სიღარიბის დაძლევა საქართველოში სერიოზული გამოწვევაა. საკითხი განსაკუთრებულად მწვავეა იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები სიღარიბეში ცხოვრობენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2023 წელს განხორციელებული „ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა“ გვიჩვენებს, რომ ბავშვების 5.6% ყოველდღიურად ვერ იღებს ხილსა და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები. ამავე კვლევის თანახმად, ხორციანი ან მისი ეკვივალენტური ვეგეტარიანული საკვების ყოველდღიურად მიღება ბავშვების 24.4%-ს არ შეუძლია, ბავშვის ასაკის შესაბამისი სათამაშოები 31.2%-ს არ აქვს.
„გაეროს ბავშვთა ფონდის“ გამოკვლევაში 1279 რესპონდენტი მონაწილეობდა. ინფორმაცია შეგროვდა 2438 ბავშვზე.
ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რამდენიმე ახალი ტანსაცმელი, ორი წყვილი ფეხსაცმელი, ნედლი ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ქათამი, თევზი ან მათი ვეგეტარიანული ეკვივალენტი ყოველდღიურად; თავისი ასაკის შესაფერისი წიგნები სახლში, გასართობი მოწყობილობები ღია ცის ქვეშ, ოთახის სათამაშოები და სხვ. გაეროს ბავშვთა კვლევის მიხედვით, ამ ჩამონათვალიდან, საქართველოში ბავშვების 37.8%-სთვის ოჯახები ვერ უზრუნველყოფენ სამ ან მეტ საჭიროებას. სოფელში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტი რამ აკლიათ (47.1%), ვიდრე ქალაქელებს (31.2%).
მესამე წელია, ხარაგაულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი დიანა (ნათია) ლაშხი ორი შვილით ნათესავთან ცხოვრობს. წლების განმავლობაში ის არასათანადო პირობებში იმყოფებოდა. დიანას ოჯახის შემოსავალი – სოციალური დახმარება, ჯგუფის პენსია და ხელფასი, – სულ 600 ლარია. ის ამბობს, რომ ამ თანხის ყველა საჭიროებისთვის განაწილება უჭირს.
დიანამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რამდენიმე თვეა, ექიმთან უფულობის გამო ვეღარ წაიყვანა. ქუთაისამდე ტაქსის დაქირავება 80 ლარი ღირს. შვილს ყოველდღიურად მედიკამენტები და პამპერსი სჭირდება. ეს კი მარტოხელა დედისთვის ძნელია.
სახლი, რომელშიც დიანა ცხოვრობდა, ავარიულია. ამიტომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების რჩევით, ისინი საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდნენ.
ნათესავის სახლში შვიდი სული ერთად ცხოვრობს. აუცილებელია, დიანას საცხოვრებელი მალე მოწესრიგდეს და მან შვილებთან ერთად ნორმალურ პირობებში იცხოვროს. დიანას სახლში შესაცვლელია კარ-ფანჯარა, იატაკი, ჭერი. ახალგაზრდა დედას არც ავეჯი აქვს და არც საკმარისი საწოლები. სახლში შესაყვანია წყალი, დენი, ბუნებრივი აირი.
30 წლის ქალის ოცნებაა, რომ საკუთარ სახლში შვილებთან ერთად მშვიდად იცხოვროს.
დიანას ეამაყება უმცროსი შვილის სპორტული წარმატებები. 10 წლის ბიჭს ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა და გამორჩეულ ფიგურებს ხატავს. მის ნიჭიერებაზე მასწავლებლებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ პედაგოგებისგან და თანატოლებისგან ბავშვს ყურადღება არ აკლია, თუმცა მთავარი მაინც ოჯახური გარემოა.
დიანა ლაშხი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახლის მოსაწესრიგებლად ფულად დახმარებას დაჰპირდა.
რა სახის დახმარებაა გათვალისწინებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოჯახებისთვის, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები არასათანადო პირობებში ცხოვრობენ, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ნანა კიკნაძეს და ამავე სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსს თეა ბერიძეს მივმართეთ.
„2022 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთა დახმარების ქვეპროგრამა მოქმედებს, – ამბობს ნანა კიკნაძე, – 2024 წლიდან ამ პროგრამის დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერიც გამოიყო – 40 ათასი ლარი.
ფინანსური დახმარება მრავალმხრივია და კონკრეტული ოჯახის საჭიროების მიხედვით გაიცემა. თითოეულ ბავშვზე დგება ინდივიდუალური გეგმა, სადაც იწერება, თუ რა სახის მომსახურება სჭირდება და ჩვენ რა დახმარების გაწევა შეგვიძლია. ძირითადად გამოკვეთილია – მნიშვნელოვნად არასათანადო საცხოვრებელი პირობები. ჩვენმა სამსახურმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 30-მდე ასეთი ოჯახი მოვიკვლიეთ. ეტაპობრივად ყველას ვეხმარებით“.
რამდენად საკმარისია არასრულწლოვანთა ოჯახის დასახმარებლად განსაზღვრული თანხა, „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ნანა კიკნაძე გვპასუხობს:
„გასულ წელს არასრულწლოვანთა დახმარების ქვეპროგრამაში 50 ათ. ლარი იყო გათვალისწინებული, მიმდინარე წელს 40 ათ. ლარია. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ერთ ოჯახს, წლის განმავლობაში, ამ პროგრამით 2 ათას ლარზე მეტი თანხით ვერ ვეხმარებით.
ეს არ მომწონს და ჩვენმა მუშაობამაც აჩვენა, რომ 2 ათასი ლარი, ზოგჯერ არასაკმარისია. თუმცა, ოჯახს შემდეგ სხვა მუნიციპალური პროგრამებიდან ვუჭერთ მხარს. თანხა, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს,მაგრამ თუ საჭიროებისდა მიხედვით გაიხარჯება, მომდევნო წელს კიდევ დავეხმარებით.
ოჯახს წელს ერთ პრობლემას მოვუგვარებთ, მომავალში მეორეს და ა.შ., სანამ დამაკმაყოფილებელი შედეგი არ მიიღწევა“.
„დიანა ლაშხის ოჯახთან და მის არასრულწლოვან შვილებთან მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა ისინი საკუთარ სახლში ცხოვრობდნენ, – ამბობს თეა ბერიძე, – იმ სახლში ცხოვრება არ შეიძლებოდა. ამიტომ ისინი ნათესავთან გადავიყვანეთ. ნათესავი მათ მეურვეობას უწევს. იურიდიული პროცედურები იყო მოსაგვარებელი, რომ დიანას სახლი საკუთრებაში დაემტკიცებინა.
მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით იმ სახლის მოწესრიგებას ვერ შევძლებთ. დიანას დედა ეხმარება და ერთობლივი ძალებით 2024 წლის ბოლომდე სახლს გავამაგრებთ და ორ ოთახს მოვაწესრიგებთ“.
„სოციალური პროგრამებიდან ყველას ვეხმარებით, ვინც კი ადგილობრივ ხელისუფლებას მოგვმართავს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე, – თუმცა ეს დახმარება ზღვაში წვეთია.
ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მართალია, ხარაგაულის ხელისუფლების ზოგიერთ წევრს მიაჩნია, აქ არც ერთ ბავშვს არ შია, მაგრამ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვებს ნამდვილად ბევრი რამ აკლიათ. ამიტომ გვინდოდა, რომ პირველ კლასში მაინც დანერგილიყო უფასო სასკოლო კვება. სოციალური დახმარება არასაკმარისია იმისთვის, რომ ბავშვს საჭირო კალორიულობის საკვები შეუძინო, კომუნალური გადასახადები გადაიხადო და სხვა პრობლემები მოაგვარო.
სოციალურად დაუცველი ოჯახების სიღარიბის დასაძლევად სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, დედებს პროფესიები უნდა შევასწავლოთ, რითაც ისინი სტაბილურ შემოსავალს მიიღებენ. ერთჯერადი დახმარება არ არის ეფექტური და ოჯახის გრძელვადიან საჭიროებებს ვერ აგვარებს.
სოფლებში, როცა მინი ხის საწარმოები ფუნქციონირებდა, ერთი ოჯახი რამდენიმე თანასოფლელს ასაქმებდა. მას შემდეგ, რაც სამასალე ხე-ტყის მოპოვება აიკრძალა, სოფლებში ოჯახებს ძალიან გაუჭირდათ.
საკრებულოს სხდომებზე მუდმივად ვსაუბრობ, რომ შევამციროთ საწვავის, რესტორნის, მივლინების ხარჯები და არასრულწლოვანთა დახმარების პროგრამას მივამატოთ.
ბავშვი რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, პირველ რიგში, მისი მშობლები უნდა იყვნენ კარგად, რომ შვილების განვითარებაზე ზრუნვა შეძლონ. სხვაგვარად ოჯახების კეთილდღეობა გამორიცხულია“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი