

როდესაც ნიკოლოზ გონგლიაშვილმა პირველად გააცნობიერა, რომ საქართველოში ნარჩენების 62%-ზე მეტი ორგანულია, ეს არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად დაინახა. ნიკოლოზი, რომელიც ქარელში გაიზარდა, იმის უშუალო მოწმე იყო, თუ როგორ უჭირდათ ფერმერებს ენერგიის მაღალ ფასებთან და სასუქების დეფიციტთან გამკლავება და ძვირადღირებული ნარჩენების მართვა. სწორედ ამ დაკვირვებამ შთააგონა მას, შეექმნა BioNova.ge – ახალგაზრდების მიერ მართული ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების საწარმო, რომლის თამამი მისიაა, „ნარჩენებიდან ენერგიამდე“.
„იყო დრო, ორგანული ნარჩენები ტვირთად ითვლებოდა, დღეს კი შესაძლებელია, რომ ისინი ენერგეტიკულ რესურსად, სასუქად და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საშუალებად გარდაქმნა“, – ამბობს ნიკოლოზი.
BioNova-ს იდეა დაიბადა სასურსათო ბიზნესზე ჩატარებული კვლევისა და ფერმერებთან ინტერვიუების დროს, რამაც ორგანული ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა. ბევრ ფერმერსა და მცირე საწარმოს ნარჩენების მართვის, ენერგიისა და სასუქების მაღალ ფასებთან უწევდა გამკლავება – ეს იყო გამოწვევები, რომელთა მოგვარება ბიოგაზის სისტემას შეეძლო.
EU4Youth პროგრამისგან მხარდაჭერის მიღებამდე, BioNova მხოლოდ რამდენიმე ადრეული სატესტო ინიციატივით შემოიფარგლებოდა. დამფუძნებლები – ნიკოლოზ გონგლიაშვილი (აღმასრულებელი დირექტორი), ნიკოლოზ ჩიხლაძე (ტექნიკური დირექტორი), მარიამ ბელთაძე (ფინანსური დირექტორი) და ნინი ნიკოლაძე (ოპერაციების დირექტორი) – დაფინანსების მოპოვებისა და ტექნიკური ექსპერტიზის მოძიების მხრივ სირთულეებს წააწყდნენ.
მათ, ასევე, დაინტერესებული მხარეებიც უნდა დაერწმუნებინათ, რომ ბიოგაზი ეკონომიკურად მომგებიანი და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო. იდეის მოქმედ საწარმოდ გარდასაქმნელად მათ მენტორობა, ფინანსური რესურსები და პარტნიორების ძლიერი ქსელი ესაჭიროებოდათ.
როგორ დაეხმარა EU4Youth იდეის ხორცშესხმას
გუნდმა EU4Youth-ის პროგრამა „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მეშვეობით აღმოაჩინა და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ძირითადი მიმართულებები – სოციალური მეწარმეობა და მწვანე ინოვაციები – მათ ხედვას შეესაბამებოდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისგან, „EU4Youth – აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“, BioNova-მ პროტოტიპის შესამუშავებლად აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა და ბიზნესის სტრატეგიისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის საკითხებზე მენტორობა და ტრენინგი მიიღო. პროგრამის მეშვეობით BioNova-მ საქართველოში და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი პარტნიორული კავშირების დამყარებაც შეძლო.
ამ მრავალმხრივმა მხარდაჭერამ გუნდს საშუალება მისცა, დაეხვეწა ბიოგაზის პროტოტიპები, მოეხდინა ნივთების ინტერნეტის (IoT) სენსორების ინტეგრირება და შეექმნა მობილური აპლიკაცია, რომელშიც ენერგიისა და სასუქების წარმოების შესახებ უახლესი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, BioNova-ს გუნდმა მეთანის შთანთქმის ინოვაციური სისტემის საპილოტე ვერსია აამუშავა, რომელიც ემისიებს ბიოგენურ CO₂-ად გარდაქმნის. ისინი პირდაპირ დაუკავშირდნენ ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას საველე დემონსტრაციებით მათი ნდობის მოსაპოვებლად და ახალი ტექნოლოგიის პრაქტიკული უპირატესობების საჩვენებლად.
გამოწვევების დაძლევა
ახლად შექმნილი მრავალი სტარტაპის მსგავსად, BioNova არაერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წააწყდა. მისი თავდაპირველი ზრდის ტემპი შეზღუდულმა ფინანსურმა რესურსებმა შეაფერხა. ამასთან, ფერმერების საწყისი სკეპტიციზმის გასაქარწყლებლად და ახალი ტექნოლოგიის სარგებლიანობის დასამტკიცებლად, გუნდმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო საგანმანათლებლო ინიციატივებსა და საველე დემონსტრაციებს. რთული აღმოჩნდა საქართველოში მაღალი ხარისხის მასალისა და სენსორების მოძიებაც, რამაც დამატებითი შეფერხებები და ტექნიკური დაბრკოლებები შექმნა.
„ძირითადი სირთულე ცნობიერების ამაღლება და ადამიანების იმაში დარწმუნება იყო, რომ ბიოგაზის ტექნოლოგია ნამდვილად ხელსაყრელია და მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია“, – იხსენებს ნიკოლოზი.
თუმცა, შეუპოვრობით და პარტნიორების მხარდაჭერით, BioNova-მ ეს დაბრკოლებები გადალახა და გამოიმუშავა მდგრადობა, რომელიც ახლა მის ორგანიზაციულ კულტურას განსაზღვრავს. დღეისათვის საწარმოს პროდუქტის შემუშავების პროცესის 80%-ზე მეტი გავლილი აქვს და ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
გავლენა და აღიარება
BioNova-მ დაარსების დღიდანვე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა და ინოვაციისა და სოციალური ზეგავლენისთვის მრავალი ჯილდო მიიღო. გუნდი „CUnicorn-ის მესამე ნაკადის პრე-აქსელერაციის პროგრამის“ გამარჯვებული გახდა, მან ასევე მოიპოვა სოციალური ზეგავლენის ჯილდო, “Social Impact Award 2024”, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 25,000 ლარის ოდენობის შიდა ქართლის რეგიონული გრანტი და Future Agro Challenge-ის „2024 წლის აგროპრენერიც“ გახდა. გარდა ამისა, BioNova-მ გაიმარჯვა პოლონეთის აქსელერაციის პროგრამაში (PAR) აგროტექნოლოგიური ინოვაციებისთვის, მოიპოვა Kaspi Seeds-ის გრანტი საუკეთესო სოციალური საწარმოსთვის და ევროპის ერთიანი ბაზრის გაფართოების 2025 წლის ჯილდო.
ამგვარი დაფასების პარალელურად გუნდმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: მან შეიმუშავა ექვსი პროტოტიპი (რომელთაგან ორი ჯერ კიდევ საპილოტე ფაზაშია), სატესტო რეჟიმში გამოიმუშავა 60 კუბური მეტრი ბიოგაზი, დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები შვიდზე მეტ ორგანიზაციასთან და ჩაატარა ინტერვიუები 120-ზე მეტ ფერმერთან. გარდა ამისა, გუნდმა კვლევის, განვითარებისა და მასალებისთვის 90,000 ლარი შეაგროვა და ორგანული ნარჩენების გადასამუშავებლად 0.02-იდან 15 ტონამდე მოცულობის დანადგარები შექმნა.

საქართველოს მწვანე მომავლის შენება
BioNova-ს გრძელვადიანი მიზანია, ბიოგაზის მეშვეობით საქართველომ რეგიონული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოიპოვოს და მდგრადი სოფლის მეურნეობის წინაპირობად იქცეს.
„ბიოგაზის თითოეული ქარხანა დეცენტრალიზებული ენერგეტიკული ქსელის პატარა, მაგრამ მძლავრი სტრუქტურული ერთეულია“, – ამბობს ნიკოლოზი, – „მას შეუძლია, შეამციროს ხარჯები, გააუმჯობესოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და შექმნას ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი ფერმერებისთვის“.
BioNova-ს უახლოეს გეგმებში პროდუქტის სტანდარტიზაცია, ევროპულ ბაზარზე გასასვლელად CE სერტიფიკატის მოპოვება და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონული გაფართოება შედის. ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორიცაა გერმანიის ენერგეტიკის სააგენტო (DENA), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და Roots of Impact, სტარტაპს საერთაშორისო დონეზე ოპერირებაში დაეხმარება.
ნიკოლოზი და მისი გუნდის დანარჩენი წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი მხოლოდ გზის დასაწყისში არიან: „წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის დახმარებით ჩვენს მიზნებს მივაღწევთ და ხელს შევუწყობთ საქართველოში უფრო მდგრადი და მწვანე მომავლის შექმნას“.
პროექტის შესახებ
პროექტის, „EU4Youth – აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“, მიზანია მოლდოვის რესპუბლიკაში, უკრაინასა და საქართველოში ახალგაზრდების მდგრადი სოციალური საწარმოების დასაარსებლად საჭირო ცოდნით აღჭურვა. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს ეზრდებათ დასაქმების შანსები და იძენენ ისეთ მრავალმხრივ სამეწარმეო უნარებს, როგორიცაა შემოქმედებითობა, შეუპოვრობა, გუნდური მუშაობა და გამჭრიახობა.
როდესაც ნიკოლოზ გონგლიაშვილმა პირველად გააცნობიერა, რომ საქართველოში ნარჩენების 62%-ზე მეტი ორგანულია, ეს არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად დაინახა. ნიკოლოზი, რომელიც ქარელში […]
ხარაგაულსა და ზესტაფონში ოპტიკური ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს, საყოველთაო
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ეს დღე
შინაგან საქმეთა სამინისტოს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის
„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.