9-საათიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მან პროკურატურის ყველა შუამდგომლობა გაიზიარა და მხედველობაში არ მიიღო დაცვის მხარის არც ერთი წინადადება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის კოლეგების, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა.

ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყო. 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ჟურნალისტიც ესწრებოდა.

სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ საქმეში დევს დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას მიერ 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე კომუნიკაციას ტელეფონით აწარმოებდა. ამის საფუძველზე პროკურატურამ ჟურნალისტის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოითხოვა.

ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ ამ გზით პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე, შესაბამისად, მის სამსახურებრივ და პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება სურდა. ადვოკატების შეფასებით, დეტექტივის პატაკი და მისი გამოკითხვის ოქმი არ აკმაყოფილებდა მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, თუმცა სასამართლომ მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„გამოძიებამ არ იკმარა მისი უკანონო პატიმრობა და უცებ საქმეში გაჩნდა პოლიციის ერთ-ერთი დეტექტივის 15 თებერვლით დათარიღებული პატაკი. ის ამ პატაკში ჰყვება, რომ მისთვის რაღაც წყაროსგან ცნობილი გახდა, თურმე ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო და თურმე ქალბატონმა მზიამ ამასთან დაკავშირებით დავალება მიიღო. ამ სამარცხვინო პატაკის საფუძველზე შემდეგ პროკურორმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და სასამართლომ ასეთივე სამარცხვინო განჩინება გასცა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. ამ დოკუმენტების დაუშვებლობას ვითხოვდით ჩვენ საქმეში”, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ევრონიუს ჯორჯიასთან.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა. პროკურორები კი ამტკიცებდნენ, რომ არსებობს საფრთხე, მზია ამაღლობელმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს. ამიტომ ითხოვდნენ, ჟურნალისტი სასამართლოს პატიმრობაში დაეტოვებინა. ჟურნალისტის უფლებადამცველები სხდომის დასრულებამდე აცხადებდნენ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ ჰქონდათ.

„ქართული მართლმსაჯულებისგან არანაირი კარგი მოლოდინი არ მაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ამოცანაა, თუნდაც ვამხილოთ, გავაშიშვლოთ რამდენი უკანონობაა ამ საქმეში, რას სჩადის ქართული პროკურატურა. და ახლა ვნახავთ, რას ჩაიდენს ქართული მართლმსაჯულება მორიგ ჯერზე. აქამდე მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით არაერთხელ მიიღო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება“, – ამბობს მაია მწარიაშვილი.

მრავალსაათიანი სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის  მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ჟურნალისტმა კი სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მზია ამაღლობელმა დღევანდელ პროცესზე ისიც თქვა, რომ სჯერა, საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.

euronewsgeorgia.com