
სამ წელზე მეტია, ვერტყვიჭალაში მცხოვრები გოჩა ბლიაძე სამ მცირეწლოვან (7 წლის, 5 წლის და 4 წლის) შვილს მარტო ზრდის. მას შემდეგ, რაც შვილებთან მარტო დარჩა, ვერტყვილადან საცხოვრებლად ძმის სახლში გადმოვიდა. 73 წლის დედა, რომელსაც გადაადგილება უჭირს, ფაქტობრივად ვერ ეხმარება.
…გოჩა ყოველდღე ადრიანად დგება და შვილებისთვის საუზმეს ამზადებს. ამბობს, რომ ბიჭებს ყველაზე ძალიან რძიანი საჭმელი და ჩაი უყვართ. საუზმის შემდეგ უფროს შვილს სკოლაში აგზავნის, უმცროსებს კი – საბავშვო ბაღში.
შვილებს რომ გაისტუმრებს, შემდეგ საოჯახო საქმეებს უნდა მიხედოს და სადილი მოამზადოს – სუპი ან ბორში. შუადღის ორი საათისთვის პირველკლასელი შვილი სკოლიდან ბრუნდება, ხუთი საათის შემდეგ ბრუნდებიან საბავშვო ბაღიდან უმცროსი ძმები.
გოჩა ბლიაძის ოჯახის შემოსავალი – სოციალური შემწეობა – ჯამში 1 100 ლარია. ის ამბობს, რომ ეს თანხა თვიდან თვემდე არ ჰყოფნის. ფულს რომ აიღებს, ძირითადად, საკვებ პროდუქტებს ყიდულობს, სასურსათო მაღაზიაში ვალებს ისტუმრებს. შვილებს ბევრი რამ სჭირდებათ – უფროსს – სასკოლო ნივთები, პატარებს – პამპერსი და სხვა ჰიგიენური საშუალებები… გოჩას დედას თავისი პენსია წამლებისთვის ძლივს ჰყოფნის.
სარეცხი მანქანა გაუფუჭდათ. ამიტომ გოჩას სარეცხი ბიძაშვილთან მიაქვს. სახლში არც ონკანი აქვთ და არც აბაზანა. ამიტომ შვილების დაბანა ტაშტში უწევს. უფროს ბიჭს სამეცადინო კუთხე – თავისი ასაკის შესაფერისი მაგიდა და სკამი სჭირდება.
აბაზანის ოთახის აშენებაში გოჩას ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარა – გასულ წელს ამ მიზნით თანხა ჩაურიცხეს. დასაგებია იატაკი და გასარემონტებელია აბაზანისთვის განკუთვნილი ოთახი, რომელსაც ამჟამად ბავშვები სათამაშოდ იყენებენ.
სახლი მდინარის პირას მდებარეობს და ბავშვების სათამაშოდ გარეთ გამოშვება, უმეთვალყურეოდ, საფრთხის შემცველია.
ბავშვებს მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ამიტომ გოჩა გარეთ გასვლას და მუშაობას ვერ ახერხებს.
მისი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ შვილების მოვლას და მათ აღზრდას მარტო ვერ უმკლავდება. დღიურ სამუშაოზე დასაქმება სურს და ამბობს, რომ დღიურად 50-60 ლარის გამომუშავებას შეძლებს. თუმცა, მცირეწლოვან შვილებს უმეთვალყურეოდ ვერ ტოვებს.
გოჩა ბლიაძის ოჯახს პერიოდულად ადგილობრივი ხელისუფლება საკვები პროდუქტებით ეხმარება, იღებს ერთჯერად ფულად შემწეობას. რამდენჯერმე ბავშვებისთვის ტანსაცმელი და სათამაშოები მიუტანეს.
შვილები 2024 წლის ბოლოს ზესტაფონში ექიმთან უნდა წაეყვანა, მაგრამ უფულობის გამო ვერ შეძლო. ის ბავშვების ტრანსპორტირებისა და ექიმთან ვიზიტისთვის საჭირო თანხის ჩარიცხვას ისევ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელოდება.
გოჩა ბლიაძის სურვილია, სახლში დამხმარე ჰყავდეს; შვილებთან ერთად საკუთარ ჭერქვეშ იცხოვროს. მას იმედი აქვს, რომ სოფელ ვერტყვილამდე მისასვლელი გზა დაიგება და ცხოვრებას საკუთარ სახლში გააგრძელებს, ვენახს მოუვლის და მამაპაპისეულ მიწას დაამუშავებს.
გოჩა ბლიაძე „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამაში ჩაერთვება
რამდენად შესაძლებელია გოჩა ბლიაძის ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილება, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსს თეა ბერიძეს მივმართეთ.
„ასეთი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგება და სველი წერტილის მოწყობა უპირველესია,- ამბობს თეა ბერიძე, – გასულ წელს გოჩა ბლიაძის ოჯახს ამ მიზნით 2 ათასი ლარით დავეხმარეთ. ეს თანხა აბანოს მოსაწყობად არასაკმარისია. წელს ვგეგმავთ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოვუგვაროთ“.
ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გოჩა ბლიაძეს თანხას ჩაურიცხავენ შვილების ექიმთან წასაყვანად, სარეცხი მანქანის შესაკეთებლად და სახლის შესასვლელში იატაკის მოსაწესრიგებლად.
თეა ბერიძე ამბობს, რომ გოჩა ბლიაძეს პირველკლასელი შვილისთვის სათანადო სამეცადინო კუთხის მოწყობაზე და ამ ოჯახის მდინარის პირას მდებარე სახლის ეზოს შემოღობვაზე იზრუნებენ.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გოჩა ბლიაძის შვილებს მეურვე, პერსონალური ასისტენტი ჰყავდეს. თუმცა, ამ პროგრამაში მისი ჩართვა შეუძლებელია, რადგან პროგრამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. პერსონალური ასისტენტის პროგრამაში, რომლის განახლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უახლოეს ხანში იგეგმება, ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ 18 წელს ზემოთ შშმ პირებს აქვთ.
„ვაპირებთ, რომ წელს გოჩა ბლიაძე „პოზიტიური მშობლობის პროგრამაში“ ჩავრთოთ, – ამბობს თეა ბერიძე, – ეს პროგრამა შარშან საპილოტედ ხარაგაულსა და ბოლნისში განხორციელდა. მოწვეული ფსიქოლოგი მუშაობდა მშობლებთან, რომლებსაც სხვადასხვა უნარების განვითარება/გაძლიერება სჭირდებოდათ. ხარაგაულში, 2024 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ხუთ მშობელს ათი ფსიქოსარეაბილიტაციო სეანსი ჩაუტარდა.
გოჩა ბლიაძე ძალიან ყურადღებიანი მამაა და ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამისგან ბევრ რამეს ისწავლის, რაც მას შვილების სწორად აღზრდაში დაეხმარება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ მესამე წელია, რაც მათი სამსახური ამ ოჯახის საჭიროებების მოგვარებას ცდილობს.
„უნდა შევძლოთ გოჩა ბლიაძისთვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც მის პირობებზე იქნება მორგებული, – ამბობს ნანა კიკნაძე, – შესაძლოა, ეს იყო მისი უნარებიდან გამომდინარე, რაიმე მომსახურების სფეროში დასაქმება და ჩვენ შესაბამისი იარაღები შევუძინოთ. ამით ის შეძლებს, სოციალურ და სხვა დახმარებებთან ერთად, სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს“.
საჭიროა ოჯახის განვითარებაზე ორიენტირებული დახმარება
რამდენად ეფექტურია სახელმწიფოსგან დაფინანსებული სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული პროგრამები, – ამ შეკითხვით გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტს ქეთევან მელიქაძეს მივმართეთ.
„ცენტრალური ხელისუფლება წლიდან წლამდე ზრდის სოციალურად დაუცველ ოჯახებში მყოფი ბავშვების ფულად დახმარებას, – ამბობს ქეთევან მელიქაძე, – თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდი ცდილობს ადვოკატირებას, რომ სახელმწიფომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური პროგრამა დანერგოს. ბავშვის აღზრდა დიდ ფინანსურ წნეხთან არის დაკავშირებული.
სიღარიბეში ცხოვრება ზრდასრულობაზე აისახება. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სამ წლამდე ასაკის ყველა ბავშვმა მიიღოს მიზნობრივი ფულადი დახმარება. სამ წლამდე ბავშვს კვებაში, ჯანდაცვაში, განათლებაში განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება.
მუნიციპალიტეტში უნდა შემუშავდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც ოჯახებს გააძლიერებს და მათ განვითარებას მიეხმარება. ოჯახს უნდა შევთავაზოთ სამუშაო, ფსიქოსოციალური სეანსები, მშობლობის პროგრამა და სხვ.
იუნისეფმა, 2023 წელს „ბავშვის კეთილდღეობის კვლევა“ ევროპული სტანდარტის მიხედვით ჩაატარა. ამ სტანდარტით სიღარიბე განისაზღვრა არა მარტო იმით, რამდენად მწირი ფულია ოჯახში, არამედ ამ მწირ ფულს როგორ იყენებს ოჯახი ბავშვის სასიკეთოდ, ანუ აქვს თუ არა ბავშვს ყველა ის მინიმალური საგანი თუ მომსახურება, რომელიც მისი განვითარებისთვის აუცილებელია. 16 ასეთი საგნისა და მომსახურებისგან, თუ სამი მათგანი ბავშვს აკლია, ის მაშინ დანაკლისში ცხოვრობს. ასეთ პირობებში საქართველოში ბავშვების 38% ცხოვრობს“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 16 წლამდე ასაკის 247 696 ბავშვი 200 ლარიან საარსებო შემწეობას იღებს. გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, სოფლად მცხოვრები ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ლეღვანში,
სამ წელზე მეტია, ვერტყვიჭალაში მცხოვრები გოჩა ბლიაძე სამ მცირეწლოვან (7 წლის, 5 წლის და 4 წლის) შვილს მარტო ზრდის. მას […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში, საკრაულას
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა გზების
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში,