„ჩემი ხარაგაულის“ მკითხველებისთვის ცნობილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდება.

დავინტერესდით, რა ეტაპზეა ეს სამუშაოები.

მიროწმინდას, სარგვეშის, ღორეშის, უბისას, საბეს, საღანძილეს, ზარანის, ვანის, სხლითის, დიდვაკეს, ლეღვნისა და მარელისის გაზიფიცირებისთვის პროექტს შპს „ჯეოპროექტი 2016“ ამზადებს. ამ ორგანიზაციის დირექტორი გრიშა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ორ კვირაში დაასრულებს მიროწმინდას, სარგვეშის, ღორეშის, უბისისა და საბეს საპროექტო სამუშაოებს და ამის შემდეგ პროექტირებას ჩხერიმელას ხეობის სოფლებში დაიწყებენ.

ბუდიანეთის, წყალაფორეთის, ლახუნდარას, პატარა ვარძიის, ხონის, ბორისა და ხიდრის გაზიფიცირებისათვის საპროექტო დოკუმენტაციაზე შპს „გაზპროექტი 2009“ მუშაობს.

„გაზპროექტი 2009“-ის დირექტორმა კობა ლომიძემ გვიპასუხა, რომ ამ სოფლების საპროექტო დოკუმენტაციას, სავარაუდოდ, ორ კვირაში მოამზადებს და „გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიას გადასცემს.

ჩვენმა მკითხველებმა გაზეთის წინა ნომრებიდან უკვე იციან, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ ტენდერებით უნდა გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებიც სოფლების გაზიფიცირებას დაიწყებენ.

დავინტერესდით, რამდენ ხანში გამოცხადდება ტენდერი ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების დასაწყებად. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ წერილობით გვიპასუხეს, რომ „კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ მოახდინოს რაიმე თარიღის მითითება მიმდინარე საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო ტენდერის გამოცხადებაზე, რადგან კომპანია ვადებს განსაზღვრავს სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე“.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან დღეისათვის გაზიფიცირებულია დაბა ხარაგაული და 14 სოფელი: ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი, ვარძია, კიცხი, თეთრაწყარო, საქარიქედი, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი, ჩხერი, ჯაფაროული და ლაშე.

კიცხის იგირეთისა და ლაშის იგორეთის გაზიფიცირებისთვის კი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2023 წელს მომზადდა, თუმცა, ეს სოფლები ამ დრომდე გაზიფიცირებული არ არის.