-მიცანი?

-უი, როგორ შეცვლილხარ!

-ალიოშა, შენ ისეთივე ხარ, როგორიც იყავი.

-მანანა, ქეთინო, მაია, ციალა, ნუნუკა, ლეილა, მარინა, – გოგოებო, ისეთივე ლამაზები, კარგები ხარ, როგორებიც იყავით.

-ბიჭებო, – ავთო, არჩილ, ელვარდი, აკაკი, თენგო, ზალიკო, ვალერი, სოსო, – რა კარგები ხართ, როგორ მოგვენატრეთ.

-ვერა, ვერ გიცანი, რომელი ხარ? – შენ მაინც გვითხარი…. – ასე ეხმიანებოდნენ კლასელები ამირან ბოჟაძეს.

-თამრიკო მასწავლებელო, სულ არ გეტყობათ წლები, – აი, ასეთ დიალოგებს მოკრავდით ყურს 28 აგვისტოს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეზოში, სადაც მართლაც უჩვეულო ამბავი ხდებოდა, – 43 წლის შემდეგ პირველად იკრიბებოდნენ ამ სკოლის 1972 წელს კურსდამთავრებულები. მართალია, თარიღი არ იყო მრგვალი, მაგრამ თავად იყვნენ „დარგვალებულები“ – 60 წლისანი. ჭაღარაშერეული თანაკლასელები უჩვეულოდ გახალისებულნი ეხვეოდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებული სიყვარულით ეფერებოდნენ კლასის ხელმძღვანელს თამარ სულიაურს, რომელმაც ყველა საკლასო ოთახში მიიწვია და სია ამოიკითხა. ზოგი აკლადა, ზოგიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო. ვინც მოვიდა, თამრიკო მასწავლებლის სასიხარულოდ, ყველა ღირსეული და წარმატებულია თავის საქმეში. თამრიკო მასწავლებელს იმდენი რამ ახსოვდა თავისი აღზრდილების შესახებ, რომ ყველა გავოცდით. ყველა მოგონება, ყველა კურიოზი კი მაინც ყველაზე „პოპულარულ“ მოსწავლეს ალიოშა ლაბაძეს უკავშირდებოდა, რომელმაც ბოლოს ხუმრობით თქვა, მე რომ არ ვყოფილიყავი, რა უნდა გაგეხსენებიათო.

თანაკლასელებს არ დავიწყებიათ გარდაცვლილი მეგობრები და მათი საფლავები მოინახულეს. თვალცრემლიანებმა შესვეს ციცო აბაშიძის, ომარ კაციტაძის, გია ციცქიშვილისა და თემურ ბუაჩიძის შესანდობარი.

შემდეგ ყველაფერი დააგვირგვინა ქართულმა სუფრამ, რომელსაც ღირსეულად თამადობდა შეხვედრის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ელვარდი გიორგიძე. მხოლოდ სამი მასწავლებელი – თამარ სულიაური, მაყვალა ფერაძე და ტატული ცუხიშვილი ესწრებოდნენ შეხვედრას. მასწავლებელთა სიმცირეც სევდიანი შტრიხი იყო ამ ლამაზი შეკრებისა.

ჩემთვის, ამ წერილის ავტორისთვის, ულამაზესი ფინალი იყო შეხვედრა ქართულის მასწავლებელთან, უნიჭიერეს და უმშვენიერეს ქალბატონთან, რაიონის კოლორიტთან, ნუნუ თხელიძესთან. ამ ღირსეულმა პედაგოგმა, მისმა შთამბეჭდავმა გაკვეთილებმა განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი – ფილოლოგობა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემი მისვლით ქალბატონ ნუნუს ლამაზი წუთები ვაჩუქე. მოსწავლე მუხლს იყრიდა და ქედს უხრიდა მასწავლებელს გაწეული ღვაწლისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ.

ასე დასრულდა შეხვედრა წარსულთან. ერთმანეთს დავშორდით მომავალში შეხვედრის რწმენითა და იმედით.

ლეილა ჭიპაშვილი

ბათუმის #27 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

#2-skola-1

#2-skola-2