14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა. 1978 წლის აპრილში თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა.

საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიის მცდელობას, რომელიც ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლისკენ იყო მიმართული.

1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კი განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა. ამან საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საპროტესტო ტალღამ კულმინაციას 1978 წელის 14 აპრილს მიაღწია.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართული ენის დასაცავად 100 000 ადამიანი გამოვიდა. კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული ენა დარჩა.

ქართველი ხალხის მიერ 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად და უკვდავსაყოფად, 1990 წელს 14 აპრილი ქართული ენის (დედა ენის) დღედ გამოცხადდა.

ენას დაცვა და გაფრთხილება მუდმივად და მრავალმხრივ სჭირდება. როგორ ცდილობენ და ახერხებენ ენის სიწმინდის დაცვას და რას ურჩევენ მომავალ თაობას, – ამ საკითხებზე მარელისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირინა კუპატაძეს ვესაუბრეთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენისთანა პატარა ერებმა თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ, – ამბობს ირინა კუპატაძე, – განსაკუთრებით, ენას უნდა მოვუფრთხილდეთ. ენა ცოცხალი ორგანიზმია და ცვლილებას მუდმივად განიცდის.

14 აპრილის აღნიშვნა მნიშვნელოვანია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მომავალმა თაობამ შეიტყოს, რატომ დაწესდა ეს დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ 47 წლის წინ ადამიანები მზად იყვნენ, საკუთარი დედა ენა სიცოცხლის ფასად დაეცვათ. მოსწავლეებს სულ ვეუბნები, – ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ქვეყნის, წინაპრებისა და უფროსი თაობის წინაშე, დავიცვათ, გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს მშობლიური ენა.

მარელისის საჯარო სკოლაში ამ დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად ტარდება კვირეული, რომელიც 14 აპრილს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება. კვირეულის თითოეული დღე გაწერილია. ყველა კლასი, მოსწავლე, მასწავლებელი და დირექტორი ცდილობენ, კვირეულში თავისი წვლილი შეიტანონ. ამ კვირეულის ფარგლებში წელს

  • I-VI კლასის მოსწავლეებს შორის სწრაფად კითხვის კონკურსი და ვიქტორინა მოეწყო;
  • VII-XII კლასების მოსწავლეები მხატვრული კითხვისა და საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების შექმნის კონკურსებში ჩაერთვნენ;
  • სკოლაში გამოიფინა მოსწავლეებისგან შესრულებული ქართული კალიგრაფიული ნამუშევრები, – „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები და ქართული ენის დღესთან დაკავშირებით შექმნილი ნახატები;
  • მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ანბანის წარმოშობისა და ხელნაწერების ისტორიებზე;
  • კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები ხარაგაულის ბიბლიოთეკას ესტუმრენ.

თითოეული აქტივობის მიზანია, რომ მოსწავლეებს მშობლიური ენის სიყვარული ჩავუნერგოთ.

ენაში უცხო სიტყვების შემოჭრა და დამკვიდრება ახალი ამბავი არაა. ჩემს ბავშვობაში რუსული ენის გავლენით საუბრობდნენ. ახლა ინგლისური ენიდან შემოსული სიტყვები სჭარბობს. დედაჩემი მასწავლებელი იყო და მუდმივად ცდილობდა, მეტყველების დროს რუსული სიტყვები არ გამომეყენებინა და წინადადება სწორად წარმომეთქვა. ეს სისხლსა და ხორცში გამიჯდა. ქართული ენა იმდენად მდიდარია, რომ ყველა უცხო სიტყვას თავისი შესატყვისი აქვს.

ასეთ მეთოდს მივმართავ, – უცხო სიტყვას, რომელსაც მოსწავლე გაკვეთილზე თუ დასვენებაზე იტყვის, კლასში სპეციალურად გამოკრულ ფურცელზე ვწერთ. ამ სიტყვის გასწვრივ კი ქართულ შესატყვისს მივუწერთ. ეს მოსწავლეებს ამახსოვრდებათ და შემდეგ ცდილობენ, რომ მეტყველებისას ბარბარიზმები აღარ გამოიყენონ.

გასულ სასწავლო წელს, კვირეულის ფარგლებში, ფურცლებზე ჩამოვწერეთ ყველაზე მეტად გავრცელებული ბარბარიზმები და მისი შესატყვისი ქართული სიტყვები. ეს ფურცლები სოფლის მოსახლეობაში, მატარებლებში დავარიგეთ და ყველას მოვუწოდეთ, რომ მხოლოდ ქართულად ისაუბრონ.

უცხო სიტყვებისგან ენის დაცვა მარტივი არ არის. ქართული ენის განვითარების ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ბევრი უცხო სიტყვა დამკვიდრდა; მაგალითად, „ფანჯარა“, არაქართულია. მის ქართულ შესატყვისს – „სარკმელს“, დღეს, ფაქტობრივად, აღარ ვამბობთ.

ქართული ენა უნიკალურია – როგორც ვსაუბრობთ, ისე ვწერთ. ქართული ანბანი მსოფლიოს 14 დამწერლობას შორისაა.

1978 წელს საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი მნიშვნელობით დაიცვეს ქართული ენა, რომ ის რუსული ენით არ ჩანაცვლებულიყო. დღეს ნებაყოფლობით უცხო სიტყვების დამკვიდრება არ უნდა დავუშვათ. ქართული სიტყვიერების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია“.

ნინო კაპანაძე