ხარაგაულში მულტიფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული, ტურისტული, საგანმანათლებლო)/ცენტრის მოწყობა იგეგმება. ხარაგაულის თვითმმართველობა ამ ცენტრის განთავსებას ყოფილი უნივერმაღის სამსართულიან შენობაში აპირებს. ამ შენობის სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კომპანიამ შპს „არქიტრავი -XXI“ 2026 წლის 25 მარტისთვის უნდა მოამზადოს.

„საპროექტო ობიექტი წარმოადგენს 3 სართულიან შენობას ვიტრაჟებით, რომელიც არის ძლიერ დაზიანებული, აღსადგენია შენობის მდგრადობა, ფასადი, შიდა და გარე კიბეები, სახურავი, ასევე საჭიროა შიდა სივრცის რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან მომზადებულ სატენდერო დოკუმენტაციაში. ამავე დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ სამსართულიანი შენობის აღდგენას, სავარაუდოდ, 700 ათასი ლარი დასჭირდება.

უნივერმაღის ყოფილი შენობის მეორე სართულის ერთი ნაწილი კერძო პირების საკუთრებაშია, მეორე ნაწილი, სადაც კერძო მოვაჭრეები არიან განთავსებული – თვითმმართველობის.

დავინტერესდით, ხარაგაულის თვითმმართველობამ შესთავაზა თუ არა ქონების გამოსყიდვა ყოფილი უნივერმაღის შენობაში ფართების მფლობელ კერძო პირებს; ასევე – რამდენად შეძლებენ ამ შენობაში მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას.

ამ შენობის მეორე სართულზე ფუნქციონირებს სილამაზის სალონი. მისი მეპატრონე და ფართის მფლობელი მარი ნარსავიძე ამბობს, რომ ფართის გაყიდვას არ აპირებს.

„ეს შენობა რომ საფრთხის შემცველია, ყველამ იცის, – ამბობს მარი ნარსავიძე, – მესამე სართულიდან მინები ცვივა, ხოლო წვიმიან ამინდში წყალი ჩამოდის. გასულ წლებში რამდენჯერმე მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ სახურავი მაინც შეეკეთებინათ. ჩემი შემოსავლის წყარო მხოლოდ ეს სალონია – ორ შვილს ამით ვარჩენ. რა თანხაც უნდა შემომთავაზონ,  არ ვარ დაინტერესებული მისი გაყიდვით. ეს ფართი თავის დროზე ადგილის გამო ვიყიდე და სხვაგან წასვლას არ ვაპირებ“.

„პირადად მე არავინ შემხმიანებია, – ამბობს მარიკა ლურსმანაშვილი, – ჩამოყალიბებული არ ვარ, თუმცა, ფართის გაყიდვას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ჩემი სტუდენტობის დროს მაგ შენობაში ახალგაზრდული კაფე ფუნქციონირებდა – ვიკრიბებოდით და ძალიან კარგ ღონისძიებებს ვაწყობდით. მსგავსი ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა თუ იგეგმება, მივესალმები“.

ფართის მფლობელებს – ჟუჟუნა კალანდაძესა და ეთერ ნიქაბაძეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, კუთვნილ ფართს გაყიდიან თუ არა.

„დავაკვირდები მოვლენების განვითარებას. იმ შენობაში პატარა ფართს ვფლობ. შევხედავ, რა და როგორ იქნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებ“, – ამბობს გრიგოლ (გია) ჭიპაშვილი, უნივერმაღის შენობაში კერძო ფართის მფლობელი.

ამ შენობის მეორე სართულზე კერძო მოვაჭრეები არიან განთავსებული. ინდმეწარმე ნინო ლომიძე ამბობს: – „ჩვენ ვიყავით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან და ძალიან კარგად დაგველაპარაკა. დაგვპირდა, რომ შენობის რემონტის დასრულებამდე აქ ვიქნებით.

შემდეგ თუ დაგვრთავენ ნებას, ისევ შემოვალთ. ახლა სხვა ფართში გადასვლის არც სურვილი გვაქვს და არც შესაძლებლობა. ამ ფართში ქირას არ ვიხდით და ამიტომ აქ ყოფნა გვირჩევნია. ველოდებით, მოვლენები როგორ განვითარდება“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზურაბ ბანცაძე ამბობს, რომ უნივერმაღის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის პროექტი გარდამავალია. მისი ინფორმაციით, წელს მოწესრიგდება შენობის სახურავი და გარე ფასადი, განხორციელდება შენობის გამაგრებითი სამუშაოები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ  კერძო მესაკუთრეებთან დაკავშირებული საკითხი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის.

„ამ ეტაპზე შენობის იერსახის მოწესრიგებაა ჩვენი პრიორიტეტი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მთავარია, შენობა გახდეს უსაფრთხო. კერძო მესაკუთრეების საკითხს სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ განვიხილავთ. შენობას მთლიანად თვითმმართველობა გამოიყენებს თუ იქ დარჩებიან კერძო მესაკუთრეები, ეს შემდგომი საკითხია, რაზეც ახლა არ შემიძლია რომ მოგახსენოთ“.

ყოფილი უნივერმაღის შენობა რაიკავშირის საკუთრება იყო. ეს შენობაც, ამ ორგანიზაციის საკუთრებაში მყოფ სხვა შენობებთან ერთად, მეპაიეების უმრავლესობამ სახელმწიფოს 2006 წელს გადასცა. იმ მეპაიეებმა, რომლებიც სახელმწიფოსთვის ქონების დათმობას აპროტესტებდნენ, 2012 წელს პროკურატურას მიმართეს.

ხარაგაულში რაიკავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ფცქიალაძე ამბობს, რომ რაიკავშირის ქონებები განადგურების პირასაა და უნივერმაღის შენობის გადარჩენას მიესალმება.

„2006 წელს ზეწოლით დაათმობინეს მეპაიეებს ქონებები, – ამბობს თეიმურაზ ფცქიალაძე, – ვერაფერს გავხდით პროკურატურასა და მთავრობაში. წერილები გავაგზავნეთ პრემიერ-მინისტრთან და იძულებით წაღებული ქონების დაბრუნება მოვითხოვეთ.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი სატკივარი არ შეისმინა. ახლა ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულით უნდა გარემონტდეს უნივერმაღის ყოფილი შენობა. წესიერი მთავრობა რომ გვეღირსება, მერე იმედია, ჩვენს ქონებასაც დავიბრუნებთ“.

ნინო კაპანაძე