14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. 175 წლის წინ, 1850 წლის 14 იანვარს, თბილისში, გიმნაზიის სააქტო დარბაზში, პირველი სპექტაკლი – გიორგი ერისთავის „გაყრა“დაიდგა.

ამ თარიღიდან 50 წლის შემდეგ კი თეატრის მოყვარულებმა ხარაგაულში თეატრი დააარსეს. წელს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 125 წლის იუბილეს იზეიმებს.

ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, თეატრის როლსა და მნიშვნელობაზე ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს ირინე ჩხეიძეს ვესაუბრეთ. ის 2004 წლიდან ამ თეატრის რეჟისორი და მსახიობია. ამ წლების განმავლობაში მან ოცამდე სპექტაკლი დადგა:

„ლექსო, არ დაიკარგები“ (2004 წ,), „ნატვრის ხე“ (2005 წ.), „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (2006 წ.), „წითელქუდა“ (2008 წ.), „თანამდევი სული“ (2007 წ.), „ნიკო ფიროსმანი – და დროც გაჩერდება“ (2009 წ.), „შენ, სისხლო ჩემო!“ (2010 წ.), „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ (2012 წ.), „დარისპანის გასაჭირი“, „სათაგური“ (2015 წ.), „ორნი“ (2018 წ.), „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი“ (2019 წ.), „იმერული რექვიემი“ (2021 წ.), „მაცეკვე ტანგო“ (2022 წ.), „დოდოს მოლოდინში“ (2023 წ.), „ბამბაზიის სამოთხე“ (2024 წ.).

2024 წლის შემოდგომაზე ირინე ჩხეიძემ „დარისპანის გასაჭირი“ ნიდერლანდებში მოქმედ ქართულ თეატრ „ათინათში“ დადგა.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლები: „ორნი“ (2021 წ.), „დარისპანის გასაჭირი“ (2016 წ.) და „თანამდევი სული“ (2017 წ.) გადაიღო აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

 

 

„თეატრი ბებიამ შემაყვარა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ის საუკეთესო დეკლამატორი იყო და ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე ხშირად კითხულობდა გალაკტიონისა და გრიშაშვილის ლექსებს. რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს შეუმჩნევია მისი ნიჭი და უთხოვია, თეატრში დარჩენილიყო. თუმცა, ბებიამ ოჯახი შექმნა ბაბუაჩემ შალვა ჩხეიძესთან და საცხოვრებლად ხარაგაულში გადმოვიდა“.

შვიდი წლის ირინე ჩხეიძემ ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში თანაკლასელების მონაწილეობით სპექტაკლი „წითელქუდა“ დადგა. ეს სპექტაკლი ხარაგაულელებს ისე ძალიან მოწონებიათ, რომ ირინე და მისი დასი საბავშვო ბაღებში მიუწვევიათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ირინე ჩხეიძემ მომავალ პროფესიად რეჟისორობა აირჩია და თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა.

პირველი როლი – კაროჟნა – ხარაგაულის თეატრის სცენაზე ითამაშა სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი დიმიტრი ბოგვერაძე – მეუფე დოსითეოსი).

„2004 წლიდან ჩემი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა ხარაგაულის თეატრს, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ხარაგაულის თეატრში დამხვდნენ ადამიანები, რომელთა გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ჩვენი გუნდური მუშაობის შედეგია, რომ ხარაგაულის თეატრს იცნობენ საქართველოს ყველა ქალაქში, აღიარებენ პროფესიულ წრეებში. ჩვენმა სპექტაკლებმა დაიმსახურა არაერთი ჯილდო სხვადასხვა ნომინაციებში:

  • გრან-პრი იმერეთისა და ქემერის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე სპექტაკლისთვის „თანამდევი სული“;
  • საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლი – „დარისპანის გასაჭირი“;
  • საუკეთესო სცენური სახეები და საუკეთესო სცენოგრაფია – „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“;
  • საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – „ხორუმი ქართული ცეკვაა“;
  • საუკეთესო რეჟისურა – „დოდოს მოლოდინში“;
  • საუკეთესო საბავშვო-საყმაწვილო სპექტაკლი – „სათაგური“.
  • ირინე ჩხეიძე ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა სპექტაკლებში – „ნატვრის ხე“, „ორნი“, „მაცეკვე ტანგო“, „ბამბაზიის სამოთხე“, „იმერული რექვიემი“, „დოდოს მოლოდინში“.
  • ნიდერლანდების ქართულ თეატრ „ათინათში“ დადგმულმა სპექტაკლმა „დარისპანის გასაჭირი“ ლიეტუვაში, კაუნასის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა.

ხარაგაულის სახალხო თეატრი, 30 წელზე მეტია, მეგობრობს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრალურ დასთან და ამ ქალაქის თეატრალური ფესტივალის არაერთგზის მონაწილეა.

„ხარაგაულის თეატრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოების განვითარებასა და მაყურებლის გემოვნების ჩამოყალიბებაში, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – თეატრი იყო და არის ერის სულიერი გამოძახილი; ადგილი, საიდანაც ყოველთვის ქართული სიტყვა ისმოდა და ქართული საქმე კეთდებოდა.

ხარაგაულელების ცხოვრებაში თეატრი ყოევლთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ზოგადად, თეატრს ერთგვარი საგანმანათლებლო მისია აქვს. სცენიდან ნათქვამი სიტყვა დიდი ძალის მქონეა.

125 წლის განმავლობაში არაერთი თაობა იდგა ხარაგაულის თეატრის სცენაზე. ეს ადამიანები საზოგადოების განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებდნენ. ამ სიყვარულისა და დაფასების მოპოვებას თავდადებული შრომა სჭირდება. დღე არ გავა, ჩვენი დასის წევრებმა რეჟისორები ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე, ოთარ აბაშიძე და თამაზ კიკნაძე რომ არ გავიხსენოთ.

ხარაგაული თეატრის გარეშე წარმოუდგენელია. აქაურ მაყურებელს უკვე მოთხოვნა აქვს, რომ ყოველ წელს ერთი სპექტაკლის პრემიერა მაინც უნდა წარვადგინოთ. მათ მხარდაჭერას კი ყოველთვის ვგრძნობთ. ახალი სპექტაკლის აფიშის გამოქვეყნების მეორე დღეს ბილეთები უკვე გაყიდულია.

ხარაგაულელი მაყურებელი მაღალი გემოვნებით გამოირჩევა – სპექტაკლის მიმდინარეობისას თითოეულ ნიუანსს ყურადღებით აკვირდებიან და მსახიობების თამაშს კარგად გრძნობენ.

ხარაგაულის სახალხო თეატრის ერთ-ერთი მიზანია, მომავალ თაობას თეატრალური ხელოვნება შევაყვაროთ და ტრადიცია გადავცეთ.

ოცი წლის წინ 17 ახალგაზრდის დებიუტი შედგა სპექტაკლში „ლექსო, არა დაიკარგები“. შემდეგ კიდევ სამი საბავშვო სპექტაკლი დავდგი – „წითელქუდა“, „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ და „სათაგური“. ამ სპექტაკლების მონაწილეები ხშირად ამბობენ, რომ ხარაგაულის თეატრში გატარებული დღეები მათი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა.

ამ 20 წლის განმავლობაში თეატრში ბევრი სირთულეც დავძლიეთ. ყველა გადაწყვეტილებას გუნდურად ვიღებთ. განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ პიესებს. ვითვალისწინებთ დასის შესაძლებლობებს, ხარაგაულელი მაყურებლის გემოვნებასა და თანამედროვე გამოწვევებს.

წლების განმავლობაში ცივ დარბაზში ვატარებდით რეპეტიციებსა და სპექტაკლებს, არ გვქონდა საგრიმიორო, საჭირო რეკვიზიტების შესაძენი ფინანსები. 2014 წლიდან, კინოთეატრის შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

მთავარია, რომ შევძელით ერთად ყოფნა და ჩვენი საქმის კეთება, მაყურებლის გულწრფელი ემოცია, ტაში და სიყვარული დავიმსახურეთ. მეამაყება, რომ ხარაგაულში 125-წლიან უწყვეტ თეატრალურ ტრადიციას ღირსეულად ვაგრძელებთ.

ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო, როცა ქემერში, „თანამდევი სულის“ შემდეგ სასტუმროს ფოიეში დაბრუნებულებს ახალგაზრდები ტაშით შეგვეგებენ. მაშინ მივხვდი, რომ ილიას სიტყვა მათ გულებამდე მივიტანეთ. თეატრის დანიშნულებაც ესაა – ადამიანებს აგრძნობინოს სიხარული და როცა საჭიროა, დააფიქროს.

ყველაზე წარმატებულად და ბედნიერად ვიგრძენი თავი, როდესაც გურამ დოჩანაშვილმა მისი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ხორუმი ქართული ცეკვაა“ შეაფასა.

ჩემი ცხოვრების ყველაზე აქტიური 20 წელი მთლიანად ხარაგაულს და ხარაგაულის თეატრს მივუძღვენი. რეჟისორად დღემდე ენთუზიაზმით ვმუშაობ, რადგან სხვა სამსახური მაქვს. რეჟისორობას არავინ მაძალებს, ეს ჩემი მოწოდებაა. კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვსო. მართლაც ასეა.

ვულოცავ ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის საუკეთესო, წარმატებულ დასს ქართული თეატრის დღეს და ხარაგაულის თეატრის 125 წლის იუბილეს. ვუსურვებ მაყურებლის სიმრავლესა და სიყვარულს, გულწრფელ აპლოდისმენტებს“.

ნინო კაპანაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე