მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ეფემია (პიროვნება გამოგონილია და სახელი პირობითად არის შერჩეული) მშვიდი და წყნარი გოგონაა, მაგრამ სკოლაში, ჭარბწონიანობის გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა. კლასში რამდენიმე მოსწავლე დასცინის, მასზე ერთმანეთს ეჩურჩულებიან – „ნახე, სპილო“, „ბეჰემოთი მოდის“, ხანდახან მის დანახვაზე იცინიან კიდეც.

შესვენებაზე ეფემია ხშირად მარტო დგას, სხვებთან მიახლოებას ერიდება, ეშინია, რომ ისევ დასცინებენ ან რამე სათაკილოს ეტყვიან.

გაკვეთილებზე, განსაკუთრებით კი სპორტის გაკვეთილზე, სიტუაცია უფრო მწვავდება. სირბილის დროს ეფემია რომ თანაკლასელებს უკან ჩამორჩება, კლასელები დამცინავად უყურებენ, ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებიან და სირბილს განაგრძობენ.

ასეთმა სიტუაციებმა ეფემია, ნელ-ნელა, კიდევ უფრო ჩუმი და ჩაკეტილი გახადა. ის ცდილობს ნაკლებად გამოჩნდეს, ყურადღება არ მიიქციოს, უარს ამბობს სასკოლო ღონისძიებებში ჩართვაზე, რადგან ფიქრობს, რომ ასე ნაკლებ ყურადღებას მიიქცევს და აღარ დასცინებენ.

ეფემიას თანაკლასელების ასეთი დამოკიდებულება არავისთვის გაუმხელია, არც ოჯახისთვის. ის ფიქრობდა, რომ ასე სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებდა. ეფემია იმდენად დათრგუნული იყო, რომ სწავლასაც ვეღარ ახერხებდა. სწავლის ხარისხი დღითი დღე უარესდებოდა. მასწავლებლები ამჩნევდნენ მის რადიკალურ ცვლილებას, თუმცა მიზეზების გამოსაკვლევად არ უზრუნიათ.

nდავინტერესდით, რას ფიქრობენ ხარაგაულელი ახალგაზრდები სკოლაში ბულინგზე. ბულინგის ეს ისტორია ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან მაჭავარიანსა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე თაზო ხაჩიძეს გავაცანით. მათი თქმით, გოგონას ერთადერთი „დანაშაული“ უთქმელობაა, ის ემოციებს თავის თავში იგროვებს. აუცილებელია გოგონას მხარდაჭერა; თუნდაც ერთი ადამიანი მის გვერდით, მას ამ მძიმე მდგომარეობას შეუმსუბუქებს. ამ საკითხზე კლასელების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია. ბულინგს ერთი ადამიანი ვერ აღმოფხვრის, ამ საქმეში მრავალი ადამიანის ჩართვაა აუცილებელი, რომ დროულად შეჩერდეს. ბულინგი ძლიერ ფსიქო-ემოციურ ტრავმას იწვევს და შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

თაზო ხაჩიძის აზრით, „ბულინგს ძლიერი გავლენა აქვს ახალგაზრდის ცხოვრებაზე, სწავლის ხარისხზე. თუ კლასში არაჯანსაღი გარემო და ურთიერთობებია, სწავლების პროცესი რთულად მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში ძნელია გაიაზრო, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი განათლება.

ხშირ შემთხვევაში, მჩაგვრელი ბავშვიც ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმას განიცდის, – შესაძლოა, მჩაგვრელი ოჯახში სტრესშია და საკუთარ ემოციებს ვერ გამოხატავს. მისი ეს მდგომარეობა, შესაძლოა, თანაკლასელის ბულინგის მიზეზი გახდეს. ბულინგის შეჩერება სკოლაში რთულია. მეტმა განათლებამ, ინფორმირებულობამ ამ საკითხებზე და უფრო მჭიდრო ურთიერთობებმა შეიძლება პრობლემა თავიდან აგვარიდოს. აუცილებელია მასწავლებლის ჩარევაც. თუმცა, ჩარევის ფორმა ძალიან მნიშნელოვანია“, – ამბობს თაზო ხაჩიძე.

ქეთევან მაჭავარიანი ამბობს, რომ „ბულინგის დროს საკუთარ თავში იკეტები, მერე იწყება ფიქრები, რომ შენი თითოეული მოქმედება შეიძლება კვლავ ბულინგის მიზეზი გახდეს. კომპლექსები მრავლდება და ყველაფრის მიმართ ინტერესი იკარგება.

ბულინგის თემას საზღვარი არ აქვს, ბულინგის წამოწყება ყველა საკითხზე შეიძლება, აუცილებელია თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის სიყვარული. არავის უნდა მისცე უფლება, რომ ცხოვრება დაგინგრიოს. ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, რომ სხვა შეიყვარო. მჩაგვრელებს საკუთარი თავიც არ უყვართ, სხვა როგორ ეყვარებათ, ისინი არაჰუმანურები არიან. ისეთი რამ არ უნდა გააკეთო, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ“.

„კლასში ხშირად შეესწრები სიტუაციას, რომელიც ბულინგის საწყისი შეიძლება გახდეს, – ამბობს ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი ნინო ხარაძე, – ბავშვები ფიქრობენ, რომ ამას საერთო არ აქვს ბულინგთან, თუმცა სიტუაცია შეიძლება უარესობისკენ შემოტრიალდეს. აუცილებელია ბავშვებთან ხშირი კომუნიკაცია.

ეფემიას კლასში ყველანაირ გზას ვცდიდი, რომ მისი თანაკლასელისთვის მესწავლებია, რომ რაიმე ნიშნით სხვისი ჩაგვრა არ შეიძლება. ერთ დღეში შეუძლებელია ეს მოსწავლეს გაააზრებინო, თუმცა სისტემატური საუბრით შედეგს მივაღწევთ“.

ნინო მასწავლებლის აზრით, „ბულინგის დამალვის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბულინგის მსხვერპლს ყურადღების ცენტრში ყოფნის ეშინია, – ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ თუ ბულინგის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებენ, ამით სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებენ და ამიტომ ჩრდილში ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. ბულინგი ისეთია, შეიძლებელია უფროსმა ვერ შენიშნოს, მით უმეტეს მასწავლებელმა. რთულია იმუშაო მჩაგვრელისა თუ ჩაგრულის მშობლებთან. აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევაც, რომ მოზარდები ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლდნენ. ჩვენს სკოლაში ორი მოძღვარია, შეიძლება ფსიქოლოგი მამაომ ჩაანაცვლოს  და ის ესაუბროს ბავშვებს ამ საკითხებზე, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – მიაჩნია ნინო ხარაძეს.

მარიამ დეკანოსიძე