რამდენი დღეა, ვცდილობ, ნოდარზე დავწერო. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა… მასზე წარსულში საუბარი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.
არადა, რამდენი რამ მაქვს სათქმელი ადამიანზე, რომელიც ურთიერთობების განსაკუთრებულ ნიჭს ფლობდა; ადამიანზე, რომელიც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე შემხვდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემი (და არა მარტო) ცხოვრებისეული და მსოფლმხედველობითი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე.
იმ დღეებში ნოდარის მეგობრები წერდნენ, როგორი გამორჩეული თვისებების მატარებელი იყო, როგორ რჩებოდა ყოველთვის ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული; მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული, თავისუფლებისმოყვარე, დიდი კაცი თავისი მიამიტური და ბავშვური გულით. ასეთი იყო ნოდარი ჩვენთვის, – მისი თანამოაზრეებისა და მეგობრებისთვის. ეს თვისებები გამოარჩევდა მას პროფესიულ და საჯარო საქმიანობაშიც.
ნოდარი დაგვაკლდა ყველას – მის კეთილშობილ ოჯახს, დედმამიშვილებს, დიდ სანათესაოსა და საახლობლოს, დააკლდა ხარაგაულს, რადგან არასოდეს უცხოვრია მისგან დისტანცირებულად და რა თქმა უნდა, გამოაკლდა ქვეყნის მომავალზე მოფიქრალ ადამიანთა რიგებს.
ის ხომ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა. მუდამ პროგრესულად მოაზროვნე, გასაოცარი ენთუზიაზმით და ენერგიით შეეჭიდებოდა ხოლმე საქმეს. გამარჯვება მისთვის განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა იყო, დამარცხება კი, ხელახალი შესაძლებლობა ბრძოლისა და შრომისათვის.
რთული და მძიმეა ამ ქაოსურ სამყაროში ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მით უმეტეს, ნოდარ ებანოიძის მსგავსი თანამოაზრის, უფროსი მეგობრის; ადამიანის, რომელთან ურთიერთობაც პროფესიულთან ერთად დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გძენდა.
ნოდართან ურთიერთობით მუდმივად სწავლობდი, ვითარდებოდი, იზრდებოდი როგორც ადამიანი და პირველ რიგში ყველაზე ღირებულ, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას ეუფლებოდი. სწავლობდი ურთიერთობებს, რომლებიც ყოველგვარი რეგალიებისა და სოციალური სტატუსებისაგან თავისუფალი იყო.
სამყარო ხომ ისეა მოწყობილი, ხან რაღაცაში გიმართლებს და ხან ვერა. მე კი მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამართლებაა, როცა ცხოვრება კარგ ადამიანებს შეგახვედრებს. ჩვენ, ვისაც ნოდარ ებანოიძესთან საქმიანობისა და ურთიერთობის შესაძლებლობა მოგვეცა, ძალიან გაგვიმართლა. მასთან თანამოაზრეობა ერთგვარ ორიენტირად იქცა ჩვენთვის, მისი თანაგუნდელებისათვის – როგორ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი დავრჩეთ.
მაშინაც კი, როცა ყველაზე ვერაგ დაავადებას ებრძოდა, განუსაზღვრელ სევდასა და ტკივილს ატარებდა, მხნეობის, სიცოცხლის სიყვარულისა და ბრძოლის ნამდვილ მაგალითს იძლეოდა. შემთხვევითი არ იყო ალბათ, რომ მისი ახალგაზრდული წლები, ბევრი გამოწვევითა და სირთულით, სწორედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-წლიანი პერიოდის თანაზიარი იყო.
ბოლო მიმოწერაც, გარდაცვალებამდე რამოდენიმე საათით ადრე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვქონდა და როგორც სჩვეოდა, იმედიანი და ოპტიმისტური იყო. თავისუფლებისმოყვარე, მუდმივად ბობოქარი პროცესების მონაწილე სხვებშიც ამ თვისებებს გამოარჩევდა.
ძალზე ხიბლავდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. შეეძლო მათგანაც ბევრი მიეღო, რაც განსაკუთრებულად საინტერესოს ხდიდა მასთან თანამშრომლობას. მის გარშემო ყოველთვის საინტერესო ადამიანები იყრიდნენ თავს; ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდნენ.
დაუზარელი, ენერგიული, მუდამ ოპტიმიზმით სავსე, პროგრესული ადამიანი – ასეთად დარჩება ჩვენს გულებში ნოდარ ებანოიძე.
მადლობა ნოდარ! მადლობა ყველაზე შინაარსიანი და ნაყოფიერი წლებისთვის; საქმის, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებისათვის.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის და თქვენც ჩვენს გვერდით იქნებით ისეთივე შეუპოვრობითა და შემართებით, როგორც ეს თქვენ გჩვეოდათ. მერე კი, ალბათ, ოდესმე, ვალმოხდილები შევხვდებით ერთმანეთს ზეციურ საქართველოში.
ინგა მაღრაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი