
წყალაფორეთის სკოლის ყოფილი შენობის რემონტისას, რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან დაიწყო, აღმოჩნდა, რომ არსებული შენობა უნდა დანგრეულიყო და მის ადგილზე ახალი აშენებულიყო.
2022 წლის ივლისში სკოლა დაანგრიეს. ახალი შენობის ასაგებად ტენდერი განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. ამ ტენდერში მონაწილე შპს „მანე ლუქსს“, ტექნიკური დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
მას შემდეგ უცნობია, როდის დაიწყება წყალაფორეთის სკოლის მშენებლობა და რა არის ტენდერის გამოუცხადებლობის მიზეზი.
2020-2022 წლებში წყალაფორთის სკოლის მოსწავლეები ვარძიის სკოლაში სწავლობდნენ, ხოლო 2022 წლიდან – წყალაფორეთიდან 15 კილომეტრით დაშორებულ თეთრაწყაროს სკოლაში მეცადინეობენ.
რა ზომებს მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრმა იმისთვის, რომ წყალაფორეთის სკოლის მშენებლობა დაჩქარდეს, – ამ საკითხის გარკვევა მოითხოვა ინგა მაღრაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ლელო“.
საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის სხდომაზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე და წყალაფორეთის სკოლის დირექტორი ნათია დვალი იმყოფებოდნენ.
რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის თქმით, წყალაფორეთში სკოლის მშენებლობის დაჩქარება მის კომპეტენციას სცილდება.
„ყველა ინსტანციას მივმართავთ. განათლების მინისტრი და ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელი რამდენჯერმე შეიცვალა. მინისტრის მოადგილეს ბოლოს თებერვალში, ვაშლევის სკოლის გახსნისას მივაწოდე ინფორმაცია, რომ დაჩქარდეს წყალაფორეთში სკოლის მშენებლობა.
ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. თუმცა, შესაძლოა, მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირეც იყოს ამ საკითხის მოუგვარებლობის ერთ-ერთი მიზეზი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში პაატა კვიჟინაძე ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართულები არიან. როდის აშენდება წყალაფორეთში სკოლა, ზუსტად არ ვიცით.“
საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრის, დავით კიკნაძე ამბობს, რომ „მოსწავლეთა რაოდენობა სკოლის მშენებლობას ხელს არ უშლის და ზოგ მუნიციპალიტეტში სკოლა ერთი მოსწავლისთვისაც ფუნქციონირებს“.
„2022 წლის ივლისიდან წყალაფორეთის სკოლის დირექტორი ვარ, – ამბობს ნათია დვალი, – დანიშვნის დღიდან ვზრუნავ, რომ სოფელში ახალი სკოლა აშენდეს. ადგილობრივი ხელისუფლება, რესურსცენტრი მხარს გვიჭერენ.
თეთრაწყაროს სკოლაში სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ყველნაირი პირობა გვაქვს. თუმცა, წყალაფორეთში მცხოვრები 19 მოსწავლე, იმის გამო, რომ სოფლიდან 15 კილომეტრის დაშორებით დავდივართ, სხვა, მეზობელი სოფლების სკოლებში სწავლობენ. მშენებლობა დღესაც რომ დაიწყოს, დარწმუნებული ვარ, 19-ვე მოსწავლე ჩვენთან დაბრუნდება.
ამჟამად წყალაფორეთის სკოლაში 23 მოსწავლეა. 2025 წლის სექტემბერში 5 პირველკლასელს ველოდებით, 2026 წლისთვის – 4 პირველკლასელს.
2024 წლის ნოემბრიდან სკოლაში მოსწავლეთა კვება უფასოა და ამაში „თბილისის მოზარდთა სახლი“ გვეხმარება. ბორისა და ვარძიის სკოლების მსგავსად, წყალაფორთის სკოლის მოსწავლეებიც დღეში ერთხელ ფუნთუშებით იკვებებიან.
მარტის ბოლოს წყალაფორეთის მოსახლეობამ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა, რომ სოფელში სკოლის მშენებლობა დაჩქარდეს. ეს უკვე მარტო სკოლის პრობლემა აღარაა. სოფელი გაქრება, თუ სკოლა აღარ გვექნება. სამინისტროდან პასუხი, ჯერჯერობით, არ მიგვიღია“.
დეპუტატმა ინგა მაღრაძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ ხედავს და აფასებს ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობებს, თუმცა, ამ მცდელობების შედეგი არ ჩანს. მან კომისიას შესთავაზა, რომ სამინისტროს მიმართონ წერილობით და მოითხოვონ კონკრეტული პასუხი, როდის დაიწყება წყალაფორთში სკოლის მშენებლობა.
განათლების კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, მარინე ხვედელიძეს მიაჩნია, რომ ამ საკითხს კომისიის წერილი ვერ დააჩქარებს.
„პრობლემას ვხედავთ, მოსაგვარებლად ვმუშაობთ, ყოველდღიური მოლოდინი გვაქვს, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – გიდასტურებთ, რომ საკითხი გაჭიანურებულია. უფრო მაღალი რგოლის წარმომადგენლები ცდილობენ ამ თემის გააქტიურებას. ამიტომ აზრს მოკლებულია საკრებულოს კომისიისგან სამინისტროსთვის წერილობითი მიმართვა“.
„ამ მოწვევის საკრებულო ისე ამთავრებს თავის საქმიანობას ხარაგაულში, რომ ამდენი ძალისხმევის მიუხედავად, წყალაფორეთში სკოლა როდის აშენდება, ვერ დაგვიდგენია“, – აღნიშნა კომისიის სხდომაზე ინგა მაღრაძემ.
ფოტოზე – წყალაფორეთის ახალი სკოლა ადრინდელი შენობის ადგილას უნდა აშენებულიყო
ამავე თემაზე
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურად შეჭირვებული