ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე, რომელიც 6-დან 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, ესტონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა.

აღნიშნული ვიზიტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ესტონეთის რესპუბლიკის პარნუს რეგიონის გუბერნატორთან კალევ კალიუსტესთან, ლაანემაას რეგიონის გუბერნატორთან ნეემე სურთან, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორთან მარიე მარდისალუ-კაჰართან და ადგილობრივი თვითმმართველობების ესტონეთის კავშირის თავმჯდომარესთან კურმეტ მუურსეპთან.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ევროკავშირის უდიდესი რძის გადამამუშავებელი საწარმო, ნარჩენების მართვის ცენტრი, წყლის მართვის სადგური და ესტონეთის ელექტრონული მომსახურებების ცენტრი მოინახულეს.

შეხვედრებზე, ესტონურმა მხარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის, ასევე, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობა.

ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა უმასპინძლა.

წყარო