
საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულმა, ლიზა ბარბაქაძემ ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტისგან გამოცხადებულ კონკურსებში გაიმარჯვა.
„ევროპის კოლეჯმა – College of Europe in Nation (ვარშავა) ევროპული ინტერდისციპლინური კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე მიმიღო, სადაც სწავლას სექტემბრიდან, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით, გავაგრძელებ, – ამბობს ლიზა, –
სამაგისტრო პროგრამაზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, წლებია, ვგეგმავ და ევროპის კოლეჯი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია ევროპული კვლევების მიმართულებით, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. ამის მიზეზი, არა მხოლოდ აკადემიური წარმატებები, არამედ მისი მდიდარი ისტორიული წარსულია.
ევროპის კოლეჯი სალვადორ დე მადარიაგას, უინსტონ ჩერჩილის, პოლ-ჰენრი სპააკისა და ალსიდე დე გასპერის მიერ დაარსდა. ეს ადამიანები ევროპული ერთიანობის მთავარი არქიტექტორები არიან და ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არაერთ ევროპულ ქვეყანაში იკავებდნენ მინისტრების პოსტებსა თუ სხვა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს. ამ ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი და მოტივაციაა.
ამ სასწავლებელს სხვა უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს მისი აკადემიური და პოლიტიკური ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოზე. ეს თანხვედრაში მოდის ჩემს ინტერესებთან და მისწრაფებებთან. ამასთანავე, ევროპის კოლეჯი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს აერთიანებს. ვიცი, რომ ეს ადამიანები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში გადაწყვეტილების მიმღები პირები გახდებიან, ამიტომ მათთან ერთად სწავლის შესაძლებლობასაც დიდ პრივილეგიად მივიჩნევ.
ჩემთვის ამ უნივერსიტეტთან ურთიერთობა აპლიკაციის გაგზავნით არ დაწყებულა. წლების განმავლობაში ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდი იმ მიზანზე დაყრდნობით, რომ ჩემი გამოცდილება საინტერესო გამეხადა და აკადემიურ წარმატებებთან ერთად, საჭირო კომპეტენცია შემეძინა. ამის დადასტურება აპლიკაციითა და ინტერვიუს მეშვეობით შევძელი. ინტერვიუ, უშუალოდ ევროკავშირის დელეგაციისა და თავად კოლეჯის წარმომადგენლებთან ფრანგულ და ინგლისურ ენებზე წარიმართა. ამოწმებდნენ, მათ სასწავლო გეგმასა და მოთხოვნებს რამდენად პასუხობდა ევროკავშირის ინსტიტუტების შესახებ ჩემი ცოდნა, ჩემი მოტივაცია და ენობრივი კომპეტენცია.
ევროკავშირისგან მივიღე სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება, რაც კიდევ ერთხელ მომცემს შესაძლებლობას, ევროპულ უნივერსიტეტში ვისწავლო.
მინდა, რომ ევროკავშირის დაფინანსებულ შესაძლებლობებზე რეგიონებში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს ინფორმაცია, მათით ისარგებლონ და ეს ცოდნა ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
სასწავლო წელი სექტემბერში იწყება. ეს ერთწლიანი ინტენსიური სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის ინსტიტუტებში, რომლებიც ინტეგრირებულია სასწავლო პროგრამაში. ვემზადები დატვირთული და მკაცრი გრაფიკისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო უამრავი შესაძლებლობა, რომელსაც ევროპის კოლეჯი გვთავაზობს“, – ამბობს ლიზა ბარბაქაძე.
მაგისტრატურაში სწავლის დაწყებამდე, ამჟამად, ლიზა შვეიცარიაში იმყოფება და ჟენევის უნივერსიტეტის 6 კვირიან აკადემიურ პროგრამაზე (Certificate of Advanced Studies in Interreligious Studies) სწავლობს. ეს პროგრამა Ecumenical Institute-სთან პარტნიორობით ხორციელდება.
„ჟენევაში ვსწავლობ რელიგიათაშორისი კვლევების სასერტიფიკატო კურსზე, ჟენევის უნივერსიტეტის აკრედიტირებულ პროგრამაზე ჩარლზის უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ, ჟენევა მულტილატერალური დიპლომატიის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრია, სადაც სწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიული შესაძლებლობაა.
სამომავლო მიზნებს რაც შეეხება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გარკვეული დროით სიამოვნებით ვიმუშავებდი ეუთოში. გასულ წელს სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობამ ამის ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავა. თუმცა, ვაპირებ, სწავლის დასრულებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შემდეგ, ჩემს გრძელვადიან მიზნებთან შესაბამისობაში მივიღო ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს ლიზა ბარბაქაძე.
თამთა გოგოლაძე
საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულმა, ლიზა ბარბაქაძემ ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტისგან გამოცხადებულ კონკურსებში გაიმარჯვა. „ევროპის კოლეჯმა – College of Europe […]
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იწვევს 16 წლის და
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.