„ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი

საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტისას.

„ახლახანს დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან.

ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე ეკონომიკურ პროგრესს.

ლუქსემბურგის პარლამენტარებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, თუ რა როლს თამაშობს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ასევე, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებაზე.

დღეს ასევე შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში და აქაც, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს.

ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მასპინძლები იყვნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსესი.

გაფართოებულ ფორმატში მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სხვადასხვა კომიტეტის წევრები.

წყარო