დამეწყრილ სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მიწაზე ნაპრალები ღრმავდება და ჯერ კიდევ არსებული სახლების წინ უფსკრულები მატულობს.

დავინტერესდით, როგორ ცხოვრობენ ხემაღალიდან იძულებით წამოსული ეკომიგრანტი ოჯახები.

„43 წელი ბედნიერად გავატარე ხემაღალში, – გვიამბობს მზია დევდარიანი, – იმ ეზო-კარმიდამოში ჩემი შრომით შევქმენი ყველაფერი. ძნელია იმის გააზრება, რომ შენი ნაშენებ-ნაწვალები ყველაფერი მიწაში დაიმარხება და განადგურდება… ძალიან მიჭირს საუბარი…

პირველი ბზარები ეზოში 8 ივნისს შევამჩნიეთ. თავიდან ყუ რადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ რომ გაღრმავდა, მერე მერიას შე ვატყობინეთ. მოვიდნენ, მოიყვანეს გეოლოგები და ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია საშიშ ზონად გამოაცხადეს. …ჩვენი სახლი ჯერ ბოლომდე დანგრეული არ არის, თუმცა, სულ დაბზარულია.

სახლიდან რვა მეტრში დიდი უფსკრულია და ირგვლივ ყველაფერი დანგრეულია. სახლიდან ცოტა რამ წამოვიღეთ. საყოფაცხოვრებო ნივთების უმრავლესობა იქ დაგვრჩა. ქათმები მყავდა, 30 ფრთა შესაწვავი წიწილი ჩემს ქალიშვილს გავატანე.

ახლა ხარაგაულში, „რიყის ბინებში“ მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობთ. ბინის ქირას მერია გვიხდის. მოსავალი ვერ ავიღეთ. ყა ნები, სადაც სიმინდი და ლობიო გვეთესა, დამსკდარია და იქ ვერ შევალთ. ვერც ყურძენი დავკრიფეთ წელს. ვენახი ეზოში გვაქვს და დარჩა ისიც ასე“…

ხემაღალში მცხოვრებმა ინგა დევდარიანმა გასულ კვირაში ერთი დღე და ღამე თავის კედლებდაბზარულ სახლში გაატარა.

„მთელი ღამე არ დამეძინა, – გვიამბობს ინგა, – უმძიმესი იყო სახლების მტვრევის, მსხვრევის, კედლების ჩამოშლისა და ნგრევის ხმის მოსმენა… დიდ გაურკვევლო ბაში აღმოვჩნდი.

პირველად რომ გეოლოგები მოვიდნენ, მითხრეს, აქაურობა სასწრაფოდ დატოვეთო. 12 სული საქონელი მყავდა და ძალიან იაფად გავყიდე. რაც შე ვძელით, სახლიდან წამოვიღეთ…

მეორედ მოსულმა სხვა გეოლოგებმა გვითხრეს, თქვენი სახლი მეწყერსაშიში ზონიდან 200-300 მეტრშია, ბზარები არც ისე საშიშია და იცხოვრეთო. აღარ ვიცი, ვის დავუჯერო, რა ვქნა… სახლი, ალბათ მალე დაინგრევა… უფსკრული უკვე ჩემს ეზოსთანაა მოსული… ერთი წვიმა უნდა და…

ახლა წეროვანში ვცხოვრობთ. ჩემი დედამთილ-მამამთილი არიან იქ და მათთან ახლოს 600 ლარად სახლი დავიქირავეთ. ეკომიგრანტის სტატუსიც მივიღეთ, მაგრამ ძალიან მცირეა საკომპენსაციო თანხა, – 30 ათასი ლარით რა უნდა ვიყიდოთ?!

როგორ ანგარიშობენ ამ საკომპენსაციო თანხას. ჩვენ მარტო სახლი დავკარგეთ?! ყველაფერი უნდა დაითვალონ, აღწერონ და იმის მიხედვით უნდა დაგვაკმაყოფილონ. ეს მიწა კიდევ სად წავა, ვინ იცის? მდინარე ყარნებას ჩაკეტავს აუცილებლად. ახლა შემოდგომის წვიმები დაიწყება და გვეშინია, უარესი უბედურება არ მოხდეს.

გეოლოგების დასკვნა მაინც გაგვაცნონ. 7 სექტემბერს იქნებაო და ამ დრომდე არაფერს გვატყობინებენ. ამ მთავრობის იმედი ნამდვილად არ მაქვს. ადამიანს როცა უჭირს, გვერდში მაშინ უნდა დაუდგე. შეგვხვდნენ, დაგველაპარა კონ, შეკითხვები გვაქვს და პასუხები გვინდა.

მთელი ქვეყანა შეძრულია, დამეწყრილი სოფლების კადრები ვინც ნახა და ქმედითი, ეფექტური რეაგირება არ ჩანს. თანხაა, რასაც გვაძლევენ, ძალიან მცირე. სადაც უნდა წავიდე და როგორც უნდა ვიყო, ჩემი სული და გული ხემაღალში დარჩა, იმ სახლის ფუძეზე“…

P.S. რა ხდება ხემაღალში, ღვერკსა და მდინარე ყარნებაში, ამის გასარკვევად ლაშის მაჟორიტარ დეპუტატს პავლე კიკალიშვილს დავუკავშირდით.

„ძალიან მძიმე მდგომარებაა ხემაღალში – იქ, სადაც ადრე სტადიონი იყო, ბზარებმა მოიმატა და მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, – ამბობს პავლე კიკალიშვილი, – ღვერკში უფრო სტაბილური ვითარებაა. მდინარე ყარნებას რაც შეეხება, კალაპოტი იწმინდება ინტესიურად.

არავითარი საფრთხე მდინარის დაგუბების აღარ არსებობს. წყალი უკვე ჩვეულებრივად მოედინება კა პალოტში და მდინარე ჩხერიმელას უერთდება. გაწმენდითი სამუშაოები ახლა მდინარის ზედა ნაწილში მი მდინარეობს – რამდენიმე ადგილზე აგანიერებენ კალაპოტს – უცბად რომ მეწყერი ჩამოწვეს, წყალს ალტერნატიული გასასვლელი რომ ჰქონდეს.

გეოლოგების დასკვნა, ჩემი ინფორმაციით, მზადაა, თუმცა, დასკვნამ უნდა გაიაროს ექსპერტიზა. როგორც კი გეოლოგების საბოლოო დასკვნა გვექნება, მაშინვე მოვიწვევთ ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას და გავაცნობთ“.

გეოლოგიური დასკვნის მოსამზადებლად ხარაგაულის მერიამ შპს „გეოლოჯიქი“ (დირექტორი დავით ბახსოლიანი) დაიქირავა. გეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად და დასკვნის მოსამზადებლად ეს კომპანია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148 857 ლარს მიიღებს.

ხელშეკრულების თანახმად: „შეფასებული იქნება შესწავლილი ფერდობის საინჟინრო გეოლოგიური და გეოდინამიკური პირობები და ამ პირობების გათვალისწინებით განსაზღვრული იქნება არსებული მეწყრული მოვლენის შემდგომი უარყოფითი ზემოქმედების რისკები ზეგავლენის არეალში არსებულ საცხოვრებელ სახლებთან, ნაკვეთებთან და სხვა არსებულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში, გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით“.

გეოლოგებისთვის ხარაგაულის თვითმმართველობას მეწყერის გამომწვევი მიზეზების დადგენა არ დაუვალებია.

ნინო კაპანაძ

ამ სტატიის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში მკითხველთა მრავალრიცხოვანი კომენტარები მოჰყვა