ხარაგაულის „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ბორში ახალგაზრდებისთვის „ერუდიტ ბანაკი“ გაიხსნა. ბანაკის 60 მონაწილე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები არიან. ისინი სკოლების დირექციებმა შეარჩიეს.

„ხარაგაულში წლებია, „კარვების ბანაკი“ ეწყობა, – ამბობს „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ბოლო ხუთი წელი ამ ბანაკის ორგანიზებას „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ ხელმძღვანელობდა. ამჯერად ბანაკი „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ და „შიდა ტურიზმის ცენტრის“ წარმომადგენელთა თანამშრომლობით მოეწყო.

„ერუდიტ ბანაკის“ ოთხი დღე დატვირთულია საინტერესო ინტელექტუალური, შემეცნებითი, სპორტული, სათავგადასავლო და გასართობი ღონისძიებებით.

ბანაკის წევრები ოთხ გუნდად დაიყვნენ – „მინიონები“, „იპონი“, „სმურფები“, „ფენიქსი“. ყოველდღიურად სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ თამაშებს ვატარებთ. ახალგაზრდები აქ არა მარტო ერთობიან, არამედ ცოდნას და ახალ უნარებს იძენენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორ გაანაწილონ სწორად თავისუფალი დრო, იღებენ ფილმებს და მართავენ პრეზენტაციებს.

მოვაწყვეთ რელიგიის საათი – ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა თომა (ლაცაბიძე) ახალგაზრდებს რელიგიურ თემაზე ესაუბრა“.

23 აგვისტოს ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ ბანაკის მონაწილე გუნდებს შორის ლიტერატურული კონკურსში ჩაატარა. მანვე ახალგაზრდებს რამდენიმე გამოჩენილი ხარაგაულელის ისტორია უამბო და აღნიშნა, რომ საქართველოში უნიკალურია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარცხნალი, სადაც 40 პროფესორი და 4 აკადემიკოსი დაიბადა და აღიზარდა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე) ექიმი-პროფილაქტიკოსი მაკა გელაშვილი ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან ყურადღება ალკოჰოლის, თამბაქოსა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენაზე გაამახვილა.

23 აგვისტოს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ბანაკის მონაწილეებთან ღონისძიება „თეატრის საათი“ გამართა.

გუნდ „იპონის“ ლიდერი თეონა ჭიპაშვილი ამბობს: „ერუდიტ ბანაკი“ გამორჩეულია ყველა იმ ბანაკისგან, რომლებშიც სხვადასხვა დროს ვმონაწილეობდი. ყველა ბანაკიდან განსახვავებული ემოციით ვბრუნდები ხოლმე. ბანაკი არის საუკეთესო შესაძლებლობა ახალი ადამიანების გაცნობის, საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენა-განვითარებისთვის.

ბანაკში უფრო მეტად აქტიურები და კომუნიკაბელურები ვხდებით. ვფიქრობ, ეს ოთხი დღე ბანაკის მონაწილეებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“.

ნინო ტალახაძე ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მას განსაკუთრებით ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობები მოსწონს. „ასეთ ბანაკებში ვსწავლობთ ურთიერთობებს, ვძლევთ შიშებსა და კომპლექსებს, წარმოვაჩენთ საკუთარ შესაძლებლობებს“.

„ეს ბანაკი ჩემთვის მოტივაციის მომცემია, – ამბობს ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე ზურა თაბუკაშვილი, – სახალისო აქტივობები ახალგაცნობილ თანატოლებთან ურთიერთობებში მეხმარება. აქ ძალიან კარგი გარემოა. რაც მთავარია, ბანაკის ყველა მონაწილე ძალიან ბედნიერია“.

სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე პავლე ხომასურიძე მოხარულია, რომ ინტელექტუალური თამაშებით ცოდნას და გამოცდილებას იძენს. მას კარვებში ცხოვრება მოსწონს. „კარგია, რომ ნაკლებ დროს ვუთმობთ ტელეფონში თამაშებს და ერთმანეთთან ცოცხალი ურთიერთობები გვაქვს“, – ამბობს პავლე.

25 აგვისტოს „ერუდიტ ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიებაზე აქტიური მონაწილეები დაჯილდოვდებიან.

ბორში „ერუდიტ ბანაკის“ მოწყობა „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ბიუჯეტიდან ფინანსდება და სავარაუდოდ, 10 ათას ლარამდე ოდენობით თანხა გაიხარჯება. ამ თანხით შეძენილია სალაშქრო ინვენტარი (საძილე ტომრები, საძილე ლეიბები, გასანათებელი მოწყობილობები), ბანაკის მონაწილეებისთვის მაისურები, საკანცელარიო ნივთები, აფიშა; ასევე დაფინანსებულია ბანაკის მონაწილეთა კვება და ტრანსპორტირება.

„ერუდიტ ბანაკის“ ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.