ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობს. ამ დოკუმენტში უნდა აისახოს ის მიმართულებები, რომელთა განვითარება მუნიციპალიტეტსა და აქ მცხოვრებ მოსახლეობას სარგებელსა და შემოსავალს მოუტანს, გააძლიერებს ეკონომიკას და თითოეულ ოჯახს.
დოკუმენტში აისახება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები.
მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის სამუშაო ვარიანტის პირველი საჯარო განხილვა 29 მაისს ხარაგაულის ბიბლიოთეკაში შედგა. შეხვედრას საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანიის (PMCG) კონსულტატი პაატა კლდიაშვილი, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ინგა ლურსმანაშვილი და ამავე სამსახურის ეკონომიკის განყოფილების უფროსი როინი გელაშვილი უძღვებოდნენ.
ინგა ლურსმანაშვილის თქმით, ეს დოკუმენტი მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, მეილებზე დაეგზავნათ ხარაგაულში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებს და წინადადებების მიწოდების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.
თუმცა, როგორც შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქეებმა აღნიშნეს, ფართო საზოგადოება, მოქალაქეები, დაინტერესებული პირები არც ამ შეხვედრისა და არც დოკუმენტის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. მერიას ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულისთვის“ არ მოუწოდებია.
სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მრეწველობა, ვაჭრობა – ამ დარგების განვითარებაა მიჩნეული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში პრიორიტეტად. იქვე აღნიშნულია, რომ მცირემიწიანობა და თანამედროვე ტექნიკაზე ხელმიუწვდომლობა სოფლის მეურნეობაში მცირე მოსავლიანობას იწვევს. გასაუმჯობესებელია მდგომარეობა სპორტის, ტურიზმისა და სხვა გასართობი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ასათვისებელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრეები.
შეხვედრაზე მყოფმა კიცხში მცხოვრებმა მეღვინე შმაგი ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმი ვერ განვითარდება ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწყობის გარეშე. მისი ინფორმაციით, ოთხი წელია, კიცხში, ავალიშვილების უბანში 200-მეტრიანი გზის მოწყობას ითხოვს, არაერთხელ შეხვდა მუნიციპალიტეტის მერს, მისგან დაპირებაც მიიღო, თუმცა, ამაოდ. უგზოობის გამო შმაგი ავალიშვილმა წელს ტურისტებს თავის მარანში მიღებაზე უარი უთხრა. მან ასევე ისაუბრა ავალიშვილების უბანში გარე განათებისა და წყლის პრობლემაზე.
„მაინტერესებს, რის მიხედვით დგება პრიორიტეტები, – ამბობს შმაგი ავალიშვილი, – გზა, პირველ რიგში უნდა დაიგოს იმ უბანში, სადაც ტურისტული ობიექტია, ან ბევრი მოსახლეა. ავალიშვილების უბანი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. რატომ ვერ მოგვარდა ეს პრობლემა, ამდენი წლის განმავლობაში, ვერ ვხდები.“
მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე ამბობს, რომ კიცხში ავალიშვილების უბნის გზის რეაბილიტაციისთვის ხარჯთაღრიცხვა და პროექტირება უახლოეს დღეებში დაიწყება. თუმცა, ზუსტი ვადა, წელს მოხერხდება თუ არა გზის ამ მონაკვეთის აღდგენა, ვერ დაასახელა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს, რის შემდეგ რა პრობლემა უნდა მოგვარდეს, – ამბობს ხარაგაულში მცხოვრები ინგა მაღრაძე, – ყველაფრის ერთდროულად გადაჭრა ვერ მოხერხდება. თითოეული სფეროს წარმომადგენელმა იცის თავისი საჭიროებები. მიმაჩნია, რომ დღემდე სერიოზული გამოწვევაა სოფლების წყალმომარაგება“.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდების გადინებასა და მიგრაციის გაზრდაზე ისაუბრეს. მარინე ვეფხვაძის თქმით, შესაძლოა, მალე სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები აღარ ჰყავდეთ, რადგან ხარაგაულელი ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ აქ აღარ ბრუნდებიან. იგივე პრობლემა აქვს ხარაგაულის სახალხო და თოჯინების თეატრს.
რას ვახვედრებთ ტურისტს, რომელიც ხარაგაულში ჩამოსვლას გადაწყვეტს – ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც შეხვედრაზე დაისვა. ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარ ხარაგაულში არ გვაქვს შემუშავებული ის მარშრუტები, რომელსაც ტურისტებს შევთავაზებთ, მუნიციპალიტეტში სასტუმროების სიმცირეა.
კალათბურთის მწვრთნელი ბექა ბანცაძე ამბობს, რომ ხარაგაულს აქვს სპორტული ტურიზმის განვითარების კარგი შესაძლებლობა. ზაფხულობით „ქუჩის კალათბურთზე“ უამრავი ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის. მისი თქმით, ხარაგაულში, სწორი დაგეგმვის პირობებში შეიძლება „სპორტული ფესტივალის“ ჩატარება. „უბრალოდ, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა დარგის პროფესიონალებს უნდა მოუსმინონ“, – ამბობს ბექა.
საერთაშორისო თეატრალური და მუსიკალური ფესტივალის ჩატარების იდეა აქვს რეჟისორ ირინე ჩხეიძეს.
„ძალიან კარგია, რომ დღეს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, პრიორიტეტები, და გამოწვევები განვიხილეთ, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს პაატა კლდიაშვილმა, – თქვენი წინადადებები წერილობით ინგა ლურსმანაშვილს უნდა მიაწოდოთ. საზოგადოებისგან მიღებული ინფორმაცია გადამუშავდება და დოკუმენტის სახეს მიიღებს. სამუშაო ჯგუფი პრიორიტეტებს განსაზღვრავს და მომდევნო თვეში კიდევ ერთი საჯარო შეხვედრა გაიმართება.“
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი მიიღო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი