ლიზა ბარბაქაძე 28-31 იანვარს პარიზის გლობალური მშვიდობის სამიტში მონაწილეობდა.

გლობალური მშვიდობის სამიტი, რომელიც Global Peace Chain-ის ორგანიზატორობით ჩატარდა, გამორჩეულ ახალგაზრდა ლიდერებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და დიპლომატებს აერთიანებს, რათა განიხილონ მსოფლიოს აქტუალური გამოწვევები.

პარიზის სამიტში წელს 75 ქვეყნის ორასამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათ შორის 20 მონაწილე კონფერენციის ორგანიზატორებმა სრულად დააფინანსეს. ლიზა ბარბაქაძემ სრული დაფინანსების მოპოვება შეძლო. ის პარიზის კონფერენციაზე ერთადერთი მონაწილე იყო საქართველოდან.

„ეს ღონისძიება ჩემთვის ძალიან ინფორმაციული და ინსპირაციული იყო, – ამბობს ლიზა ბარბაქაძე, – სასწავლო ვიზიტები გვქონდა იუნესკოს სათავო ოფისსა და ლუქსემბურგის სასახლეში, სადაც საფრანგეთის სენატია განთავსებული.

სამიტის მთავარ თემებს წარმოადგენდა: ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა დიპლომატიაში; რბილი ძალის მნიშვნელობა კონფლიქტების მოგვარების პროცესში; იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსებისა და უფლებების დაცვა; ასევე საფრანგეთის მზარდი როლი მშვიდობის განმტკიცებაში მულტიპოლარულ სამყაროში.

პარიზის გლობალური მშვიდობის სამიტზე საუკეთესო გამოცდილება მივიღე კონფლიქტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე. მომეცა მრავალი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელთან კომუნიკაციის, მოსაზრებათა გაზიარებისა და სასარგებლო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე იმაზე, თუ როგორია საფრანგეთის სტრატეგიული მიდგომა კონფლიქტის პირობებში ევროკავშირის გაფართოების მიმართ. საქართველოს გარდა, რიგ ქვეყნებს გააჩნიათ ევროკავშირში გაწევრიანების რეალისტური პერსპექტივა, რაც განისაზღვრება როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების ხარისხით, ისე გეოპოლიტიკური კონტექსტით და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში არსებული დინამიკით.

ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ქართველ ახალგაზრდებს. პირადად ჩემთვის პრიორიტეტულია საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ევროკავშირის მხარდაჭერით Erasmus+-ის პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით ინიციატივებში და მრავალმხრივი აკადემიური გამოცდილება მიიღონ.

თუმცა, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა ქართველი ახალგაზრდებისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, რაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული.

ევროპის კოლეჯში, სადაც ამჟამად სრული დაფინანსებით ვსწავლობ, ჩემი კურსელების ნაწილი, ვისაც სრულფასოვანი დაფინანსება არ აქვს, ზაფხულში მუშაობს, რათა სწავლის საფასური მოაგროვოს. საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, ქართველ სტუდენტს დაახლოებით 15 ზაფხულის განმავლობაში მოუწევს მუშაობა, რათა ეს ფინანსური საჭიროებები დაეკმაყოფილებინა.

ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ახალგაზრდების პროფესიულ პერსპექტივაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ევროკავშირის ბევრ სააგენტოს, ინსტიტუტს და კომპანიას აქვს ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის განკუთვნილი პროგრამები, მაგრამ მათზე ხელმისაწვდომობა ხშირად მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ. სამწუხაროდ, არაერთი შესაძლებლობა იყო ისეთი, სადაც მონაწილეობა ვერ მივიღე, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის.

ამის მიუხედავად, ალტერნატიული შესაძლებლობები კვლავ არსებობს და აქტიური შრომით ვეცდები, რომ პროფესიულად განვვითარდე და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების გამოცდილება მივიღო“.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ლიზა ბარბაქაძე ამჟამად ევროპის კოლეჯში, ვარშავის ნატოლინის ფილიალში, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ეს უნივერსიტეტი სპეციალიზირებულია ევროპისმცოდნეობის მიმართულებით, ამ ისტორიული უნივერსიტეტის მისიაა, აღზარდონ ლიდერები, რომლებიც იმუშავებენ ევროპული ინტეგრაციისთვის ან ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამ კოლეჯის ბევრი კურსდამთავრებული ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე საქმიანობენ. მათ შორის, ლიზას სამაგისტრო ნაშრომის სუპერვიზორი ევროპის კოლეჯის კურსდამთავრებულია, რომელიც ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელად მუშაობდა გაეროში.

ლიზა ბარბაქაძემ ვარშავის კოლეჯში სწავლის შესაძლებლობა რომ მოიპოვა, ამაში დიდი წვლილი მისმა გამოცდილებებმა ითამაშა. ლიზამ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა, ევრო-ატლანტიკური კონცენტრაციით საბაკალავრო პროგრამა საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიარა. ის მიიჩნევს, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლისას გაიძლიერა თვისებები, რომლითაც შეარჩია სპეციალურმა კომისიამ, ვარშავის კოლეჯში სწავლისათვის.

„ყოველთვის ვეძებდი ისეთ პროგრამებს, ტრენინგებსა თუ პროექტებს, რომელიც უპასუხებდა ჩემს ინტერესებს; რითაც ჩემს სფეროში ცოდნას, კომპეტენციას და კავშირებს გავიფართოვებდი, – ამბობს ლიზა ბარბაქაძე, – და რადგანაც ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ღირებულებები ევროკავშირის მიმართულებით არის განსაზღვრული, ვარშავის კოლეჯი არის საუკეთესო ადგილი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ვისწავლო და მერე ჩემი ქვეყნისთვის ვიმუშავო.

ლიზა ბარბაქაძე ვარშავის კოლეჯში, ასევე სრული დაფინანსებით სწავლობს. სწავლება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მიმდინარეობს. ლიზამ ესპანური ენის შესწავლაც დაიწყო.

ვარშავის კოლეჯში ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან სწავლობენ სტუდენტები. მათთან თანაცხოვრება და სწავლა ლიზასთვის არის შეუფასებელი გამოცდილება მათი კულტურების გაცნობის, ენების ცოდნის გაუმჯობესებისა და იმ კუთხით, რომ მათი ქვეყნების პოლიტიკური მდგომარეობა უშუალოდ პოლიტიკათმცოდნეებისგან შეისწავლოს.

ვარშავის კოლეჯში ლიზა ბარბაქაძე მონაწილეობდა სასწავლო ტურში, – სტუდენტები იმყოფებოდნენ უკრაინის მოსაზღვრე გალიციის რეგიონში, სადაც გაეცნენ, თუ როგორ ეხმარებიან პოლონელები ჰუმანიტარულად უკრაინელებს. გალიციაში ებრაელების ძალიან დიდი დიასპორა ცხოვრობდა; ამ ტურის ფარგლებში მათი ისტორია და ჰოლოკოსტის მემკვიდრეობა შეისწავლეს. მეორე სემესტრში ლიზა თანაკურსელებთან ერთად სასწავლო მიზნით გაემგზავრება შვედეთსა და ფინეთში, – ქვეყნებში, რომლებიც ბოლო პერიოდში გახდნენ ნატოს წევრები. ეს სასწავლო ტური ლიზას უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით მნიშვნელოვან გამოცდილებას შესძენს.

ლიზა ბარბაქაძემ მოსწავლეობის პერიოდში, პროექტ „ეტალონის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით „ეტალონი მოსწავლეების“ ათეულში დაიკავა ღირსეული ადგილი; 2020 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა; 2024 წელს – 100%-იანი გრანტით, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, თავისუფალ უნივერსიტეტში.

ლიზა, როგორც ბრიტანეთის საელჩოს კონკურსის გამარჯვებული, გახდა „ერთი დღით ბრიტანეთის ელჩი“. ასევე გახდა ტერორიზმის კვლევის პროგრამის, დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მფლობელი, რომელიც ყოველწლიურად ერთ სტუდენტს გადაეცემა. ლიზა ბარბაქაძე 2021 წლის დეკემბერში „ერასმუს+“ -ის გაცვლითი პროგრამით უნგრეთში იმყოფებოდა. მან აგრეთვე გაიმარჯვა „მითების დეტექტორის ლაბორატორიაში“ და სხვა კონკურსებში.

პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში გაიარა პროგრამა – ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები – შეისწავლა პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური ეკონომიკა და კონფლიქტები. 2025 წელს სრული დაფინანსება მოიპოვა ჟენევის უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების პროგრამაზე, რომელიც უმაღლესი შეფასებით დაასრულა. ევროპის კოლეჯში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას 2026 წლის ივნისში დაასრულებს.

ლიზა ბარბაქაძე მადლიერია თავისი სკოლის პედაგოგებისა და აბიტურიენტობის დროს – მასწავლებლების; ქართულ ენაში, ინგლისურსა და ისტორიაში პედაგოგებისგან – ნინო ბარბაქაძე, ნანა კახელი და მარინა მაღრაძე – მაღალი ხარისხის განათლება მიიღო. მათი რეკომენდაციები და აქტიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგების მისაღწევად.

ლიზა ასევე გამორჩეულად იხსენებს ფრანგული ენის პედაგოგს თამარ მაღრაძეს, რომელმაც ფრანგული ენა და კულტურა განსაკუთრებულად შეაყვარა, არა მხოლოდ გაკვეთილებით, არამედ ფრანგული ენის სასკოლო ღონისძიებებით.

აბიტურიენტებისთვის მალე საგამოცდო პერიოდი დადგება. ლიზას ვკითხეთ, – რას ურჩევს უფროსკლასელებს, წარმატების მისაღწევად.

„ერთწლიანი პერიოდი, რაც აბიტურიენტობის დროს მეცადინეობაში გავატარე, ვაქციე ეროვნულ გამოცდებზე მორგებულ პერიოდად, – იხსენებს ლიზა, – ყოველი დღე და ყველა აქტივობა, რასაც კი ვაკეთებდი, უკავშირდებოდა იმას, რომ გამოცდის შედეგის ამსახველი ქულის გაგებისას ღილაკზე დაჭერისას არ მენანა, რომ მეტი არ ვიმეცადინე.

აბიტურიენტებმა მაქსიმალურად უნდა შეამცირონ იმის ალბათობა, რომ რაღაც არ ეცოდინებათ და კარგად არ ემახსოვრებათ. ძალიან ბევრი მეცადინეობა, მოსაწყენი შრომის გაწევა და საკუთარი მეთოდების შემუშავებაც კი არის საჭირო, ისტორიული ფაქტებისა თუ მათემატიკური ფორმულების დასამახსოვრებლად.

ჩემს კლასელებთან ერთად, – სკოლაში ვიყავით, გზაში თუ ტელეფონით ვესაუბრებოდით ერთმანეთს, – ყოველდღე ვიმეორებდით მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ბევრგან მეწერა ტერმინები, რისი დამახსოვრებაც მიჭირდა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, უფროსკლასელები უნდა დააკვირდნენ, ბაზარზე რა პროფესიების მოთხოვნილებაა და არა ის, – რა არის პოპულარული ჩვენს გარემოცვაში. კონკრეტული ფაკულტეტების დასახელება, შესაძლოა, კარგად ჟღერდეს, – მაგრამ არ იყოს მათთვის საინტერესო და არც ამ პოპულარული პროფესიების არსებობა იყოს რეალისტური, ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში.

არჩევანი მათ ინტერესებზე დაყრდნობოდით უნდა გააკეთონ, რადგან მისაღები გამოცდების შემდეგ, არავის ემახსოვრება მათი ფაკულტეტი ან შედეგები.

ლაურა გოგოლაძე

თქვენ ასევე გადაინტერესებთ
ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ისტორიული და თაობათაშორისი ამოცანა – ლიზა ბარბაქაძე

ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს – ჰამლეტ ბერაძე