ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და ინტელექტუალური ღონისძიებები გაიმართა და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი თითქმის ყველა სკოლა ჩაერთო.

ახალგაზრდული ფესტივალი მერიის კულტურის სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ახალგაზრდული ფესტივალი ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ გაიხსნა. შეჯიბრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 16 სკოლის გუნდი ჩაერთო.

საუკეთესო შედეგები კიცხისა და მოლითის საჯარო სკოლების გუნდებმა აჩვენეს და კონკურსის გამარჯვებულებიც გახდნენ, მესამე ადგილი ხარაგაულის გიმნაზიის გუნდმა დაიკავა.

კონკურსს აფასებდა ჟიური, შემდეგი შემადგენლობით: მარინა ვეფხვაძე (საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი), ნიკოლოზ მაჭავარიანი (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი) და დავით კიკნაძე (საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე).

ინტელექტუალური თამაში „ერუდიტი“ ორ ეტაპად ჩატარდა და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 22 სკოლა ჩაერთო.

სასკოლო ტურში, თითოეულ სკოლაში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე მოსწავლეები გამოვლინდნენ. 7 მაისს კი, მათი მონაწილეობით, „ერუდიტის“ ფინალი გაიმართა. „ერუდიტის“ ფინალურ ეტაპზე გაიმარჯვეს: ნიკა წიწილაშვილმა (ბორის სკოლა), მარიამ ბურჯანაძემ (ლეღვნის სკოლა) და დავით ნოზაძემ (ნადაბურის სკოლა).

ფესტივალის ფარგლებში ხატვის კონკურსი  I-IV კლასების მოსწავლეებისთვის გაიმართა. ნორჩმა მხატვრებმა იმუშავეს თემაზე – „გაზაფხულის ფერები“. ჟიურიმ – ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლიკა ხიჯაკაძის, ჟუჟუნა კალანდაძისა და მამუკა ჭიპაშვილი შემადგენლობით, გამოავლინა გამარჯვებულები:

I ადგილიანასტასია შარიქაძე (ლეღვანის სკოლა);

II ადგილითინათინ სებისკვერაძე (უბისის სკოლა);

III ადგილი ანა ბირკაძე (ხარაგაულის გიმნაზია);

ჟიურის სიმპატია: ნინო ლომსაძე (ხარაგაულის #3 საჯარო) სკოლა და ანამარია ხარაიშვილი (ნადაბურის სკოლა).

კულტურისა და დასვენების პარკში შაშსა და ჭადრაკის ტურნირები გაიმართა. ტურნირში ოცი მოსწავლე ჩაერთო.

ჭადრაკის ტურნირში გაიმარჯვეს:

I ადგილი საბა კაკულია;

II ადგილი ავთო ხიჯაკაძე;

III ადგილი ლუკა ხარაიშვილი.

გოგონებს შორის I ადგილი – მარიამ ჩადუნელ (ხუნევის სკოლა);

დაწყებით საფეხურში I ადგილი – სანდრო ინასარიძე (ხარაგაულის #2 სკოლა)

შაშის ტურნირში გაიმარჯვეს:

I ადგილი ლუკა ხარაიშვილმა (ლაშის სკოლა);

II ადგილი სანდრო ინასარიძე (ხარაგაულის #2 სკოლა);

III ადგილი ლუკა მოდებაძე (ლაშის სკოლა).

ხარაგაულის კინოთეატრში გამართულ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში“ გასართობი და იუმორისტული ნომრებით მაყურებელთა წინაშე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხრა სკოლა წარსდგა.

კონკურსანტებს აფასებდა ჟიური, შემდეგი შემადგენლობით – მარინა ვეფხვაძე (საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი), მამუკა ჭიპაშვილი (კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი), ნიკოლოზ მაჭავარიანი (მოსწავლეთა სახლის დირექტორი), ვარლამ ჭიპაშვილი (მერის პირველი მოადგილე), გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი და გივი კურტანიძე (იუმორისტული გუნდის „ჭირიმე“ მოქმედი და ყოფილი წევრები).

გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები:

  • საუკეთესო იუმორისტი გოგონებინინო და მარიამ ჭიპაშვილები;
  • საუკეთესო იუმორისტი ვაჟირატი დევდარიანი;
  • საუკეთესო დებიუტი – ლეღვნის სკოლის გუნდი;
  • საუკეთესო მონაწილე – ბორის სკოლა, მოლითის სკოლა;
  • წარმატებული დებიუტი – ვარძიის სკოლა;
  • საუკეთესო სამსახიობო შესრულება – სკოლა-გიმნაზიის გუნდი;
  • მაყურებლის სიმპატია – საღანძილის სკოლა;
  • ჟიურის სიმპათია – კიცხის სკოლა, ხარაგაულის #2 სკოლა;
  • ჟიურისა და მაყურებლის სიმპათია – ხარაგაულის N3 სკოლა.

ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა:

– სამწუთიანი ფილმების კონკურსი თემაზე – „ჩემი მეგობარი“;

– 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, – პილიგრიმული ტური რკინისჯვარზე,

– ანსამბლ „ხარაგაულის ხმების“ სოლო კონცერტი;

– ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით „მოდი ღამე მუზეუმში“, სადაც ხარაგაულელმა მოსწავლეებმა სამუზეუმო ექსპონატები გააცოცხლეს.

– ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით – ვახანის, ღორეშისა და ნადაბურის სასოფლო ბიბლიოთეკებში ჩატარდა ღონისძიებები – „წარმატების გასაღები“.

„ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ უკვე ტრადიციად იქცა.

მასში, უმეტესად, სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, ვინაიდან 18 წლიდან 29 წლამდე ასაკის ხარაგაულელი ახალგაზრდები სასწავლებლად სხვა ქალაქებში იმყოფებიან“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი – ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი, – ახალგაზრდულ ფესტივალში ორგანიზატორებს რაც შეიძლება მეტი სკოლის ჩართვა გვსურს, მაგრამ ზოგი სკოლა ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზების, მათ შორის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, – მოსამზადებელ პერიოდში მონაწილეების ხარაგაულში მოსვლა რამდენჯერმე არის საჭირო.

ფესტივალისთვის, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ღონისძიების დაგეგმვა, თუმცა ამას მეტი ფინანსები სჭირდება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ღონისძიებებით კმაყოფილები არიან მონაწილეები, მაყურებლები და ჩვენ – ორგანიზატორებიც“.

რატი დევდარიანი, ხარაგაულის #3 სკოლის გუნდის წევრი ამბობს, რომ „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში“ მონაწილეობისთვის ყველაფერი გააკეთეს, რომ მათი ნომრები რაც შეიძლება კარგი და პროდუქტიული გამოსულიყო. მასწავლებლებიც ეხმარებოდნენ და გუნდის წევრებმაც ძალიან მოინდომეს. „ახალგაზრდები ასეთი ღონისძიებებით მაყურებელთან ურთიერთობასა და სცენას ვეჩვევით, რაც, ვფიქრობ, მომავალშიც გამოგვადგება“, – ამბობს რატი.

ტყუპები მარიამ და ნინო ჭიპაშვილები ამბობენ, რომ ფესტივალში მონაწილეობით ბევრი თანატოლი გაიცვნეს და დამეგობრდნენ კიდეც. მარიამს მიაჩნია, რომ უმჯობესია, „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში“ საპრიზო ადგილები არ დასახელდეს, ვინაიდან დაბალი შედეგების მქონე გუნდების წევრები გულდაწყვეტილები რჩებიან და სამომავლოდ მონაწილეობის მოტივაცია ეკარგებათ. ნინოს უხარია, რომ ახალგაზრდული ფესტივალში აქტიურად მონაწილეობდა და ფიქრობს, რომ ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული თითოეული ღონისძიება მოსწავლეების განათლებასა და განვითარებას ემსახურება.

„გაკვეთილების შემდეგ ვიკრიბებოდით, ვმუშაობდით, ვმეცადინეობდით, ვვარჯიშობდით და ვხვეწდით თითოეულ ნომერს. ძალიან კარგია, როცა იუმორისტული ღონისძიებები ტარდება, ვხალისობთ ბავშვები და რაც მთავარია, მაყურებლებამდე პოზიტიური განწყობა მიგვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლე არჩილ მეიფარიანი.

„ახალგაზრდულმა ფესტივალმა ყოველწლიური ხასიათი მიიღო ხარაგაულში და ეს, ვფიქრობ, ძალიან კარგია, – ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, – გასული წლებისგან განსხვავებით, ბოლო ორი წელია, ვცდილობთ ხშირად არ დასჭირდეთ მოსწავლეებს შეკრება და საგაკვეთილო პროცესს ხელი არ შეეშალოს. სხვა მხრივ კარგია, რომ მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სპორტულ ღონისძიებებზე ხვდებიან ერთმანეთს, უსმენენ, აზრებს უზიარებენ, საერთო გეგმებზე საუბრობენ… მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მაქსიმალურადაა ჩართული ყველა პროცესში, რომელიც სკოლებთან ურთიერთობას, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებასა და სკოლის დირექციების ინფორმირებას უკავშირდება“.

თამთა გოგოლაძე

გამოყენებულია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გადაღებული ფოტოები