ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, დღეს, 25 მარტს, ქართველ ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია გასული საუკუნის 50-60-იანი წლების მხატვარი და კერამიკოსი ქალების შემოქმედება. ეს ნახატები, კერამიკული და გრაფიკული ნამუშევრები მუდმივ ექსპოზიციაში არ არის წარმოდგენილი და ფონდშია დაცული.

მუზეუმის მეოთხე საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებელი ნახავს – ჯულიეტა ბერძენიშვილის, ნანა მესხიძის, ხათუნა სონღულაშვილის, ნათელა ღიბრაძის, ანა შალიკაშვილის, რუსუდან გაჩეჩილაძის, მაია ასანიძისა და თამარ ორჯონიკიძის ნახატებს; კერამიკოსების – ეკატერინე ბაბლიძის, ნანა კიკნაძის, ალდე კაკაბაძის, ნანა ბოტკოველის, ეკა ოსტორვსკის, მარიკა იზორიას, ნატო ერისთავისა და ლია კასბელაშვილის ნამუშევრებს.

გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მუზეუმის სტუმრებს მხატვრებისა და კერამიკოსების ბიოგრაფიები გააცნეს, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები.

მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის ინფორმაციით, ეს გამოფენა გაზაფხულის დადგომას, დედისა და ქალთა დღეებს ეძღვნება. მისი თქმით, ეს ნამუშევრები 2017 წლის შემდეგ მუზეუმის ფონდშია დაცული, რადგან მუზეუმის სამი დარბაზი თანამედროვე მხატვრების ნახატებმა და გრაფიკულმა ნამუშევრებმა დაიკავა.

გამოფენის ორგანიზებისა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისთვის მუზეუმის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორის მოადგილე სპარტაკ ლაცაბიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ და მუზეუმის თანამშრომელმა ნიკო დეკანოსიძემ.

„აქ წარმოდგენილი ნამუშევერების ავტორი ქალების შემოქმედება დაკავშირებულია მხატვარ ელენე ახვლედიანთან, – აღნიშნა გამოფენის გახსნაზე მუზეუმის თანამშრომელმა ეკა შველიძემ, – თავად ეს დიდი ხელოვანი გასული საუკუნის 60-იან წლებში რამდენჯერმე ამ მხატვარ ქალებთან ერთად ხარაგაულს სტუმრობდა. მათი ექსპედიციის ფარგლებში არაერთი საინტერესო ნახატი შეიქმნა. ის ნახატები, რომლებიც იმდროინდელი ხარაგაულის ყოფა-ცხოვრებსა და პეიზაჟებს აღწერენ, ელენე ახვლდიანის მუზეუმშია დაცული.

კერამისკოსები – ნანა კიკნაძე და ეკატერინე ბაბლიძე ხარაგაულელები არიან. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისთვის ექსპონატებს რომ ვაგროვებდით, მათ პირადად გადმომცეს თავიანთი ნამუშევრები.

ასე რომ, მუზეუმი ინახავს ჩვენს წარსულს და ამით მომავალს ასაზრდოებს.“

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა „ქალი ხელოვანი“ ერთ თვეს გასტანს.