

დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი ოჯახებსა თუ საზოგადოებრივ ადგილებში. როგორ ხვდებიან ახალ, 2026 წელს ხარაგაულელები, როგორია მათი ფინანსური შესაძლებლობები, განწყობები და მოლოდინები, – ამის დასადგენად რამდენიმე ხარაგაულელს ვესაუბრეთ.
ნელი ბუხნიკაშვილი, ინდმეწარმე: – წინა წლებთან შედარებით, არა მხოლოდ გაყიდვები, ხალხიც კი შემცირდა ხარაგაულში. ბოლო წლებში თითქოს ხელფასები იმატებს, მაგრამ პროდუქტებზე იმდენადაა ფასები გაზრდილი, რომ მომატებული ხელფასი აღარაფერს ნიშნავს.
ფასები თითქმის ყველაფერზე გაორმაგებულია. არჩევნების შემდეგ ჯერ პური გაძვირდა, შემდეგ ცხიმის ფასმა მოიმატა, – ზეთი, კარაქი, მარგარინი გაძვირდა. შემდეგ თითქმის ყველანაირი პროდუქტი, – რამდენიმე თვის წინ, მაგალითად, 5 ლარი რომ ღირდა, ახლა 6 ლარი ღირს.
საახალწლო სუფრა რა დაჯდება, არ ვიცი; გააჩნია, ვის რა საშუალება აქვს. ადრე 100 ლარით ერთი კვირის სამყოფ პროდუქტს შეიძენდი; ახლა, შესაძლოა, ერთი დღისაც ვერ იყიდო. შეძენილი პროდუქტების ფასებს რომ ვანგარიშობ, თანხა ბევრია, მაგრამ ნაყიდი თითქმის არაფერი ჩანს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ორჯერ, სამჯერ გადამითვლია, ხომ არაფერი შემეშალა. პარკში არაფერია და გადასახდელი თანხა კი დიდია.
ნისიები წინა წლებთან შედარებით ძალიან გაზრდილია, მაგრამ რომ ვაკვირდები, ზოგიერთებს ფული აქვთ, მაგრამ ქცევაში აქვთ განჯდარი, რომ მაინც ნისია აიღონ. ახლა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის 300 ლარსაც რომ შეუწყვიტავენ, მერე რა იქნება, მართლა არ ვიცი; ხელფასის დღეებში მაინც მოდიოდა ხალხი და რაღაცას ყიდულობდა.

მარინა გოგია, ინდმეწარმე: – ახალ წელს როგორ ხვდებიან ხარაგაულელები, არ ვიცი; ერთი კი ვიცი, – რომ ყველა წუწუნებს, ყველას გასაჭირი აქვს; მაგრამ ზოგიერთები მეტის ღირსები არიან, რომ არ აქტიურობენ და მთავრობას აძლევენ საშუალებას, ასე მართოს ქვეყანა.
ძილში და უქმად ყოფნაში იღებენ სოციალურად დასაქმებულები 300 ლარს. მონობა ღირს ჩვენს ქვეყანაში 300 ლარი. იყვნენ მონები, მაგრამ საერთო სიტუაციას რომ აფუჭებენ, ქვეყნის მომავალს რომ ღუპავენ, – ესაა პრობლემა!
ძალიან ბევრს ვშრომობ და მაქვს, არ ვწუწუნებ.
საახალწლო სუფრას იმის მიხედვით გაშლი, რა თანხაც გაქვს. 200 ლარი ღირს ინდაური; თუ არ გაქვს, აგერ მაღაზიაში 18 ლარი ღირს ქათამი და იმას იყიდი; ან შეიძლება, ესეც ნისიად წაიღონ და გაზაფხულზე, ან ზაფხულზე მოიტანენ ახლა წაღებულ ნისიას.
ასეთი შემთხვევა იყო – ერთხელ მაღაზიაში შემხვდა ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ქებასა და დიდებაშია, სოციალურ ქსელში სულ „მადლობებს“ უწერს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამ ადამიანს თურმე მაღაზიაში წლობით დაგროვილი ვალი აქვს, და როცა გამყიდველმა ეს ვალი შეახსენა, გამიკვირდა და დავინტერესდი, – მართლა ასე უჭირდა?
იცით, რა მიპასუხა? – მე ვარ შტერი, მთავრობა მაძლევს ფულს და მე ვერ ვანაწილებო. ასეთი აზროვნების ადამიანები ქვეყნის მომავალზე რანაირად იფიქრებენ?
აბიტურიენტი შვილი მყავს, ვერ ჩააბარებს წელს იმ უნივერსიტეტში, სადაც მას უნდა, დიდი კონკურსი იქნება. მე ფულს ტყუილად ვერ გადავიხდი ისეთ სწავლაში, როგორიც ზოგიერთ სხვა უმაღლეს სასწავლებელშია. ფაქტობრივად, უმაღლესში სწავლის გარეშე მრჩება შვილი, რომელიც მედლის კანდიდატია. საზღვარგარეთ აპირებს წასვლას; ყველა ასე თუ წავიდა, დაიქცევა ეს ქვეყანა, აბა რა იქნება.
არ მინდა ასე მოხდეს. ჩემი ქვეყნისთვის კარგი მომავალი მინდა. ამიტომ ვიბრძვი, ამიტომ ვიდექი შარშან მთელი ზამთარი აქციაზე და კაცმა არ იცის, რა შხამს გვასხამდნენ თავზე და როდის რა დაავადება აღმომაჩნდება. ზოგიერთებს ეს საერთოდ არ ანაღვლებს; ბედნიერი ხალხი, იღებენ 300 ლარს და არიან კმაყოფილები, ქვეყანას კი გვაქცევენ თავზე.
ციცო მაღლაფერიძე, გარემოვაჭრე: – მე პროდუქტი არ მაქვს გასაყიდი, ადამიანი რომ საყვავილეს იყიდის, არა მგონია, მას პურის ფული უჭირდეს. ისე მიჭირდა ადრე, რომ საყვავილესა და ყვავილს ნამდვილად ვერ ვიყიდდი. ახლა ჩემი ყოფით კმაყოფილი ვარ, პურის ფული არ მიჭირს და არც ვინმეზე რამის თხოვნა მჭირდება. სხვისი რა გითხრათ, სხვისი მდგომარეობა არ ვიცი.

ნონა ლომინაშვილი, სტილისტი: – საახალწლოდ სალონში ყოველთვის ხალხმრავლობაა, ყველას უნდა, რომ თავი მოიწესრიგოს. ზესტაფონშიც კი არ არის ამხელა მომართვიანობა, როგორც ხარაგაულში. ბევრია ისეთები, რომლებიც ნისიად მოდიან და მათი რიცხვი წლიდან-წლამდე არ მცირდება. ეტყობა, ხალხიც მივაჩვიე ამას; ზოგს აქვს ფული, მაგრამ მაინც მიჩვეულია.
ყველას ფინანსური მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ ალბათ აქვთ იმდენი, ან ისე ანაწილებენ შემოსავალს, რომ დარჩეთ თანხა და თმა, ფრჩხილები მოიწესრიგონ. თუმცა ზოგის ნისია იმდენხანს გრძელდება, რომ წამიშლია კიდეც, რომ აღარ მოუტანიათ.
თამთა გოგოლაძე
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი ოჯახებსა თუ საზოგადოებრივ ადგილებში. როგორ ხვდებიან ახალ, 2026 წელს ხარაგაულელები, როგორია მათი ფინანსური […]
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა
12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მიერ გადაღებული