ოჯახი ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ურთიერთპატივისცემა, მხარდაჭერა, სიყვარული და პასუხისმგებლობების გაზიარება – ამ ღირებულებებით ცხოვრობს, 47 წელია, ციური სულამანიძისა და ლევან მეტრეველის ოჯახი.

გვიკამათია, თუმცა, მეუღლეებს ერთმანეთის ღირსება არასდროს შეგვილახავსო, – ამბობს ქალბატონი ციური და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გვიზიარებს. მას რამდენიმე შეკითხვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ დავუსვით.


– ქალბატონო ციური, გასულ საუკუნეში ითვლებოდა, რომ „კარგ ქალს ძალადობის ფაქტები ოჯახს გარეთ არ უნდა გაეტანა“. ოჯახის წევრისგან ძალადობა ჩვეულებრივ ამბად იყო მიჩნეული. უფრო მეტიც, ანდაზაც გვაქვს  – „ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ოჯახური ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის რამდენად არის პრობლემა?

– რომელი საუკუნეც უნდა იყოს, ცოლ-ქმარი თანაბარია. ოჯახში ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს. კაცს, რომელიც ქალზე ხელს აღმართავს, ვფიქრობ, ფსიქიური პრობლემები აქვს და დახმარება სჭირდება.

ყველა ოჯახშია აზრთა სხვადასხვაობა. ნებისმიერი აზრი უნდა შეთანხმდეს და ყველას სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ისეთ ოჯახში გავიზარდე, ფსიქოლოგიური ძალადობის უმნიშვნელო ფაქტიც კი არ მახსენდება, ფიზიკური ხომ ყველანაირად გამორიცხულია. სამი და-ძმა ვიყავით და შეთანხმებულად ვსაქმიანობდით. ჩაის პლანტაციიდან რომ დავბრუნდებოდით, ჩემი ძმა თონეს ახურებდა, მე და ჩემი და დედაჩემს პურის ამოხელვაში ვეხმარებოდით…

47 წლის წინ შევქმენი ოჯახი ლევან მეტრეველთან ერთად. ჩვენს ეზოში ყველაფერი ჩემი და ლევანის ხელით გაკეთებულია. ღამის სკოლაში ვმუშაობდი და მეუღლე ყველანაირად მეხმარებოდა საჭმლის მომზადებაში, ბავშვების მოვლაში. არ მახსოვს, მას ჩემთვის სადმე წასვლა დაეშალოს. არც მე მითქვამს, – ეს ჩემი საქმე არაა და არ გავაკეთებ-მეთქი.

მეუღლის გვერდით ხშირად ფიზიკურადაც ვმუშაობდი – ბეტონიც კი ერთად მოგვიზელია. არ გვიკამათია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისთვის ღირსება არასდროს შეგვილახავს და შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. სულიერად რომ დავზიანებულიყავით, ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

– თქვენი დაკვირვებით, უფრო მეტად ოჯახური ძალადობის რომელი ფორმებია გავრცელებული: ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიური. რომელი უფრო მეტად არის დამაზიანებელი?

– უფრო მეტად გავრცელებულიც და დამაზიანებელიც ფსიქოლოგიური ძალადობაა. ადამიანი ფიზიკურად ტკივილს განიცდის, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო მეტად ღირსების შემლახავია.

– ზოგ დედამთილს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს რძლის მიმართ; ზოგი მშობელი ზედმეტად ერევა ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. ზოგჯერ ოჯახის ახალგაზრდა წევრები (რძალი, შვილიშვილები) ძალადობენ უფროსი თაობის წარმომადგენლებზე. შესაძლოა, ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ მოძალადეები.

ქალბატონო ციური, თქვენი აზრით, ძალადობას, უმეტესად, ოჯახის რომელი წევრები უფრო ხშირად განიცდიან და რა იწვევს ოჯახურ ძალადობას?

– რძალი ოჯახის შვილია. ოჯახში დამხვდური დედა თუ მიხვდება და ხედავს, რომ მისი შვილი ბედნიერია, საკუთარი თავიც უბედნიერესად უნდა ჩათვალოს. სამი შეძენილი შვილი მყავს – სიძეები. მადლობა ღმერთს, რომ სამივე საუკეთესო დედის გაზრდილია.

ამასწინათ სოციალურ ქსელში ვნახე ებრაელი დედის დარიგება ახალდაქორწინებული შვილისადმი და მერე გაზეთ „ჩემ ხარაგაულშიც“ იყო გამოქვეყნებული. ის დარიგება ნებისმიერმა დედამთილმა უნდა წაიკითხოს.

შენმა შვილმა ოჯახი შექმნა? კეთილი ინებე და პატივი ეცი მის გადაწყვეტილებას. ოჯახში ძალადობას უფრო მეტად ქალები განიცდიან. ძალადობას ეკონომიური მხარის მოუწესრიგებლობა იწვევს. სიდუხჭირეს ყველა ვერ იტანს. არიან ქალები, რომლებმაც დავა შეიძლება სამოსის გულისთვის წამოიწყონ. ვერც გაამტყუნებ, – ახალგაზრდაა.

– რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ახალშექმნილმა ოჯახმა ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს, თუ ემხრობით მოსაზრებას, რომ უნდა იყოს დაცული ოჯახში რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრების ტრადიცია?

– დამოუკიდებლად ცხოვრებას ვემხრობი. ახალი ცხოვრების დასაწყისში, გარკვეულ პერიოდში მაინც, სანამ თვითონაც შეეგუებიან ერთმანეთს, ცალკე ცხოვრება აუცილებელია. დიდი ხნის შეყვარებულებისთვისაც კი ოჯახური ცხოვრება სულ სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული. არ ვამბობ, რომ ვინმემ უნდა მოიხსნას პასუხისმგებლობა. მშობლებს თუ ექნებათ საშუალება, შვილებს ყველანაირად გვერდში უნდა დაუდგნენ.

– საზოგადოების დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ქალმა არ უნდა მოითმინოს ძალადობა და გაშორდეს ქმარს. მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ მოძალადე ქმართან მცხოვრები ქალებისთვის ამგვარი ურთიერთობა მისაღებია.

ჩემი აზრით, ქალმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ უნდა მოითმინოს. ეკონომიური სიდუხჭირის გამო ოჯახი არ უნდა დაინგრეს. უნდა ეცადონ, ეს პრობლემა გადაწყვიტონ. 50 წელია, მასწავლებელი ვარ და ვიცი, ბავშვი, რომელიც ძალადობრივ გარემოში იზრდება, თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვერ გრძნობს. ის ყოველთვის დაკომპლექსებულია და ფიქრობს, რომ სხვებისგან რაღაცით დაჩაგრული, გარიყულია. ამის გამო მერე ცდილობს თვითონაც იძალადოს.

– ქალბატონო ციური, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქალი უნდა შეეცადოს, ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც ქმარი სთხოვს, რათა არ გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი შემთხვევები; უთანხმოებისას ქმრის აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი?

– ცოლ-ქმრობა მხოლოდ სასთუმალის გაზიარებას არ ნიშნავს. ოჯახში ურთიერთშეთანხმება, ურთიერთთანამშრომლობა არის ყველაზე მთავარი. რატომ უნდა იყოს ქმრის აზრი გადამწყვეტი? შეთანხმდნენ იმაზე, რაც ოჯახისთვის უფრო კარგია.

– ჭკვიანმა ქალმა უნდა დაუთმოს ქმარს, რომ სიტუაცია არ გაამწვავოს?

– გააჩნია, რა მდგომარეობაშია. შეიძლება ქმარი ნასვამი მოვიდა, გადავიდა ჭკუიდან და ამ დროს ქალმა არ უნდა დაუწყოს გაღიზიანება. ამ ერთი შემთხვევის გამო არ უნდა გაიქცეს სახლიდან. თუმცა, თუ ყოველდღე მოდის ნასვამი, შეურაცხყოფას გაყენებს, გაგინებს და მერე ზემოდან მათრახს გირტყამს, ეს ნამდვილად მიუღებელია.

– თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ძალადობის მსხვერპლმა ქალმა: მიმართოს სამართალდამცავებს, დახმარება სთხოვოს მშობლებსა და ნათესავებს სიტუაციის რეგულირებისთვის თუ დასახმარებლად მიმართოს მეზობლებს.

– პირველი შემთხვევა თუა, თავის ოჯახის წევრებს უნდა სთხოვოს დახმარება – მშობლებს, დედმამიშვილებს. ქალი თუ ფიქრობს ოჯახის შენარჩუნებას, სამართალდამცავების ჩართვა ძალადობის პირველივე შემთხვევაში არ მგონია სწორი. ჯობია, სხვა გზით ეცადოს. მეორე შანსი ყველას უნდა მიეცეს. თუმცა, გააჩნია ძალადობის ფორმასაც.

– თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, მუნიციპალიტეტმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი შვილების დასაცავად/მხარდასაჭერად?

– ოჯახში თუ ეკონომიური სიდუხჭირეა, ვალდებულია სახელმწიფო, რომ ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამასწინათ ვნახე გადაცემა, დედა 30 კვმ ფართობში შვიდ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ეს ქალი საუკეთესო დედაა – ამეცადინებს, უვლის შვილებს, მაგრამ სახელმწიფო მის შვილებს მინდობით აღზრდაში აგზავნის იმის გამო, რომ მათ შესაბამისი პირობები არ აქვთ.

სახელმწიფომ მათი მინდობით აღზრდისთვის თანხა ხომ უნდა დახარჯოს. ამას არ სჯობია, ოჯახს ბინა მისცეს, რომ ბავშვები მშობლებთან გაიზარდონ?! დედა-მამას ვერავინ შეცვლის.

სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტმა ოჯახების ეკონომიურად გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყონ, რომ შემცირდეს ამ პრობლემით გამოწვეული შესაძლო ძალადობა. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ.

ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ქალბატონ ციური სულამანიძის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ხარაგაულში საზოგადოების უმრავლესობა იზიარებს.

შესაბამისი კვლევა ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ხუთ მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, ზუგდიდი, ქედა, ხარაგაული, ხაშური) ჩაატარა, სამიზნე მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

  • კვლევაში გამოკითხულ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (86%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალმა არ უნდა მოითმინოს ოჯახში ძალადობა და გაშორდეს ქმარს. გამოკითხულთა მცირე ნაწილი – 12% ფიქრობს, რომ მოძალადე ქმართან მცხოვრები ქალებისათვის ურთიერთობის ამგვარი ტიპი მისაღებია;
  • გამოკითხულთა უმრავლესობა (75%) მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევაში ქალმა სამართალდამცველებსაც უნდა მიმართოს და დახმარება, სიტუაციის რეგულირებისთვის, მშობლებსა და ნათესავებსაც სთხოვოს;
  • ხუთივე მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა მესამედი პასუხობს, რომ არ იცის პოლიციის ჩართულობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ეფექტურია თუ არა. ხარაგაულში გამოკითხულთა შორის ასეთი რესპონდენტების რიცხვი 40%-ზე მეტია, ქედაში კი 50%-ზე მეტი;
  • გამოკითხულთა 46%-მა არ იცის, რამდენად ეფექტურია მუნიციპალიტეტის საქმიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე 
მზითევი რა შუაშია, – შვილებს ქონება თანაბრად უნდა გაუნაწილო

პოსტი სოციალურ ქსელში