ამერიკული თეთრი პეპელა საკარანტინო მავნებელია. გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. საქართველოში 1976 წლიდან აღინიშნა დასავლეთ საქართველოში. აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს, – განსაკუთრებით თუთას, ვაშლს, მსხალს, თხილს, იფანს, კაკალს და ა. შ.

მავნებელი გამოირჩევა დიდი ნაყოფიერებით. ზრდასრული პეპელა დებს 200-2000-მდე კვერცხს მცენარის მზით განათებული ტოტების ფოთლების ქვედა მხარეს. კვერცხები ღია ფერის ქეჩით არის დაფარული. ახალგამოჩეკილი მატლები ქმნიან აბლაბუდიან ბუდეს. 15-20 დღის შემდეგ კი ტოვებენ ბუდეს, ემზადებიან დასაჭუპრებლად და გამოსაზამთრებლად. ჩვენს პირობებში მავნებელი იძლევა ორ თაობას მაის-ივნისსა და ივლის-აგვისტოში. თუ ამერიკული თეთრი პეპელა მავნეობს ზედიზედ რამდენიმე წელი, მაშინ მცენარე ხმება.

ხარაგაულის პირობებში მავნებლის რაოდენობამ იკლო წინა წლებთან შედარებით. თუმცა, ამ პერიოდში, ერთეულ შემთხვევებში, შენიშნავთ აბლაბუდის ქსელში გახვეულ მატლებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოწვათ ჩირაღდნის საშუალებით, რათა არ მოხდეს მატლების დაჭუპრება და გამოზამთრება. ეს არის უმარტივესი მექანიკური მეთოდი.

შემოდგომაზე აუცილებელია იმ მცენარის, რომელზეც მავნებელი ბუდობდა, გასხვლა, ხმელი ნაწილების ჩამოცლა. ჩამოცვენილი ფოთლები და ანასხლავი უნდა შეგროვდეს და დაიწვას, ხეებს ირგვლივ ღრმად უნდა შემოუბაროთ და მორწყათ. ეს პროცედურა ყველა მცენარისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით იმ შემთხვევასი თუ მათზე რაიმე მავნებელი ან დაავადება შენიშნეთ.

გარდა მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებისა, მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ქიმიური პრეპარატებიც, მაგრამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მავნებლის გავრცელება იმდენად დაბალია, რომ არ დამდგარა მისი გამოყენების აუცილებლობა.

ნინო სახვაძე

სურსათის ეროვნული სააგენტო

591 11 34 72.