ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევრობლოკი საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრებს აჩერებს. ელჩი ამბობს, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან, საქართველოს ხელისუფლებასთან ყველა მაღალი დონის კავშირი შეწყვეტილია, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის არამეგობრული განცხადებებია. მისივე თქმით, შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესიც. ჰერჩინსკის განცხადებით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს.

„არჩევანი ქართველი ხალხის ხელშია. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ხელისუფლება სურს სათავეში. თუ ეს ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით იქნება დაინტერესებული, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებით დემოკრატიულად აირჩევს…

ნება მომეცით, ყველას გითხრათ ხმამაღლა, პირდაპირ და ცალსახად, ევროკავშირი კონკრეტულ ღირებულებებს ეყრდნობა. ეს ღირებულებები განხილვას არ ექვემდებარება. ეს ღირებულებები ხელშეკრულებებითაა დაცული. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობათა უფლებები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს ახალ ხელისუფლებას, რომელიც ამ ღირებულებების მხარეს იქნება.

პირდაპირ გეტყვით, თუ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფო გახდება, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას მუშაობისთვის საზღვარგარეთ წასვლა სჭირდება, თუ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, უმცირესობათა უფლებები დაცული არ იქნება, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ვერც დღეს, ვერც ხვალ, ვერც ზეგ.

მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან.

სწორედ ამიტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გაჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. თუმცა პროცესი მაშინვე განახლდება, თუ ჩვენ შევხედავთ საქართველოდან შესაბამის გზავნილებსა და ნაბიჯებს.

გულგატეხილმა კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირის 27-მა ლიდერმა ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე აქ განვითარებული გარკვეული რთული და შემაშფოთებელი მოვლენების საპასუხოდ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახალარჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ განვაახლოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დრო გაიფლანგა, გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ხდება იმ კონტექსტში, როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის მოლდოვა და უკრაინა, სწრაფად მიიწევენ წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უნდა მოვასწროთ და ყველაფერი დამოკიდებულია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ასე რომ, კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს, წავიდეს და მისცეს ხმა“, – აღნიშნა ელჩმა.

გერმანიის ელჩის, ერნსტ პეტერ ფიშერის განცხადებით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორი მთავრობა ეყოლება. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობა არჩევანია და არა ძალდატანება.

„ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ ზურგს შეიბრუნებთ, მაშინ არ იქნებით ევროკავშირის წევრი. არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მთავრობა გყავდეთ მომავალში და როგორი მიმართულებით გინდათ ქვეყანა წავიდეს. ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ელჩმა.

წყარო