ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ყოველდღიურად ფიქრობენ საკუთარ მომავალზე, მიზნებსა და შესაძლებლობებზე. თუმცა, მათ ხშირად სხვადასხვა სირთულეებთან უწევთ გამკლავება, რაც გავლენას ახდენს მათი გეგმებისა და არჩევანის ჩამოყალიბებაზე. იმის გასარკვევად, თუ როგორ ხედავენ ახალგაზრდები საკუთარ მომავალს და რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში, რამდენიმე უფროსკლასელი გამოვკითხე – ანა ტაბატაძე, მარიამ კეკელიძე და თემო ნიშნიანიძე.

– რა არის შენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე და რამდენად ფიქრობ, რომ ხარაგაულში გაქვს შენი მიზნის მიღწევის რეალური შესაძლებლობა?

ანა ტაბატაძე: – ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანია, ხარისხიანი განათლება მივიღო და აქტიურად ჩავერთო ახალგაზრდულ და სამოქალაქო პროექტებში. მინდა განვვითარდე, როგორც ლიდერი და მომავალში ჩემი ცოდნა საზოგადოების სასარგებლოდ გამოვიყენო. ხარაგაულში, გარკვეულწილად, ამის შესაძლებლობა მაქვს.

მარიამ კეკელიძე: – ამ ეტაპზე ჩემი პრიორიტეტია სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარება და სწავლა, პროფესიას რომ დავეუფლო.

თემო ნიშნიანიძე: – ჩემი მოკლევადიანი გეგმა, ამჟამად, კარგი განათლების მიღებაა. მართალია, ხარაგაულში მრავლად არიან გამოცდილი მასწავლებლები, რომლებიც მიზნის მიღწევაში მეხმარებიან, თუმცა, მუნიციპალიტეტი განათლების მიღებაში დიდ როლს არ თამაშობს.

– რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელსაც აწყდები შენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე და როგორ მოქმედებენ ისინი შენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე?

თემო ნიშნიანიძე: – ყველაზე დიდ დაბრკოლებას საკუთარ თავში ვაწყდები. ყოველდღიურად ვმუშაობს შინაგან „მე“-სთან, სიზარმაცის დასაძლევად, – ჩემი მომავლისთვის.

ანა ტაბატაძე: – ჩვენს მუნიციპალიტეტში რესურსები შეზღუდულია – ნაკლებია ტრენინგები, მენტორები და პროფესიული განვითარების პლატფორმები. ამიტომ აქ მიზნის მიღწევა თვითინიციატივასა და ძალისხმევას მოითხოვს.

მარიამ კეკელიძე: – ხარაგაულში არიან სხვადასხვა ინტერესების მქონე მოზარდები, რომელთაც უჭირთ სასურველ სფეროში განვითარება; მაგალითად, სპორტის, ხატვის, ცურვის, მუსიკის და სხვ.

– გიფიქრია თუ არა ხარაგაულის დატოვება შენი მომავლისთვის? თუ კი, რა ფაქტორები გიბიძგებს ამ გადაწყვეტილებისკენ?

თემო ნიშნიანიძე: – ჩემი ამჟამინდელი მიზანი უმაღლესი განათლების მიღებაა, რაც ხარაგაულში ფიზიკურად წარმოუდგენელია.

ანა ტაბატაძე: – მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში მეტი რესურსია, მიზნის მიღწევა შესაძლებელია მაშინაც, როცა თავად ქმნი შესაძლებლობებს. ხარაგაულის დატოვებას ვგეგმავ მხოლოდ უმაღლესი განათლების მისაღებად და შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო იმ საზოგადოების ნაწილი, სადაც გავიზარდე.

მარიამ კეკელიძე: – ამ ეტაპზე ხარაგაულის დატოვებას არ ვგეგმავ და ვცდილობ, აქ განვვითარდე.

– რა ცვლილება გააუმჯობესებდა შენს შესაძლებლობებს, რომ უკეთ მიაღწიო მიზნებს აქ, საკუთარ მუნიციპალიტეტში და თუ გადაგიდგამს რაიმე ნაბიჯი ამ რეალობის შესაცვლელად?

მარიამ კეკელიძე: – ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო ყველა იმ პროექტში, რაც სკოლაში და სკოლის ფარგლებს გარეთ ტარდება. ეს მეხმარება გამოცდილების მიღებასა და გაზიარებაში.

თემო ნიშნიანიძე: – ხარაგაულში თუ იქნებოდა კარგი სასწავლებელი, შესაბამისასდ აქ მექნებოდა იმის საშუალება, რომ უმაღლესი განათლება მიმეღო. ამ რეალობის შესაცვლელად არაფერი მიცდია.

ანა ტაბატაძე: – შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი იქნებოდა ახალგაზრდული სივრცეების შექმნა, პროფესიული ორიენტაციის პროგრამები და მეტი არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტი. მეც ვცდილობ ვიყო ცვლილებების ნაწილი – ვერთვები და ვთანამშრომლობ ორგანიზაციებთან, შემდეგ კი ინფორმაციას, შეძლებისდაგვარად თანატოლებს ვუზიარებ.

nგამოკითხვისას გამოიკვეთა ახალგაზრდების განსხვავებული მიზნები და გეგმები. თუმცა, მათ პასუხებში რამდენიმე საერთო საკითხიცაა: მოსწავლეები საუბრობენ განათლების, პროფესიული განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სურვილზე. ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ გარკვეულ სირთულეებსაც, რაც რეგიონში ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. მათი პასუხები აჩვენებს, თუ როგორ ხედავენ ახალგაზრდები საკუთარ მომავალს და რა მნიშვნელობას ანიჭებენ გარემოს, რომელშიც ისინი იზრდებიან.

მარიამ ლურსმანაშვილი