„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ფოკუს-მოკუსი“ გაიმართა. ეს სპექტაკლი ვუდი ალენის პიესა „მოფარფატე ნათურის“ მოტივებზე რეჟისორმა დავით ნიკოლაძემ დადგა.

სპექტაკლი მოგვითხრობს ოჯახზე, რომლის წევრები ბედნიერებასა და მშვიდ ცხოვრებას ეძებენ. თუმცა, უჭირთ იმის გააზრება, თუ სად გადის ზღვარი პიროვნების თავისუფლებასა და ოჯახში საერთო საქმისთვის პასუხისმგებლობას შორის. სპექტაკლის გმირები სასწაულის მოლოდინში არიან და ამ დროს ავიწყდებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყონ.

ფინალში პერსონაჟები უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენები ფოკუს-მოკუსად გადაიქცევა. ეს გაურკვევლობა დაგვაფიქრებს, – ადამიანებმა ყველაფერი ბედისწერას და სასწაულს მიანდონ, თუ თავად იბრძოლონ უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად.

„დიდი ისტორიის მქონე, ჭიათურის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი ვნახეთ, – შთაბეჭდილებები გაგვიზიარა მაყურებელმა ნიკო დეკანოსიძემ, – მუსიკა, მხატვრობა, გაფორმება – ზუსტად ერწყმოდა პროფესიონალი მსახიობების შესრულებას. სასიხარულოა, რომ თეატრში იზრდება მომავალი თაობა.

ხარაგაულისა და ჭიათურის თეატრებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. გასული საუკუნის 70-იან წლებში და 80-იანი წლების დასაწყისში, ჭიათურის თეატრი ყოველ ოთხშაბათს ხარაგაულის კულტურის სახლში სპექტაკლს მართავდა. ეს იყო დიდი დღესასწაული ხარაგაულელებისთვის. მიხარია, რომ ჭიათურის თეატრი ისევ გვესტუმრა და საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზა“.

„თეატრალური იმერეთი“ 2002 წელს ჭიათურის ახალგარემონტებულ თეატრის შენობაში დაიწყო, – იხსენებს ამ თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი, – იმ დღიდან ჭიათურა ამ ფესტივალის აქტიური მონაწილეა. 2002 წელს ჩვენმა სპექტაკლმა გრან-პრი დაიმსახურა. „თეატრალური იმერეთის“ მაყურებელი ყოველ წელს ელოდება ჭიათურის თეატრთან შეხვედრას. ეს ფესტივალი აერთიანებს იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრებს, მაყურებლებს და მნიშვნელოვან კვალს ტოვებს საზოგადოების განვითარებაში“.

„თეატრალურმა ზეიმმა წელს მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლა, – ამბობს ლევან როხვაძე, – „თეატრალური იმერეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, – ყველა სპექტაკლზე დარბაზები გადაჭედილია. ეს ნიშნავს, რომ მაყურებელს უყვარს თეატრი. მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს ფესტივალის ორგანიზებასა და განხორციელებაში“.

„წელს, ვფიქრობ, სიახლემ გაამართლა და რეგიონებში სპექტაკლების ჩატარება საინტერესო აღმოჩნდა, – ამბობს ფესტივალის ჟიურის წევრი ნერონ აბულაძე, – უმჯობესი იქნება, მომავალ წელს, ფესტივალის დაფინანსება თუ გაიზრდება და სპექტაკლები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. დაჯილდოების დროს არის ხოლმე ბუნებრივი გულისწყვეტა და ამ დროს ერთმანეთის სპექტაკლები არ აქვთ ნანახი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „თეატრალური იმერეთი“ საერთაშორისო სტატუსის მქონე ფესტივალია – წელს ნიდერლანდების ქართულ თეატრსა და რუმინეთის თეატრებს ვუმასპინძლეთ. ეს ფესტივალი სტიმულია მუნიციპალური თეატრების განვითარებისა და გაძლიერებისთვის“.

„თეატრალური იმერეთი“ 2 ივლისს მონაწილე დასების დაჯილდოებით დასრულდება.

ამავე თემაზე

ხარაგაულის სახალხო თეატრის წარმატებული პრემიერა ქუთაისში

„თეატრალური იმერეთი – 2026“ მთელ იმერეთს მოიცავს – მაია პაქსაშვილი