ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების – ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა სოციალურ ქსელში ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

გთავაზობთ ამ მიმართვას:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ირაკლი კობახიძეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბ-ნ მიხეილ სარჯველაძეს

საქართველოს სახალხო დამცველს ბ-ნ ლევან იოსელიანს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის მაცხოვრებელთა ერთობლივი საჯარო მიმართვა

(ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში შექმნილ კრიტიკულ მეწყრულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და ჩართულობის აუცილებლობის თაობაზე)

მოგმართავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც თითქმის ოთხი თვეა, აქტიურად და ხილულად მიმდინარეობს მეწყრული პროცესები, რაც ყოველდღიურად აუარესებს მდგომარეობას და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საკუთრებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია) ჩართულობა შექმნილი კრიზისის მართვასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი და ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს. პრობლემის მასშტაბურობა, მისი სირთულე და ის საფრთხეები, რაც სტიქიას მოაქვს / შესაძლოა, მოიტანოს, აშკარად სცდება ადგილობრივი რესურსებისა და მუნიციპალიტეტის კომპეტენციების ფარგლებს. არსებული ვითარება საჭიროებს ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ ქმედებებს და კოორდინირებულ ჩართულობას, რათა დაძლეულ იქნას შექმნილი კრიზისი რეგიონში.

გვსურს მოკლედ მოგახსენოთ ადგილზე შექმნილი კრიტიკული ვითარების შესახებ: ორი სოფლის ტერიტორია, დაახლოებით 90 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც გამოიყენებოდა საცხოვრებლად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სრულად დამეწყრილია და გამოუსადეგარი გახდა როგორც საცხოვრებლად, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის.

მეწყრული პროცესები შეუქცევადია და ჯერ კიდევ პროგრესირებს. გვინდა მოგახსენოთ, რომ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში. მდგომარეობა მძიმე და კრიტიკულია.

მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი უშუალო ყურადღება და ჩართულობა არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. გთხოვთ, გულისხმიერებით მოეკიდოთ შემდეგ საკითხებს და დროულად გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები ამ გამოწვევების გადასაჭრელად:

  1. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიექცეს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და დროებით განსახლებას ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში:

ასევე მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იყოს დაზარალებული ოჯახებისთვის საკუთარ სახლებში არსებული მოძრავი ნივთების, ღირებული სამშენებლო მასალებისა თუ კონსტრუქციული ელემენტების (მათ შორის, კარ-ფანჯრების, ღობის კონსტრუქციების და სხვა მოხსნადი ქონების) უსაფრთხო დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დახმარება და ხელშეწყობა, რათა თავიდან ავიცილოთ სრული ზარალი.

  1. კომპლექსური და მიზეზების დამდგენი გეოლოგიური კვლევა: მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე ე.წ. „კომპლექსური კვლევის“ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მეწყრული პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას. მოსახლეობის აზრით, ეს პროცესი წლების მანძილზე გამოიწვია არასწორად წარმოებულმა სარკინიგზო გზის მშენებლობამ, კერძოდ, დასახლებულ პუნქტში აფეთქებებმა და მთის ფერდის ჩამოჭრამ 2019-2022 წლებში. 2020 წლიდან სოფლების ტერიტორიაზე უკვე შეინიშნებოდა მცირედი ბზარები როგორც გზებზე, ასევე საცხოვრებელ სახლებზე. დღეის მდგომარეობით კი მან მოიცვა ორივე სოფელი, რომლებიც მთლიანად განადგურებულია.

კვლევა, რომელიც ჩატარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთით, დასრულებულია და შედეგები 7 სექტემბერს უნდა გამხდარიყო საჯარო, თუმცა, არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოსახლეობისთვის არ ხდება გასაჯაროება. ასევე, ჩვენი მოსაზრებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეოლოგიური სამუშაოები არ იქნა სრულყოფილად შესრულებული.

მოვითხოვთ, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაადგენს მეწყრული პროცესის გამომწვევ მიზეზებს. ასევე განისაზღვროს მისი ჩატარების კონკრეტული დრო და განრიგი.

  1. ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის გარემოება, რომ არსებული სიტუაცია ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის არამარტო ამ ორ სოფელს, არამედ მთელ ხეობას, მიმდებარე სოფლებსა და ასევე, რკინიგზას. სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მოწყვეტილი მიწის მასა პირდაპირ ჩაედინება მდინარე ყარნებას ხეობაში, რაც იწვევს წყლის მასის რამდენიმე ადგილზე დაგუბებას.
    მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მიმდინარეობს წყლის გამოშვების სამუშაოები, გამოდინების პროცენტულობა ძალიან დაბალია, დაგუბებასთან შედარებით; განსაკუთრებით, ბოლო დღეებში არსებული უხვი ნალექის ფონზე, რაც თვალნათლივ ჩანს. აღნიშნულის გათვალისწინებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მყისიერი რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა არ აღმოვჩნდეთ უმძიმეს სიტუაციაში.
  2. ამ ოთხი თვის განმავლობაში მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი მხოლოდ ერთხელ შეხვდა, 22 ივლისს. მათი მხრიდან მეორე შეხვედრის დაპირების, ასევე ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გაცვლის მცდელობისა და შეხვედრის მოთხოვნის მიუხედავად, მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის დამატებითი კომუნიკაცია ამ დრომდე არ მომხდარა.
  3. სამართლიანი კომპენსაცია და საკუთრების უფლების მოწესრიგება: ეკომიგრანტთათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და მინიჭების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ დაზარალებული ოჯახებისთვის ღირსეული ცხოვრების უფლებას. აღნიშნული სოფლები ყველასთვის მამაპაპისეული ადგილია და წინაპრების საფლავებიც აქ არის.

გთხოვთ, თქვენი უშუალო ჩართულობით, განხილულ იქნას ჩვენი შემთხვევა, როგორც განსაკუთრებული, რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ალტერნატიულ უსაფრთხო და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილ ადგილას ამ ორი სოფლის მოსახლეობის დასახლების შესახებ, ან მოსახლეობისთვის ღირსეული კომპენსაციის გაცემის თაობაზე და ყველა დაზარალებულს, მიეცეს შესაბამისი და სათანადო კომპენსაცია.

გვჯერა, რომ თქვენი მხრიდან პრობლემისადმი მეტი ყურადღების გამოჩენა და შესაბამისი უწყებების კოორდინაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჩვენი მოსახლეობის ბედი და მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დროულ და ქმედით ნაბიჯებზე.

ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს ვადაში მივიღებთ თქვენს პასუხს და დავინახავთ თქვენი მხრიდან რეალურ ნაბიჯებს ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად.

პატივისცემით,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის მაცხოვრებლები