ტრეფიკინგი – ადამიანით ვაჭრობა – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ტრეფიკინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი და ბავშვი.

ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ხდება შრომითი, სექსუალური ექსპლუატაციისა და სხვა მიზნით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლი როგორც საკუთარ, ისე უცხო ქვეყანაში.

ტრეფიკინგში ხშირად ჩართული არიან საშუამავლო ფირმები და ტურისტული ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობის მსურველებს ჰპირდებიან კარგ ანაზღაურებას. ადგილზე ჩასულებს კი სულ სხვა მდგომარეობა ხვდებათ.

რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ტრეფიკინგის წინააღმდეგ, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან სარაჯიშვილი საუბრობს:

„2006 წლიდან იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს. ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიან მინისტრები, მათი მოადგილეები და ექსპერტები.

სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერა, რომ ტრეფიკინგი დანაშაულია. მისი დეფინიცია თანდათან დაიხვეწა და 2006 წლიდან შეიქმნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი. ერთი დოკუმენტი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, მეორე კი მიმართულია მსხვერპლთა დაცვისთვის და მათ შესაბამის სახელმწიფო სერვისებს სთავაზობს.

გაწერილია თითოეული სახელმწიფო ორგანოს როლი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შემუშავებულია ოთხი პრინციპი: დანაშაულის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვის კომპონენტი, სისხლის სამართლებრივი დონის წარმოება და თანამშრომლობის მიმართულება.

ჩვენი ამოცანაა, შევიმუშაოთ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად. შინაგან საქმეთა სამინიტროსა და პროკურატურის მხრიდან ტრეფიკინგის გამოძიება პროაქტიული გახდა. სპეციალური მობილური ჯგუფები შეიქმნა კრიმინალურ პოლიციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიცია აღარ უნდა დაელოდოს დანაშაულის შეტყობინებას. თუ ვიცით, რომ გარკვეული ადგილები რისკის შემცველია, უნდა აწარმოონ რეიდები და დაათვალიერონ ტრეფიკინგის სავარაუდო ადგილი, აწარმოონ ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა გამოკითხვები. სარისკო ადგილებია აეროპორტები, სადაც დეპორტირებულთა გამოკითხვა შეიძლება. ახლახან თურქეთიდან შვიდი დეპორტირებული გამოიკითხა აეროპორტში და ისინი აღმოჩნდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ამ ადამიანებმა მიიღეს მსხვერპლის სტატუსი და სარგებლობენ მათთვის დადგენილი სახელმწიფო სერვისებით.

იმისთვის, რომ ტრეფიკინგზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაძლიერდეს თანამშრომლობა, საგრანტო კონკურსებს ვაცხადებთ. გავეცით გრანტი აჭარაში საინფორმაციო ღონისძიებებისთვის. აჭარა სექსუალური ექსპლუატაციის კუთხით არის რისკის შემცველი. წელს საინფორმაციო კამპანია ჩავატარეთ იმერეთში.

უფრო მოქნილი რომ გახდეს საბჭოს მუშაობა, პერიოდულად ვქმნით თემატურ ჯგუფებს. საბჭოში ამჟამად ოთხი ჯგუფია. საკანონმდებლო საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა პრაქტიკაზე მორგებული დეფინიცია შეიმუშავა, რის შედეგადაც საგამოიძებო ორგანოებს და სასამართლოს განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალება აღარ აქვთ. პროაქტიული გამოძიებების ხელშეწყობის გარდა შემუშავდა გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის მსხვერპლისა და დაზარალებულის გამოკითხვის პრინციპები, – რა მტკიცებულებაა, როგორ გავიდნენ ადგილზე და აწარმოონ გამოკითხვა პირობითად პროსტიტუციაში ჩართულ ქალბატონთან, როგორ მიხვდნენ, რომ დასაქმებული შეიძლება იყოს შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი და სხვ.

მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც ხუთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული, მუშაობს ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის სტატუსის მინიჭებაზე. დაზარალებულს შეუძლია სტატუსი მიენიჭოს ისე, რომ არ ითანამშრომლოს სამართალდამცავებთან. ეს ჯგუფი იმუშავებს მათთან და მიანიჭებენ სტატუსს.

ტრეფიკინგზე საზოგადოების ინფორმირებულობა ყველაზე მნიშვნელოვანია. საინფორმაციო კამპანიაში დიდი წვლილი მიუძღვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ კუთხით გავააქტიურეთ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები. ვაწყობთ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს სტუდენტებისთვის და სხვ.

გაიზარდა ტრეფიკინგის გამოვლენის ფაქტები. თითოეული გამოვლენილი დანაშაული პრევენციას უწყობს ხელს. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ უფრო მეტად სექსუალური ექსპლოატაციაა მეტი, საქართველოს მოქალაქეების მიმართ უცხოეთში – შრომითი. საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას პრობლემაა ის, რომ სხვა ქვეყნიდან მტკიცებულებების მიღებაზე ვართ დამოკიდებული. თურქეთთან გვიჭირს თანამშრომლობა, ან დროულად არ მოგვეწოდება ინფორმაცია, ან არასაკმარისი მტკიცებულებებია.

სიახლეა ის, რომ  ერთი თვის წინ ჯანდაცვის დეპარტამენტში შეიქმნა შრომის ინსპექტირების ჯგუფი. 40 შრომით ინსპექტორს ჩაუტარდა ტრენინგები შრომისა და სამართლის საკითხებში. შრომის ინსპექტორის ამოცანაა, ნებისმიერ საწარმოსა და დაწესებულებაში შევიდეს, შეამოწმოს დოკუმენტაცია და გამოკითხოს თანამშრომლები. ეს აპრობირებული ინსტიტუტია ევროპაში. შრომის ინსპექტორი დარღვევის აღმოჩენის შემდეგ ინფორმაციას მიაწვდის კრიმინალური პოლიციის სპეციალურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის მდგომარეობას. შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი სრული დატვირთით იანვრიდან ამოქმედდება,“ – განმარტავს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან სარაჯიშვილი.

 

trefikingia

როგორ მოვიქცეთ, რომ უცხოეთში მიგრაცია იყოს უსაფრთხო? ამ საკითხებს მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ნათელა მჟავანაძე განმარტავს.

„ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოქალაქეებს მიგრაციის პოლიტიკის სწორად წარმართვაში. მიგრაციის საკითხებზე განსაკუთრებულ ყურადღებას საინფორმაციო და საკონსულტაციო საქმიანობას ვუთმობთ ანუ იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რომ მიგრაცია არ იყოს საშიში და საფრთხის მომტანი. უსაფრთხოა მიგრაცია მაშინ, როცა კანონის ფარგლებშია მოქცეული. ლეგალურ მიგრაციას მოაქვს სიკეთე მიგრანტებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის,“ – ამბობს ნათელა მჟავანაძე.

მისი ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი მონაწილეა ყველა იმ საქმიანობის, რაც ხორციელდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაციამ შეიმუშავა ტრეფიკინგთან ბრძოლის ხუთწლიანი რეგიონალური პროგრამა.

მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების – პროკურორების, პატრულის თანამშრომლების, მოსამართლეების გადამზადებას. შექმნეს სკოლისთვის სასწავლო მასალა და დაატრენინგეს სამოქალაქო განათლების 2000-ზე მეტი მასწავლებელი. პროექტის მიზანი მიღწეულია, რადგან საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ტრეფიკინგის პრევენცია ცალკე თემად არის შეტანილი და მეცხრე და მეათე კლასებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ისწავლება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება მიგრანტებს საქართველოში დაბრუნებაში და დაბრუნებულ მოქალაქეებს სთავაზობს სარეინტეგრაციო დახმარებას. ეს პროექტი განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების მიუხედავად, ტრეფიკინგი  არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, – ამბობს ნათელა მჟავანაძე, – მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ლეგალური მიგრაციის გზები.“

ლეგალურად იმყოფება ადამიანი საზღვარგარეთ, თუ ქვეყანაში გაემგზავრა ტურისტული, საქმიანი, სასწავლო, სამუშაო, საემიგრაციო ვიზით. როგორც კი ვიზის ვადა მთავრდება, ის წყვეტს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლებას. ამიტომ მან უნდა დატოვოს ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ექვემდებარება დეპორტს.

რამდენიმე ქვეყანას აქვს საემიგრაციო პროგრამა, რომელთა მეშვეობითაც ითხოვენ კვალიფიციურ მუშახელს. უცხოეთში მხოლოდ კანონიერი დასაქმება არის უსაფრთხო. ეს სქემა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და მინიმუმ ექვსი თვე გრძელდება.

სამუშაო ვიზით შესული ადამიანი ითვლება ლეგალურ შრომით მიგრანტად. მას აქვს ყველა უფლება, რაც აქვს იქაურ მცხოვრებს, მხოლოდ არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზის მიღებამდე კრიტიკულად ფასდება მოქალაქის შესაძლებლობები პროფესიისა და ენის ცოდნის მხრივ. საზღვარგარეთ ჩვენი კანონიერად დამსაქმებელი იღებს ჩვენთვის სამუშაოს უფლებას თავის ქვეყანაში. გვიგზავნის ჩვენ და ამის შემდეგ მივდივართ საკონსულოში. უცხო ენის ცოდნა საჭიროა მაღალკვალიფიციურ სამუშაოზე. საკონსულო გვირტყამს სამუშაო ვიზას და მივემგზავრებით. კონტრაქტი იდება 6 თვით ან ერთი წლით.

შესაძლოა, პიროვნებამ, რომელიც უცხოეთში მიემგზავრება სამუშაო ვიზით, ოჯახის წევრებიც თან წაიყვანოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს უცხოეთში ოჯახის რჩენას.

„იტალიაში ჩვენი ორგანიზაციის პროექტით ექთნების დასაქმება იგეგმებოდა, – გვიამბობს ნათელა მჟავანაძე, – პროექტის ვერც ერთმა მონაწილემ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და პროექტი ჩავარდა. კანადა ითხოვდა ყასბებს, მაგრამ შემდეგ სასტიკი უარი თქვეს. მათი განმარტებით, ნებისმიერი აქედან ჩასული უკან აღარ ბრუნდება. ბევრი დადებითი მაგალითიც გვაქვს, მაგალითად, ლონდონში რესტორანში დასაქმდა ქართველი მზარეული. ჩვენი კონსულტაციით ექიმები დასაქმდნენ გერმანიაში და სხვ.“

ნათელა მჟავანაძის თქმით, მათ ხშირად მიმართავენ შეკითხვით, – რომ დავქორწინდე უცხოელზე, ხომ შევძლებ იქ ლეგალურად ცხოვრებასო. „ესეც საკმაოდ რთული პროცესია, – განმარტავს ქალბატონი ნათელა, – ყველა ქვეყანას აქვს დადგენილი წესი საემიგრაციო ვიზების გაცემაზე. ერთი ახალგაზრდა ქორწინებაშია გერმანელთან. ქალბატონი ჩამოდის, მაგრამ მისი ქართველი ქმარი ვერ მიდის გერმანიაში, – საემიგრაციო ვიზას არ აძლევენ, რადგან მას არ აქვს იმ ოდენობის მუდმივი შემოსავალი, რომ უზრუნველყოს მეუღლე. მნიშვნელოვანია, კარგად შეამოწმოთ იმ პიროვნების სოციალური მდგომარეობა, ვიზეც აპირებთ დაქორწინებას.“

სამუშაო ვიზა ასევე საჭიროა დასაქმებისთვის იმ ქვეყნებშიც, რომელთანაც ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს (მაგალითად, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი და სხვ.).

„ჩვენთან დარეკეს გოგონებმა საცეკვაო სტუდიიდან. მათ ჰქონდათ ანიმატორებად დასაქმებაზე შემოთავაზება თურქეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, – გვიამბობს ქალბატონი ნათელა, – ეს კარგი საშუალებაა ახალგაზრდებისთვის, საინტერესოდ გაატარონ არდადეგები და თან იმუშაონ. საქმეში ჩარეული იყო თურქი მამაკაცი და ქართველი ქალბატონი. დავინტერესდი, რომელ ქალაქში და რომელ სასტუმროში ელოდებოდნენ მათ. ავუხსენი დეტალები და მოსალოდნელი საფრთხეები. მოვიდნენ მშობლებთან ერთად. ინტერნეტით მოვძებნეთ ეს სასტუმრო და არც ერთი ვარსკვლავი არ ჰქონდა. გავარკვიეთ, რომ არანაირი ანიმატორები არ სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, გოგონები მშობლებმა არ გაუშვეს. ვუთხარი, რომ აუცილებლად დაერეკათ შსს-ში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ანონიმურად ეცნობებინათ ამ ფაქტის შესახებ. სამწუხაროდ, არ დარეკეს არსად, რომ ეს ამბავი გამხდარიყო საჯარო.“

nრაც შეეხება სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის, აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა შეუძლია იმ მიგრანტებს, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ არალეგალურად, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ დროებითი ჰუმანიტარული სტატუსით. მათი ქვეყანაში დაბრუნებიდან არ უნდა იყოს გასული ერთ წელზე მეტი დრო.

ცენტრის მომსახურებაში შედის: აეროპორტში დახვედრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, ჩამოსვლის შემდგომ პირველადი კონსულტაცია სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, დასაქმებაში ხელშეწყობა, სამედიცინო დახმარება სიცოცხლისთვის საშიში მწვავე და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მცირე ბიზნესის დაწყებისთვის ხელშეწყობა ბიზნეს-გეგმის შდეგენაში, ვისაც გააჩნია შესაბამისი უნარ-ჩვევები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს www. Informedmigration.ge

თუ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდი, ნუ დაუჯერებ მათ, ვინც გაშინებს, გემუქრება, გეუბნება, რომ დამნაშავე ხარ ან ვერავინ დაგეხმარება. თამამად გადადგი ნაბიჯი დახმარების მისაღებად.

დაუყოვნებლივ დარეკე:
1) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში (+995 32) 2 100 229;

2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ცხელ ხაზზე (+995 32) 2 411 716;

3) პოლიციის ცხელ ხაზზე 112;

4) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულტოს ცხელ ხაზზე (+995 32) 2 945 050.

ნინო კაპანაძე

„ჩემი ხარაგაული“