გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ფორუმში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

„სათემო პროექტში 45 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ვმონაწილეობდით, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – შეხვედრაზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ისეთ საფრთხეებთან გასამკლავებლად, როგორიცაა – წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, თოვლის ზვავი, ძლიერი ქარი, ხანძარი, გვალვა.

აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტებში გვქონდეს კატასტროფების მართვის გეგმა. ამ გეგმაში უნდა გაიწეროს შესაძლო კატასტროფებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების ღონისძიებები, ადამიანების უსაფრთხოების, სწრაფი რეაგირებისა და ეფექტური აღდგენითი სამუშაოების საკითხები.

ყველაზე მთავარია პრევენცია, როგორ მოვემზადოთ ისე, რომ უძლურები არ აღმოვჩნდეთ კატასტროფების წინაშე. მარტო ის, რომ მოგვდის შეტყობინებები, ამინდის გაუარესების შესახებ, არასაკმარისია. მოსალოდნელ მეწყერებსა და წყალდიდობებს მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

კატასტროფების მართვის გეგმის შედგენაში გეოლოგები დაგვეხმარებიან, თუმცა, სპეციალისტები ცოტაა და ხარაგაულში, სავარაუდოდ, ამ გეგმაზე მუშაობა მომავალ წელს დაიწყება. თუმცა, სამუშაო ჯგუფი წელსვე შეიძლება შედგეს და გარკვეული პრევენციული ღონისძიებები შევიმუშაოთ“, – ამბობს მანანა ბარბაქაძე.

სათემო ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები.