თანამედროვე სამყაროში ოჯახური პასუხისმგებლობებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული ვალდებულებების შეთავსება მრავალი ქალისთვის ძირითად გამოწვევად რჩება. თუმცა, მარიკა ხარატიშვილის მაგალითი აჩვენებს, რომ მცირე ბიზნესის მართვა და სამი შვილის აღზრდა შესაძლებელია დროის სწორად განაწილების ხარჯზე. მარიკა ხარატიშვილი არის პროგრამით – „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებული ერთადერთი პიროვნება ხარაგაულიდან, რომელიც საქმიანობას დღემდე აგრძელებს.

„ბიზნესი მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, – ამბობს მარიკა, – ეს არის თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, რაც დამატებით ენერგიას მაძლევს შვილებთან ურთიერთობის პროცესში; როდესაც ხედავ შრომის საჭიროებას, ფლობ მცირე ბიზნესს და გყავს სამი შვილი, უკვე აღარ გაქვს უფლება, ერთ ადგილას უმოქმედოდ იყო.

მარიკა ხარატიშვილმა 2017 წელს გაიმარჯვა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. 2018 წლიდან ამ პროგრამის დაფინანსებით გახსნა ფოტო-ვიდეო სალონი ხარაგაულში და დღემდე მისი ხელმძღვანელია. ახლა კი თავად მოგვიყვება, როგორია სამი შვილის დედისა და მცირე ბიზნესის მფლობელის ამპლუა პატარა მუნიციპალიტეტში და გაიხსენებს სხვადასხვა მოვლენას პირადი გამოცდილებიდან.

– როგორ ახერხებთ სამი შვილის აღზრდას, მცირე ბიზნესის წარმოებასთან ერთად?

– ვფიქრობ, როცა გყავს შვილები, უკვე ღმერთი გაძლევს უნარს, აღზარდო ისინი და ამავდროულად, აკეთო საყვარელი საქმე.

– რა სირთულეები ახლავს მცირე ბიზნესის მართვას პატარა მუნიციპალიტეტში?

– პატარა მუნიციპალიტეტში მცირე ბიზნესის მართვას მრავალი სირთულე ახლავს. პირველი, ესაა მოსახლეობის სიმცირე. ერთ ადამიანს რამდენჯერ შეიძლება დასჭირდეს ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვამზადებთ. დიდ მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში, სადაც მაქვს ჩემს კოლეგებთან ურთიერთობა, ვიცი მათი მუშაობის ინტენსივობა და საკმაოდ დიდი ბრუნვა აქვთ. აქ მისი მეოთხედის გაკეთების საშუალება მაქვს. მეორე მხრივ, ჩემი ფოტო-ვიდეო სალონი იძლევა პატარ-პატარა საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, როგორიცაა მაგალითად, დოკუმენტებისთვის საჭირო ფოტოს გადაღება. ამ ადამიანებს ამ მიზეზით სხვაგან წასვლა რომ არ უწევთ, ეს უკვე ჩვენი ბიზნესის პლუსია. სირთულე ბევრია, – მომარაგება, გზის გაკვლევა, ბიზნესისთვის საჭირო რესურსების მოძიება… თუმცა, ვცდილობთ…

– რომელია ის ერთი ფოტო, რომელიც თქვენს ოჯახურ ალბომში ყველაზე ძვირფასია და რატომ?

– ჩვენს ოჯახურ ალბომში ყველა ფოტო ძვირფასია. თუმცა, ახალდაბადებული სოლომონის ფოტო გამახსენდა, რომელსაც გაოცებული თვალებით უყურებენ უფროსი ძმები ვაჩე და ერეკლე. არ ვიცი, რას ელოდნენ. თუმცა, ალბათ, უმცროსი ძამიკო ასეთი პატარა ვერ წარმოედგინათ.

– თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი კლიენტი. რა ემოცია გქონდათ, როცა პირველი შეკვეთა დაასრულეთ?

– ჩვენი პირველი შეკვეთა იყო ჭიქა დედის დღისთვის, რომელზეც გამოსახული იყო ია. შეგვეშალა და ეს ყვავილი ჭიქაზე უკუღმა დავბეჭდეთ. საბოლოოდ, დიდი წვალების შემდეგ, გამოგვივიდა და ჩვენზე ბედნიერი იმ დროს არავინ იყო.

– რა არის თქვენი სალონის სავიზიტო ბარათი?

– ჩვენი ფოტო-ვიდეო სალონის სავიზიტო ბარათია წითელი ჯიხური. უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც ხარაგაულში წითელი ჯიხური დავდგით. ამგვარი ფუნქციის მქონე ჯიხური სხვაგან არსად მეგულება. აქ თაროებზეა ის ნივთები, რომელთა შეძენაც ჩვენთან არის შესაძლებელი.

– ხედავთ თუ არ თქვენს რომელიმე შვილში თქვენს მომავალ კოლეგას, ან ბიზნესის გამგრძელებელს?

– შვილებს ვუქმნით უზრუნველყოფილ გარემოს, რომ გადაიღონ პატარა ფოტო, ლამაზი კადრები. თუმცა, ჯერჯერობით, არ გამოუვლენიათ განსაკუთრებული ინტერესი ამ საქმიანობის მიმართ. არ ვიცი, სამომავლოდ რას გადაწყვეტენ.

– როგორ შეცვალა დედობამ თქვენი ხედვა ცხოვრებაზე?

– 18 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. 21 წლის ასაკში დედა გავხდი. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ამ ასაკში ჯერ კიდევ ბავშვი ხარ. ცხადია, ჩემი ხედვა დედობამ შეცვალა. თუმცა, გააზრებულად არ მახსოვს, როგორია ცხოვრება შვილებისა და დედობრივი პასუხისმგებლობის გარეშე.

– თქვენი საქმიანობის შესახებ კიდევ რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

– ჩვენ გვსურს ხარაგაული უფრო მეტად ცნობილი გახდეს. პოპულარიზაციას ვუწევთ იუთუბ არხითაც – „ხარაგაული და ხარაგაულელები“. სულ ვცდილობთ ჩვენს საქმიანობაში სიახლის შემოტანას. სწორედ ამიტომ ბევრი ვიშრომეთ, რომ დაგვემზადებინა ტაძრის პატარა მაკეტები და სიმბოლურ ფასად გაგვეყიდა. მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, გივი კურტანიძეს, რომელმაც ეს მაკეტები საკუთარი ხელით დაამზადა.

ლიზი კურტანიძე