

სოციალური ქსელები გლობალური ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.79 მილიარდს მიაღწია, რაც დედამიწის მოსახლეობის თითქმის 70%-ს შეადგენს. თუმცა, ამ მასშტაბური ციფრული ტალღის პარალელურად, სულ უფრო მწვავედ დგება მოზარდებისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხი.
არასრულწლოვნები და სოციალური ქსელები: მზარდი სტატისტიკა და რისკები
კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში სოციალური მედიის მოხმარება თითქმის საყოველთაო ხასიათს ატარებს. 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდთა 95% აქტიურად იყენებს სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას, ხოლო მათგან მესამედზე მეტი აღიარებს, რომ სოციალურ ქსელებში „თითქმის მუდმივად“ იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმების უმეტესობაზე რეგისტრაციისთვის მინიმალურ ასაკად 13 წელია დადგენილი, 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების თითქმის 40% მაინც სარგებლობს ამ სერვისებით.
ასეთი ფართო გავრცელების მიუხედავად, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ანალიზი სოციალური მედიის გავლენის შესახებ ჯერ კიდევ მწირია.
მკვლევრები, მშობლები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თავად ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ შეშფოთებას იმ უარყოფითი გავლენის გამო, რაც ამ პლატფორმებს მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აქვს.
არსებული მონაცემები მოწმობს, რომ მიუხედავად გარკვეული სარგებლისა, სოციალურ ქსელებს თან ახლავს სერიოზული რისკები, მათ შორის კიბერბულინგი, ინტერნეტ-დამოკიდებულება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და არასასურველი კონტაქტები უცხო პირებთან.
დღესდღეობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ სოციალური მედია ბავშვებისთვის სრულად უსაფრთხოა. ამან მრავალი ქვეყნის მთავრობას მკაცრი ზომების მიღებისკენ უბიძგა.
რომელ ქვეყნებში იკრძალება სოციალური ქსელები მოზარდებისთვის?
ავსტრალია: 2025 წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობა კანონით აკრძალა. შეზღუდვა ეხება ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram, Snapchat, Threads, TikTok, X, YouTube, Reddit, Twitch და Kick (აკრძალვა არ ვრცელდება WhatsApp-სა და YouTube Kids-ზე).
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტექნოლოგიურ გიგანტებს შესაძლოა 49.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე (დაახლოებით 34.4 მლნ აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისროთ. ასაკის გადამოწმება კომპლექსური მეთოდებით უნდა მოხდეს და არა მხოლოდ მომხმარებლის მიერ საკუთარი ასაკის მითითებით.
საფრანგეთი: ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებზე წვდომას 15 წლამდე მოზარდებს უკრძალავს. კანონი ძალაში შესაძლოა მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევიდეს. ამასთანავე, საფრანგეთი კრძალავს მობილური ტელეფონების გამოყენებას უფროს კლასებშიც (დაწყებით და საშუალო სკოლებში ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს).
დიდი ბრიტანეთი: პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა ინიციატივა, რომელიც 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების (Snapchat, TikTok, YouTube, Instagram, Facebook, X) აკრძალვას ითვალისწინებს.
შეზღუდვა არ შეეხება მესენჯერებს, როგორიცაა WhatsApp და Signal. გარდა ამისა, შეიზღუდება ხელოვნური ინტელექტის მქონე ე.წ. „რომანტიკული ჩატბოტებიც“ – მათით სარგებლობას მხოლოდ 18 წელს გადაცილებული პირები შეძლებენ. აკრძალვა, სავარაუდოდ, 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება.
კანადა: წარადგინა ციფრული უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს. თუმცა, კომპანიებს შეუძლიათ აირიდონ ეს შეზღუდვა, თუ დაამტკიცებენ, რომ აქვთ ბავშვების დასაცავად შემუშავებული ეფექტური პოლიტიკა. კანონის საბოლოო მიღებას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს.
დანია: გეგმავს სოციალური ქსელების აკრძალვას 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ხელისუფლებამ მხარდაჭერა უკვე მოიპოვა საპარლამენტო პარტიებისგან. კანონი შესაძლოა 2026 წლის შუა პერიოდში ამოქმედდეს. დანიის ციფრული საქმეთა სამინისტრო სპეციალურ ასაკის გადამოწმების აპლიკაციასაც ამზადებს.
საბერძნეთი: 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა 2027 წლის იანვრიდან აიკრძალება. მთავრობის მიზანია ებრძოლოს ბავშვებში მზარდ შფოთვას, ძილის დარღვევებსა და პლატფორმების მიერ ხელოვნურად შექმნილ დამოკიდებულებას.
ინდონეზია: აცხადებს, რომ 16 წლამდე ბავშვებს შეეზღუდებათ ისეთი პლატფორმებით სარგებლობა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram, Threads, X, Bigo Live და Roblox.
ესპანეთი: იგეგმება 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა, რასაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება. ქვეყანა ასევე გეგმავს კანონის მიღებას, რომელიც პლატფორმების ხელმძღვანელებს პირად პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ სივრცეში სიძულვილის ენის გავრცელებაზე.
თურქეთი: პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. კანონის ასამოქმედებლად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
ავსტრია: 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალვის დაწესებას გეგმავს (კანონპროექტი მიმდინარე წლის ივნისისთვის უნდა მომზადდეს).
გერმანიაში განიხილავენ ინიციატივას 16 წლამდე ბავშვებისთვის აკრძალვის შესახებ, თუმცა სამთავრობო კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.
პოლონეთი, სლოვენია და მალაიზია ასევე მუშაობენ საკანონმდებლო ინიციატივებზე 15 ან 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვის მიმართულებით.
ბავშვებისა და მოზარდების ციფრული უსაფრთხოების საკითხი მსოფლიო დონეზე სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურ გიგანტებთან სამართლებრივი დაპირისპირება და ასაკის ეფექტური კონტროლი რთულ ტექნიკურ გამოწვევად რჩება, ქვეყნების მზარდი რაოდენობა მზადაა რადიკალური ზომები მიიღოს მომავალი თაობის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად.
სოციალური ქსელები გლობალური ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.79 მილიარდს მიაღწია, რაც დედამიწის მოსახლეობის თითქმის […]
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნეს
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს
დაიწყო რეგისტრაცია მერების შეთანხმების ყოველწლიური ცერემონიისთვის,
როგორ და რა პირობებში ცხოვრობენ ხარაგაულელები, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ხარაგაულში მცხოვრები