საკრებულო პერიოდულად, წინასწარ გაწერილი გეგმით, მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ააიპ-ებისა და მერიის სამსახურების მუშაობას განიხილავს და აფასებს.

დეპუტატები თითოეულ ანგარიშს ჯერ საკრებულოს შესაბამის კომისიებში განიხილავენ და ამის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე წარადგენს კომისიის წევრთა შეფასებას.

ვინაიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქმიანობა განათლებისა და კულტურის სფეროებს განეკუთვნება, მისი საქმიანობის ანგარიში საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიამ (თავმჯდომარე მარინე ხვედელიძე) წინასწარ განიხილა.

საკრებულოს 7 აპრილის სხდომაზე მოსწავლეთა სახლის დირექტორმა ჰამლეტ ბერაძემ როგორც კი დაასრულა დეპუტატებისთვის ანგარიშის წარდგენა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ განაცხადა, რომ დეპუტატები გადაიღალენ და 15-წუთიანი შესვენება მოითხოვა.

საკრებულოს სხდომის გაგრძელების შემდეგ განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძემ ანგარიშის დადებითად ან უარყოფითად შეფასებისგან თავი შეიკავა. ეს მისია ოთარ ლურსმანაშვილმა, – საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ივალდებულა.

„პირადად ჩემი გადაწყვეტილებით და გუნდთან შეთანხმებით, მოსწავლეთა სახლის მუშაობას უარყოფითად ვაფასებ. ვალდებული არ ვარ, განვმარტო, თუ რატომ“, – განაცხადა ოთარ ლურსმანაშვილმა.   

დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან: ინგა მაღრაძემ („ლელო“), თორნიკე ავალიშვილმა, კობა გოგსაძემ და ქეთევან ზუმბაძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მოსწავლეთა სახლის საქმიანობის უარყოფითად შეფასების საფუძვლის განმარტება მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ ისინი მხარს უჭერდნენ არა კონკრეტულად ჰამლეტ ბერაძეს, არამედ ცდილობდნენ სამართლიანობის დაცვას.

კობა გოგსაძემ სხდომაზე განმარტა, რომ მოსწავლეთა სახლის საქმიანობის უარყოფითად შეფასებამდე, საკრებულოს უნდა დაესაბუთებინა, რა შეცდომებია დაშვებული და კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაეცა, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. კობა გოგსაძე ამბობს, რომ საკრებულოში ბევრი ანგარიში მოუსმენია და მათ შორის – ჰამლეტ ბერაძის ანგარიში იყო კომპეტენტურად და დასაბუთებულად წარმოდგენილი.

„თქვენი სისუსტეა, არგუმენტების გარეშე რომ იღებთ მოსწავლეთა სახლის საქმიანობის უარყოფითად შეფასების გადაწყვეტილებას. ვინც ეს გაიძულათ, ჰამლეტს კი არ უთხრა პირდაპირ, – „დაწერე განცხადება და წადიო“, არამედ საკრებულოს უმრავლესობის წევრებზე უნდა ხელის შეწმენდა“, – მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კობა გოგსაძემ.

ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პირს რეპრესიების დაწყება სურს და ამის საფუძვლად საკრებულოს შეფასების მოშველიებას აპირებს.

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი აღაშფოთა იმან, რომ დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან მოსწავლეთა სახლის საქმიანობის უარყოფითად შეფასება მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, ჩარევად მიიჩნიეს.

„ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ნურავის, საკრებულოს უმრავლესობის წევრები არ არიან მართულები. არავისგან სჭირდებათ ჭკუის დარიგება. მოსწავლეთა სახლის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. საკრებულოს ეს შეფასება საკადრო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს“, – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ ჰამლეტ ბერაძისგან გაცილებით დიდი მოლოდინები ჰქონდა, რადგან ის მოსწავლეთა სახლში ინვესტიციების მოზიდვას და ახალ პროექტებს გეგმავდა, რაც მისივე თქმით, არ განხორციელებულა.

„დავიღალეთ ამ დემაგოგიით, დაასაბუთეთ, რა გააკეთა ჰამლეტ ბერაძემ ცუდად, მიმართა ქეთევან ზუმბაძემ ვარლამ ჭიპაშვილს.

საკრებულოს სხდომაზე ჰამლეტ ბერაძემ განაცხადა, რომ მისთვის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლება მოულოდნელი არ იქნება, რადგან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სამჯერ გაუფორმეს მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები.

„მე ჩემი საკუთარი აზრისთვის ვისჯები“, – აღნიშნა ჰამლეტ ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ღია წერილით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა:

„2022 წლიდან ვმუშაობ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორად. ამ პერიოდში ჩემი ძალისხმევა და ენერგია ახალგაზრდების განათლებასა და მათ კულტურულ განვითარებას მივუძღვენი.

2024 წლის ოქტომბერში საჯაროდ დავაფიქსირე, რომ არ ვეთანხმებოდი მმართველი პარტიის პოლიტიკას და არ მივიღე მონაწილეობა მათ საარჩევნო კამპანიაში. ამის შემდეგ ჩემს სამუშაო პირობებში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ: 2024 წლის დეკემბრიდან სამჯერ გამიფორმდა მოკლევადიანი ხელშეკრულება – ერთი, ორი და კვლავ ერთთვიანი ვადით.

2025 წლის 7 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წლიური ანგარიში საკრებულომ უარყოფითად შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სრულად ასახავდა დაწესებულების საქმიანობასა და შედეგებს. შეფასება პოლიტიკურად მოტივირებულია და არ ეფუძნება ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს.

საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჩემ მიმართ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს დისკრიმინაციის მაგალითს და განპირობებულია ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით. მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უზრუნველყონ სამართლიანობა, ობიექტურობა და პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვა. არ უნდა დაუშვათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანების გარიყვა და მათი პროფესიული რეპუტაციის შელახვა“, – აცხადებს ჰამლეტ ბერაძე.

 „მოსწავლეთა სახლის საქმიანობის უარყოფითად შეფასებას არ ვეთანხმებით“

„ჩემი ხარაგაული“ საკრებულოს სხდომას პირდაპირ ეთერში, ფეისბუქგვერდის საშუალებით აშუქებდა, რასაც მოქალაქეებისგან კომენტარები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

ასევე გამოვკითხეთ მშობლები, რომელთა შვილებიც მოსწავლეთა სახლში სხვადასხვა წრეებზე დადიან და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ.

ლაშა ბერაძე, ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: – საკრებულოს სხდომას რომ ვუცქერდი, თავი სოფლის ბირჟაზე მეგონა. ეს რა მარაზმია – ერთმა თქვა და ცხვრებივით აჰყვა ყველა, ყველანაირი არგუმენტების გარეშე. თუ აფასებ უარყოფითად, თქვი რატომ. ბორის საჯარო სკოლა დავამთავრე და ჰამლეტ ბერაძე იყო მაშინ ჩვენი სკოლის დირექტორი. მან სკოლისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. საქმის მაკეთებელი ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლება დანაშაულია.

თორნიკე ბაკურაძე, მოსწავლეთა სახლის გალობის წრის რეგენტი: – ბატონი ჰამლეტ ბერაძე ეფექტურად მუშაობს. ძალიან გამჭრიახი, მოქნილი და დახვეწილი პიროვნებაა. ყველა თანამშრომელთან აქვს იდეალური ურთიერთობა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ერთი დიდი ოჯახია. ყველას გვიხარია იქ მისვლა და მუშაობა – დიდსაც და პატარასაც.

ბრძანეთ, პატივცემულო მეგობრებო, რატომ აფასებთ უარყოფითად მის, ანუ – ჩვენს მუშაობას. უსამართლობის განცდა მაქვს. ჰამლეტის მუშაობა არ მოგწონთ, თუ ჩვენი – ყველასი ერთად?! რატომ აკნინებთ ჩვენს შრომასა და თავდადებას?! ამ დრომდე ყოველთვის გვქონდა თქვენი მხრიდან მხარდაჭერა და დაფასება. გულწრფელად ვამბობ – ვერაფერი გავიგე და დავინახე, ბუნდოვანი და ზერელე ფორმულირების გარდა.

ქეთევან ზუმბაძე, საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“: – ბატონი ჰამლეტის დანიშვნის შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. გარემო მოწესრიგებულია და ბავშვებს იქ მისვლა უხარიათ. არის უფასო, მოსწავლეებისთვის საინტერესო წრეები.

საკრებულოს აქვს ერთი „ჯადოსნური ოთახი“. იმ ოთახიდან გამოსული ადამიანები ყველა ერთ აზრზეა. ასე მოხდა ახლაც, – ყველამ უარყოფითად შეაფასა მოსწავლეთა სახლის მუშაობა. კითხვაზე, „რატომ?“ პასუხი არ აქვთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ უხერხულობის გამო ხელის აწევაც ვერ გაბედეს.

ნინო ცისკაძე, მარელისის სკოლის პედაგოგი: – რა სამწუხაროა ეს შეფასება. მოსწავლეთა სახლი ერთ-ერთი ნათელი წერტილია ხარაგაულში, სადაც საუკეთესო პედაგოგები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე მუშაობენ.

ხათუნა მანჯავიძე, ხარაგაულის #2 სკოლის პედაგოგი: – თავმოყვარე დეპუტატი დაუყოვნებლივ დატოვებდა საკრებულოს, რადგან ეს არც პირველია და არც ბოლო იქნება. აწი რას გააკეთებინებენ, ღმერთმა იცის.

გოჩა ჩხაბერიძე, ექიმი, ემიგრანტი: – მორჩილი მონების მლიქვნელური საუბარი და ქმედებები საშინელი საყურებელი და აღსაქმელია. ყველა კარგად ვიცნობთ ჰამლეტის და გრცხვენოდეთ. სამართალი აუცილებლად აღსდგება – ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა.

მაია ბერაძე, მშობელი: – უმძიმესი მოსასმენია ეს „დავალებული“ უარყოფითი შეფასება. ტაძარში რომ მიხვალთ, მორწმუნენო, არ დაგავიწყდეთ აღსარებაში თქვენი „კარგი კაცობის“ მონანიება.

ბატონ ჰამლეტს არავისი დაცვა არ სჭირდება, – არის ღირსეული და თავისუფლად მოაზროვნე. ბავშვებს მოსწავლეთა სახლში მისვლა უხარიათ. საუკეთესო ღონისძიებები და აქტივობები ტარდება.

მარინე გოგია, მოსწავლეთა სახლის ხატვის წრის მასწავლებელი, მშობელი: – საკრებულოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. რა შეაფასეს ურაყოფითად – ბავშვებთან ურთიერთობები, წრეების განრიგი, მასწავლებლების კომპეტენცია? რა არგუმენტი აქვთ? მე, როგორც მოსწავლეთა სახლის თანამშრომელი და მშობელი, საკრებულოსგან კატეგორიულად მოვითხოვ განმარტებასა და დასაბუთებას, რატომ შეფასდა უარყოფითად მოსწავლეთა სახლის საქმიანობა! იქნებ, მართლა საგანგაშოდაა საქმე და გაგვაგებინონ, რა ხდება უარყოფითი ჩვენს თავს, იქნებ ჩვენც უნდა გავაპროტესტოთ და ავლაგმოთ.

საკრებულოს ეს ამაზრზენი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი საშიშროების წინაშე ვართ – მოგვადგებიან, შეგვავიწროვებენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოგვხსნიან და ბოლოს შეიძლება მოგვკლან კიდეც. არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ამ ყველაფერს მშვიდად უყურებენ. ეს ნიშნავს ჩემი შვილების ხვალინდელ გაუბედურებულ დღეს. როგორ შეიძლება, ეს მოგწონდეს და არ გააპროტესტო?!

ლევან შარიქაძე, მშობელი: – ჩემი შვილი მოსწავლეთა სახლში რამდენიმე წრეზე დადის და კმაყოფილია. მეცადინეობები არ უცდება და თავადაც ცდილობს არ გააცდინოს, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობს. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ასწავლიან.

ნატო ჭიპაშვილი, მშობელი: – ჩემი შვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ინგლისურის, კინომოყვარულთა, ხატვის, გეოგრაფიის წრეებზე დადის. არ ვეთანხები მათი საქმიანობის უარყოფითად შეფასებას. ბავშვი გააქტიურებულია და დრო უქმად არ ეკარგება. ძალიან კმაყოფილი ვარ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პედაგოგები და დირექცია ბავშვების განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ. დიდი საცოდაობა იქნება, მათ ეს სიკეთე რომ დავუკარგოთ.

საბა ებანოიძე, სტუდენტი: – გადაწყვეტილებაზე პასუხს ვერ მოსთხოვ იმას, ვისაც ეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ყურადღებას გავამახვილებ „ვიცი, მაგრამ არ მინდა და არ გეტყვი“ დეპუტატებზე, თავჩაქინდრულ, მაგრამ ხელაწეულ საკრებულოს წევრებზე და მათზე, ვინც ბატონ ჰამლეტთან ნაცნობობისა თუ სხვა მიზეზების გამო, თავი შეიკავა შეფასებისგან და სახეწაშლილი იჯდა დარბაზში.

თუ კიდევ კითხვა გაგიჩნდებათ, რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ხარაგაულს და, ზოგადად, ქვეყანას, ამის პასუხს სწორედ ამ ვიდეოში ნახავთ.

კომუნისტური აზროვნებისა და მენტალიტეტის ადამიანები, ათწლეულებია, „გადაწყვეტილებების მიმღებებად“ ითვლებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თბილი სავარძლის, მსუყე ხელფასისა და პრივილეგიების ფონზე, – ხან რომ გაჩუმდებიან და ხანაც იმას იტყვიან, რაც მათი კეთილდღეობისთვის არის საუკეთესო;

პატივსაცემ, შეუცვლელ, უალტერნატივო კადრებად რომ მოაქვთ თავები, ამ დროს კი არ გააჩნიათ არავითარი სასარგებლო უნარი, ცოდნა და, რაც მთავარია, ღირსება;

ადამიანები, რომელთაც არასდროს სხვა სამსახური არ ჰქონიათ;
რომელთაც არასდროს საკუთარი საქმე არ წამოუწყიათ;
რომელთაც არასდროს სხვებისთვის ხელი არ გაუმართავთ;
რომელთაც არც ერთი კერძო დამსაქმებელი არ აიყვანს მათი მწირი უნარების, განათლებისა და ამ საუკუნესთან შეუთავსებელი ხედვების გამო;
ადამიანები, რომლებსაც თვითგანვითარებაზე არასდროს უფიქრიათ.

ეს ხალხი ვერც ერთ სამართლიან სახელმწიფოში მსგავსი დალხენილი ცხოვრებით ვერ იცხოვრებდა. ჩვენთან კი სასათბურე პირობები აქვთ. შეჯდნენ ბიუჯეტზე და ასე აპირებენ ყოფნას, სიცოცხლის ბოლომდე.

უნდათ ამათ ევროპა, თანასწორი გარემო, ლიბერალური ღირებულებები, სამართლიანი სასამართლო და თავისუფალი არჩევნები? – არ უნდათ.

ესაა მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, სწორედ ეს არ მოგვწონს და იმას ვაპროტესტებთ, რომ საქართველოში უღირსი და უპრინციპო უფრო მარტივად აღწევს წარმატებას, ვიდრე განათლებული, შრომისმოყვარე, ნიჭიერი, პატიოსანი და თავისუფალი ადამიანი.

სააღდგომოდ ჭიქას რომ წააქცევთ სასაფლაოზე და სინანულით იტყვით: „სულ დაცლილია სოფლები, აღარავის ხარაგაულისკენ გამოხედვა არ უნდაო“, საკრებულოს სხდომის ამსახველი ეს ვიდეო და ჩვენი „ინტელიგენცია“ გაიხსენეთ…

ლაურა გოგოლაძე
ნინო კაპანაძე