიონ. ამ ყმაწვილების რიცხვში სამნი 16 წლისანი არიან“.
ხარაგაულის ორკლასიანი სასწავლებელი 1921 წელს შვიდწლედად, 1924 წელს რვაწლედად, გარკვეული დროის შემდეგ კი საშუალო სკოლად გადაკეთდა.
ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელმა ზეინაბ ბუაჩიძემ საიუბილეო ღონისძიებაზე მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეფე დავითი განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდა. მისი ძალისხმევით საქართველოში დაფუძნდა ევროპული უნივერსიტეტების მსგავსი გელათისა და იყალთოს აკადემიები, სადაც სწავლება ბიზანტიის, ოქსფორდის, კემბრიჯისა და ბოლონიის უნივერსიტეტების მსგავსად მიმდინარეობდა.
„განათლება არის ყველაფრის საფუძველი, – აღნიშნა ზეინაბ ბუაჩიძემ, – 150 წელია, ამ დიდ ეროვნულ საქმეს ემსახურება ჩვენი სკოლა. ამ სკოლის კედლებში არაერთი ღირსეული, საამაყო თაობა აღიზარდა“.
ზეინაბ ბუაჩიძემ გაიხსენა, თუ როგორ გადაეცა 25 წლის წინ ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა საპატრიარქოს. ამაში დიდი წვლილი სკოლის მაშინდელ დირექტორს, აწ გარდაცვლილ ლამარა კურტანიძეს მიუძღვის. გიმნაზია მარგვეთისა და უბისის მაშინდელმა ეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) აკურთხა. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ იმდროინდელ ნომერში აღნიშნულია მეუფე დანიელის სიტყვები: „სკოლის ეკლესიისთვის გადაცემა არის აღდგენა იმ ტრადიციისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოში. ესაა მომავალი თაობის აღზარდა ჭეშმარიტი სულისკვეთებით, სარწმუნოებითა და სიყვარულით“.
25 წლის განმავლობაში ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიამ ბევრი სიძნელე გადალახა – მასწავლებლები თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასს, დანგრევის პირას იყოს სკოლის შენობა.
2015 წლიდან გიმნაზიის რექტორი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) გახდა. მეუფემ „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა, – მისი უდიდესი ძალისხმევით, შრომითა და მონდომებით, სკოლის შენობა დღეს თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
საიუბილეო თარიღი მიულოცა სკოლა-გიმნაზიის კოლექტივს ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა. მან აღნიშნა, რომ სკოლა-გიმნაზიას მყარი საფუძველი აქვს და ეს არის მომავალი თაობების საუკეთესოდ აღზრდის პერსპექტივა. მან ახალგაზრდებს მიმართა, რომ ჰქონდეთ იმედი მომავლის, რომელიც მათ უნდა ააშენონ.
„შემთხვევითი არაა, რომ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებები იხსნებოდა, – აღნიშნა გიმნაზიის რექტორმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) საიუბილეო ღონისძიებაზე, – ეს ამ წმინდა მეფის ლოცვითა და შემწეობით ხდება. მადლობა ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებს საუკეთესო და საამაყო კურსდამთავრებულების აღზრდისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს, მომავალ თაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“.
საზეიმო ღონისძიებაზე ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე), მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) და ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მედლები გადასცეს ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს: დავით ლომსაძეს, ქეთევან მანჯავიძეს, თაკო სებისკვერაძეს, თედო სებისკვერაძეს, ქრისტინე ლაცაბიძესა და თინათინ შარიქაძეს.
მეუფე მელქისედეკმა 2025 წელი მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში „ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის წლად“ გამოაცხადა. მისი ლოცვა-კურთხევით, მთელი წლის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ სტუმრებს უფრო კარგად გააცნობენ 150 წლის გიმნაზიის ისტორიას, აწმყოსა და სამომავლო გეგმებს.
ღონისძიება ლექსებით, სიმღერებითა და საგალობლებით გიმნაზიის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გაალამაზეს.
ნინო კაპანაძე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
22 წლის წინ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა
მიმდინარე წლის 15 და 16 მარტს ხარაგაულისა
მეოთხე სასწავლო წელია, წყალაფორეთის საჯარო სკოლას