2026 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა უქმდება. ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებულები სახელმწიფოსგან დამატებით ყოველთვიურად 300 ლარს იღებდნენ.

ეს ოთხწლიანი პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა და მისი ბიუჯეტი პირველ წელს 48 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2025 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 113 მილიონი ლარი იყო. სოციალურად დაუცველი დასაქმებულების ოჯახები, ამ პროგრამის მოქმედების პერიოდში, არ გადამოწმებულან.

დასაქმების სააგენტოსგან გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ამ პროგრამით 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირი დაასაქმეს.

პროგრამის გაუქმების არგუმენტად ფინანსთა სამინისტროს განმარტებით ბარათში აღნიშნულია: „ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე“. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა პროგრამებით, სამომავლოდ მათი კერძო სექტორში დასასაქმებლად.

სოფელ ბაზალეთში მცხოვრები თეა კერესელიძე, ბოლო ოთხი წელია, სოფელში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას და საავტომობილო გზას ასუფთავებდა. ის პროგრამით კმაყოფილი იყო, რადგან დამატებით 300 ლარს იღებდა. ახლა ამბობს: „მშიერი არ მოვკვდები და რაღაცას ვიზამ“.

თეას მსგავსად გვპასუხობენ ჩვენს მიერ გამოკითხული ამ პროგრამით დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები; ისინი, შემოსავლის დაკარგვის მიუხედავად, ხელისუფლების მადლიერები არიან.

მუნიციპალიტეტის მერიისა და ადმინისტრაციული ერთეულების ფეისბუქგვერდებზე პერიოდულად ქვეყნდებოდა სოციალურად დაუცველთა საქმიანობის ამსახველი ფოტოები.

ვინ და როგორ დაასუფთავებს მომავალი წლიდან სასაფლაოების, ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებს, გზებსა და სანიაღვრე არხებს, – ამ შეკითხვით სოფლებში მერის წარმომადგენლებს მივმართეთ. „შევიკრიბებით მოსახლეობა და დავასუფთავებთ. ამას გასულ წლებშიც ვაკეთებდით, მხოლოდ არა ისე ხშირად, როგორც სოციალური პროგრამით დასაქმებულები. სოფლების ტერიტორიებს დაუსუფთავებელს არ დავტოვებთ,“- გვიპასუხეს ბაზალეთსა და ვახანში მერის წარმომადგენლებმა თამაზ ჭიპაშვილმა და ლევან გოგოლაძემ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველები შვიდ მუნიციპალურ ააიპ-ში იყვნენ დასაქმებულები – 11 მათგანი სათნოების სახლში, 43 – კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, 7 – სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში, 9 – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, 12 – მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრში, 1 125 – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში, 59 – სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში.

2022 წელს ამ საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი მათ გვითხრეს, რომ სოციალურად დაუცველების გარეშეც მუშაობდნენ და საქმეს არ გააფუჭებენ.

სოციალურად დაუცველი პირები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებშიც დაასაქმეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მათი უმრავლესობა სკოლებში დამლაგებლებად მუშაობდა.

„არ მგონია, ვინმემ სამსახურის გაუქმებაზე თქვას, კარგიაო, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ სოციალურად დასაქმებულთა პროგრამა შეწყდა, – ამბობს მოლითის სკოლის დირექტორი როლანდი ცუცქირიძე, – საჭიროები იყვნენ ის ადამიანები, მაგრამ რას ვიზამთ“.

2024 წელს „მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრმა“ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის მონიტორინგი ხუთ მუნიციპალიტეტში (ხარაგაული, ოზურგეთი, გორი, ნინოწმინდა, რუსთავი) ჩაატარა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ პროგრამის შედგენისას მუნიციპალიტეტების საჭიროებები არ გაითვალისწინა და არც გრძელვადიანი მიზნები დასახა.

„თავად დასაქმებულები გვეუბნებოდნენ, რომ პერსპექტივას ვერ ხედავდნენ, – ამბობს მაგდა პოპიაშვილი, – ღიზიანდებობდნენ კიდეც, როცა გადამზადების შესახებ ვეკითხებოდით, – „დამლაგებელს რა გადამზადება უნდაო“. მათი სურვილი იყო, პროგრამა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო და ანაზღაურება მიეღოთ.

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. თუმცა, იქ არჩევანი ფართოა და მხოლოდ საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებას არ გულისხმობს. ევროპის ქვეყნებში პროგრამაში ჩართულები არიან ეკლესიები, სათემო ორგანიზაციები, კერძო სექტორი. ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენენ და მართლა საზოგადოებრივ სამუშაოს ასრულებენ.

ერთადერთი სიკეთე, რაც მეტნაკლებად ამ პროგრამამ საქართველოში მოიტანა, არის ის, რომ სოფლებში სათნოების სახლის ბენეფიციარებთან საკვები მიჰქონდათ.

პროგრამას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური მიზანი და არა ის, რომ შექმნილიყო შრომის ბაზარი და სოციალურად დაუცველებს სიღარიბისთვის თავი დაეღწიათ. ეს მოწყვლადი ჯგუფი ხელისუფლებას „საარჩევნო ხმებად“ სჭირდებოდა. პროგრამის მონიტორინგისას შევიტყვეთ, რომ რამდენიმე მათგანს სამსახურიდან გათავისუფლებითაც ემუქრებოდნენ, თუ მხარს „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერდნენ.

სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველთა ცხოვრება მომავალი წლიდან უფრო მძიმე გახდება, ვიდრე აქამდე იყო. მათ აღარ ექნებათ დამატებითი შემოსავალი. ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, რომ მათი ოჯახების სარეიტინგო ქულები გადაიხედება.

საწუხარია ისიც, რომ საკუთარი აზრის მქონე და კრიტიკულად მოაზროვნე ზოგიერთი დასაქმებული ხელისუფლებისგან „დროებითი საჩუქრის“ სანაცვლოდ ჩუმადაა“.

ნინო კაპანაძე