სოფლად საგაზაფხულო სამუშაოები, არამდგრადი ამინდების გამო, ჭიანურდება. კლიმატის ცვლილებამ ფერმერები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, სახელმწიფო უწყებებიდან რჩევები არ ჩანს.

პრობლემაა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის დაქირავება. 2014-2022 წლებში მოქმედებდა სახელმწიფო პროგრამები და ფერმერები სახნავ-სათეს ტექნიკას შეღავათიან ფასად ქირაობდნენ, ხოლო საწვავს – ფასდაკლებით ყიდულობდნენ.

შარშან სოფლის განვითარების სააგენტომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენა შესთავაზა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლის, ბონდო კიკნაველიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, თანადაფინანსებით მიწის დასამუშავებლად ტექნიკა ხარაგაულში 9 ფერმერმა შეიძინა.

მისივე თქმით, ფერმერების უმრავლესობას მინიტრაქტორები ჰყავს. ამის მიუხედავად, როგორც ბონდო კიკნაველიძე ამბობს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3 856 ჰა სახნავ-სათესი მიწიდან, ბოლო სამი წელია, ნახევარზე ცოტა მეტი მუშავდება და დახნული მიწის ფართობი წლიდან წლამდე იკლებს.

ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგის შემადგენლობის ცოდნა, რადგან მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მიწის ნაყოფიერებაზეა დამოკიდებული. ფერმერთა უმრავლესობამ არ იცის, კონკრეტულ მიწის ნაკვეთს რომელი სასუქით გამდიდრება სჭირდება.

ბონდო კიკნაველიძე განმარტავს, რომ ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი უფინანსდებათ იმ ფერმერებს, რომლებიც პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ჩაერთვებიან. თავიდან ნიადაგის კვლევის საფასურს ფერმერი იხდის, თუმცა, კონკრეტული კულტურის გაშენების შემდეგ მას თანხა უკან უბრუნდება.

პროექტის გარეშე ნიადაგის შემოწმება 400 ლარამდე ჯდება. ბონდო კიკნაველიძე ფერმერებს ურჩევს, რომ უხვი მოსავლის მისაღებად, ნიადაგის შემადგენლობა შეამოწმონ იმის დასადგენად, კონკრეტულ ნიადაგს აზოტი აკლია, ფოსფორი თუ სხვა რამ. ფერმერი ნიადაგის გამოყენებას ამის მიხედვით დაგეგმავს და ჭარბ პროდუქციასაც მიიღებს.

მიმდინარე წელს სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა მოსახლეობასთან ერთი შეხვედრა მეცხოველეობის მიმართულებით ვარძიაში ჩაატარა, ხოლო კიცხში, მათი სამსახურის ორგანიზებით, ფუტკრის ახალი დაავადების, ტროპილელაფსოზის შესახებ, მეფუტკრეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ნუნისში მცხოვრებმა მერაბ ჯოგლიძემ სახელმწიფოსგან თანადაფინანსებით შარშან მინი ტრაქტორი შეიძინა. ის ამბობს, რომ მიწის დამუშავება, გასულ წლებთან შედარებით, გაუდვილდა და უკეთესი მოსავალი მიიღო. მას საკუთარ მეურნეობაში ძირითადად სიმინდი, ლობიო და კარტოფილი მოჰყავს. მერაბ ჯოგლიძე მიწის დახვნაში მეზობლებსაც ეხმარება.

მერაბ ჯოგლიძის ინფორმაციით, ნუნისში მუდმივად 13 ოჯახი ცხოვრობს. ხარები მათგან მხოლოდ ერთს ჰყავს. ოჯახებმა ხარები მასიურად მას შემდეგ გაყიდეს, რაც კანონით მათ სამასალე მერქნის მოპოვება აეკრძალათ. მხოლოდ მიწის დასამუშავებლად ხარის დატოვება, ძვირი ჯდებაო, – ამბობს ფერმერი და წუხს, რომ სოფელში, ძირითადად, მოხუცები დარჩნენ და წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები მიწა მუშავდება.

საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით წარმართავს საქმიანობას ღარიხევში მცხოვრები ბადრი მჭედლიძე. მინი ტრაქტორი მან საკუთარი ფინანსებით შეიძინა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ამინდის მიხედვით გეგმავს, მაგრამ კლიმატის ცვლილება მაინც აზარალებს.

ბადრი მჭედლიძეც სოფლის დაცლაზე საუბრობს. მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ფულადი შემოსავალი არ აქვთ. ახალ და კვალიფიციურ ცოდნას კი, რაც სოფელში ძლიერი მეურნეობის შექმნას სჭირდება, მათ არავინ აწვდის.

რა ღირს სოფელში მიწის დამუშავება, ეს ინფორმაცია კერძო ფერმერებთან მოვიძიეთ.

1000 კვმ მიწის ფართობის მინი ტრაქტორით დამუშავება 100 ლარი ჯდება. თუმცა, როგორც მინი ტრაქტორების მფლობელებმა გვითხრეს, ფასი საწვავის ღირებულების მიხედვით, შესაძლოა, შეიცვალოს.

ნინო კაპანაძე